ეპიზოდური მეხსიერება

ეპიზოდური მეხსიერებამეხსიერება იმ ავტობიოგრაფიული მოვლენებისა (დრო, ადგილი, ასოცირებული ემოციები და სხვა კონტექსტური ვინ, რა, როდის, სად, რატომ ცოდნა), რომელთა მტკიცებაცა და მეხსიერებაში აღდგენაც ნათლად და გასაგებად შეიძლება. იგი არის კონკრეტულ დროსა და ადგილას მომხდარი წარსული პირადი გამოცდილებების კრებული. მაგალითად, თუკი რომელიმე ადამიანი გაიხსენებს, მის მე-6 დაბადების დღეზე რომელი პარტია იყო მთავრობის სათავეში, ეს ეპიზოდური მეხსიერების გამოვლინება იქნება. იგი საშუალებას აძლევს ინდივიდს, რომ დროში უკან იმოგზაუროს და გაიხსენოს ის მოვლენა, რომელიც კონკრეტულ დროსა და ადგილას მოხდა.[1]

სემანტიკური მეხსიერება ეპიზოდურ მეხსიერებასთან ერთად განეკუთვნება დეკლარაციული მეხსიერების კატეგორიას, რომელიც ერთ-ერთია მეხსიერების ორი მთავარი განყოფილებიდან — მეორეა იმპლიციტური მეხსიერება.[2] ტერმინი „ეპიზოდური მეხსიერება“ პირველად 1972 წელს გამოიყენა ენდელ ტულვინგმა. იგი ცდილობდა, მიეთითებინა ცოდნასა და გახსენებას შორის განსხვავებაზე. ცოდნა არის უფრო ფაქტობრივი (სემანტიკური), მაშინ, როდესაც გახსენება არის გრძნობა, რომელიც მოთავსებეულია წარსულში (ეპიზოდური).[3]

ტულვინგმა გამოყო ეპიზოდური მეხსიერების გახსენების სამი ძირითადი მახასიათებელი. ესენია დროის სუბიექტური შეგრძნება (ანუ დროში მენტალური მოგზაურობა), "მე"-სთან დაკავშირება და ავტონოეტური ცნობიერება. ეს უკანასკნელი მიემართება ცნობიერების განსაკუთრებულ სახეს, რომელიც თან ახლავს გახსენების პროცესს და აძლევს ინდივიდს საშუალებას, რომ სუბიექტურ დროში მოახერხოს საკუთარი თავის გაცნობიერება. ტულვინგის გარდა, სხვებმა დაასახელეს გახსენების მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მოიცავს ვიზუალურ ხატს, თხრობით სტრუქტურას, სემანტიკური ინფორმაციის აღდგენასა და ნაცნობობის შეგრძნებას.[4]

ეპიზოდურ მეხსიერებაში ჩაწერილმა მოვლენებმა შესაძლოა, აამოქმედოს ეპიზოდური დასწავლა, ანუ რაიმე მოვლენის შედეგად ქცევაში ცვლილება.[5][6] მაგალითად, ძაღლისაგან მიღებული ნაკბენის შემდეგ ძაღლების შიში ეპიზოდური დასწავლის შედეგია.

ეპიზოდური მეხსიერების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია გახსენების პროცესი. გახსენება არის პროცესი, რომელიც იწვევს იმ კონტექსტური ინფორმაციის აღდგენას, რომელიც მიემართება წარსულში მომხდარ კონკრეტულ მოვლენასა თუ გამოცდილებას.

ცხრა თვისება

რედაქტირება

არსებობს ცხრა ძირითადი მახასიათებელი, რომლებიც ეპიზოდურ მეხსიერებას სხვა ტიპის მეხსიერებებისგან განასხვავებს. სხვა ტიპის მეხსიერებებიც შეიძლება ფლობდნენ მათგან რამდენიმეს, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდურ მეხსიერებას ახასიათებს ცხრავე მათგანი:[7]

  1. შეიცავს სენსორულ-პერცეფციულ-კონცეპტუალურ-აფექტური პროცესის შემაჯამებელ მონაცემებს.
  2. აკავებს აქტივაციის/ინჰიბიციის პატერნებს დიდი ხნის განმავლობაში.
  3. ხშირადაა წარმოდგენილი (ვიზუალური) ხატების ფორმით.
  4. ყოველთვის აქვს პერსპექტივა (სფერო ან დამკვირვებელი).
  5. შეიცავს გამოცდილების ხანმოკლე ფრაგმენტებს.
  6. დროით განზომილებაში წარმოდგენილია ზუსტად მომხდარი თანმიმდევრობის მიხედვით.
  7. სწრაფ დავიწყებას ექვემდებარება.
  8. ის ხდის ავტობიოგრაფიულ მახსოვრობას კონკრეტულს/სპეციფიკურს.
  9. წვდომის შემთხვევაში ის კვლავ თავიდან განიცდება.

კოგნიტიური ნეირომეცნიერება

რედაქტირება

ეპიზოდური მეხსიერების ფორმირებისათვის საჭიროა შუა საფეთქლის წილი, სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ჰიპოკამპსაც. შუა საფეთქლის წილის გარეშე ადამიანს შეუძლია ახალი პროცედურული მოგონებების ფორმირება (მაგალითად, პიანინოზე დაკვრის სწავლა), თუმცა არ შეუძლია იმ მოვლენების გახსნება, რომელთა განმავლობაშიც ისინი ჩამოყალიბდა (იხილეთ ჰიპოკამპი და მეხსიერება).

შუბლისწინა ტვინის ქერქი (და, კერძოდ, მარჯვენა ნახევარსფერო) ასევე ჩართულია ახალი ეპიზოდური მოგონებების ფორმირებაში (ასევე ცნობილია, როგორც ეპიზოდური კოდირება). პაციენტებს, რომელთაც დაზიანებული აქვთ შუბლისწინა ტვინის ქერქი, შეუძლიათ ახალი ინფორმაციის დასწავლა, მაგრამ — არეული თანმიმდევრობით. მაგალითად, მათ შეიძლება, ჩვეულებრივად ამოიცნონ საგანი, რომელიც წარსულში უნახავთ, მაგრამ ვერ გაიხსენონ როდის ან სად ნახეს იგი[8]. ზოგი მკვლევრის აზრით, შუბლისწინა ტვინის ქერქი მონაწილეობს ინფორმაციის მოწესრიგებაში მისი უფრო ეფექტურად შენახვის მიზნით, რაც ემყარება მის აღმასრულებელ ფუნქციას. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ შუბლისწინა ტვინის ქერქი საფუძველია იმ სემანტიკური სტრატეგიებისა, რომლებიც ხელს უწყობს კოდირებას, მაგალითად, სასწავლი მასალის მნიშვნელობაზე ფიქრი ან მისი გამეორება სამუშაო მეხსიერებაში.[9]

მკვლევრები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენი ხნით ინახება ეპიზოდური მოგონებები ჰიპოკამპში. ზოგი მკვლევრის აზრით, ეპიზოდური მოგონებები ყოველთვის ეყრდნობა ჰიპოკამპს. ზოგის აზრით კი ჰიპოკამპი მხოლოდ ცოტა ხნით ინახავს ეპიზოდურ მოგონებებს, რის შემდეგაც მოგონებები მყარდება ნეოკორტექსში. ამ უკანასკნელ შეხედულებას ადასტურებს ასევე ბოლოდროინდელი მტკიცებულება, რომ ზრდასრული ადამიანის ჰიპოკამპში ნეიროგენეზმა შესაძლოა, გააადვილოს ძველი მოგონებების მოშორება და გაზარდოს ახალი მოგონებების ფორმირებისათვის საჭირო ეფექტურობა.[10]

სემანტიკურ მეხსიერებასთან კავშირი

რედაქტირება

ენდელ ტულვინგმა თავდაპირველად ეპიზოდური მეხსიერება აღწერა, როგორც ადამიანის გამოცდილების მონაცემი, რომელიც შეიცავდა დროის მიხედვით დალაგებულ ინფორმაციასა და სივრცულ-დროით კავშირებს.[11] ეპიზოდური მეხსიერების მახასიათებელი, რომელსაც ტულვინგი მოგვიანებით მიუბრუნდა, ისაა, რომ იგი საშუალებას აძლევს პირს, წარმოიდგინოს დროში უკან მოგზაურობა.[12] მიმდინარე სიტუაციამ შესაძლოა, გამოიწვიოს წარსულში მომხდარი ეპიზოდის აღდგენა იმგვარად, რომ წარსულში მომხდარი ეპიზოდის კონტექსტი თავიდან განიცდება მოცემულ მომენტში. სუბიექტს ეძლევა საშუალება, რომ წარსული შეგრძნებების ახლანდელ სიტუაციებთან ასოცირება მოახდინოს. სემანტიკური მეხსიერება, მეორე მხრივ, არის იმ ფაქტების, კონცეფციებისა და უნარების სტრუქტურული ჩანაწერი, რომელთაც უკვე ფლობს ადამიანი. სემანტიკური ინფორმაცია წარმოიშვება აკუმულირებული ეპიზოდური მეხსიერებისაგან. ეპიზოდური მეხსიერება შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც „რუკა“, რომელიც თავს უყრის სემანტიკური მეხსიერების ნაწილებს. მაგალითად, „ძაღლის“ გარეგნობისა და ხმის შესახებ ყველა მონაცემი ამ სიტყვის სემანტიკურ წარმოდგენას შეადგენს. ძაღლის შესახებ ყველა ეპიზოდური მოგონება კი მიესადაგება „ძაღლის“ ერთადერთ სემანტიკურ წარმოდგენას და, შესაბამისად, ძაღლთან ურთიერთობის ყველა ახალი გამოცდილება რაღაცგვარად შეცვლის იმ ძაღლის ერთადერთ სემანტიკურ წარმოდგენას.

სემანტიკური და ეპიზოდური მეხსიერება ერთად შეადგენს დეკლარაციულ მეხსიერებას.[13] თითოეული მათგანი კონტექსტის განსხვავებულ ნაწილს წარმოადგენს, რათა ბოლოს დასრულებული სურათი შეიქმნას. იმას, რამაც შეიძლება, დააზიანოს ეპიზოდური მეხსიერება, აგრეთვე შეუძლია, დააზიანოს სემანტიკური მეხსიერებაც. მაგალითად, ანტეროგრადული ამნეზიის დროს, შუა საფეთქლის წილის დაზიანების შედეგად, ხდება დეკლარაციული მეხსიერების გაუარესება, რაც გავლენას ახდენს როგორც ეპიზოდურ, ასევე სემანტიკურ მეხსიერებაზე.[14] თავდაპირველად ტულვინგმა ივარაუდა, რომ ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერებები იყო ცალკეული სისტემები, რომლებიც აღდგენაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ეს თეორია უარყვეს, როდესაც ჰოვარდმა და კაჰანამ ჩაატარეს ექსპერიმენტი ლატენტური სემანტიკური ანალიზის (LSA) შესახებ, რაც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. დროითი ასოციაციების სიმძლავრეში შემცირების დროს სემანტიკური მსგავსებების ზრდის ნაცვლად, ეს ორი მეხსიერება მუშაობდა ერთად იმგვარად, რომ სემანტიკური სტიმული აღდგენაზე ყველაზე ძლიერი მაშინ იყო, როდესაც ეპიზოდური სტიმულიც ძლიერი იყო.[15]

ასაკობრივი განსხვავებანი

რედაქტირება

ეპიზოდური მეხსიერება ჩნდება დაახლოებით 3-დან 4 წლამდე.[16] თავის ტვინი კონკრეტული ნაწილების გააქტიურება (უმეტესად ჰიპოკამპი) ეპიზოდური მეხსიერების აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, განსხვავდება უფრო ახალგაზრდა (23-29 წლის) და ასაკოვან (67-80 წლის) ადამიანებში.[17] ასაკოვანი ადამიანების ტვინში აქტიურდება ჰიპოკამპის ორივე — მარჯვენა და მარცხენა მხარე, როდესაც ახალგაზრდებში — მხოლოდ მარცხენა ნაწილი.

ემოციებთან კავშირი

რედაქტირება

ემოციებსა და მეხსიერებას შორის კავშირი კომპლექსურია, მაგრამ, ზოგადად, ემოცია ზრდის ალბათობას, რომ კონკრეტული მოვლენა დამახსოვრებულ და შემდგომ ცხადად გახსნებული იქნება. იმპულსური მეხსიერება არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმპულსური მეხსიერების შეიძლება იყოს შემდეგი: ოჯახის წევრის გარდაცვალება სწორედ იმ შობის დროს, რომელზეც ზუსტად ის სათამაშო მივიღეთ, რომელიც ბავშვობაში გვსურდა. ეს გამოცდილება ატარებს ისეთ ემოციურ მნიშვნელობას, რომ იგი აბსოლუტურად ცხადად და ნათლად არის კოდირებული, თითქმის თვალწინ გვიდგას სრული კადრები. მიუხედავად ამისა, იმპულსური მეხსიერების სიცხადის დამოკიდებულება ემოციური გამოცდილების შედეგად მომხდარ ვირტუალურ „იმპულსზე“ სადავო თემაა. იმპულსური მოგონებები შეიძლება, იყოს სწორედ შედეგი ჩვენი მიდრეკილებისა, რომ მოვიგონოთ და თავიდან წარმოვიდგინოთ ის ემოციური მოვლენები, რომლებიც აძლიერებს მოგონებას <McCloskey, Wibble & Cohen, 1988>.

ფარმაკოლოგიური გაუმჯობესება

რედაქტირება

ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანებში გრძელვადიანი მხედველობითი ეპიზოდური მეხსიერება შესაძლოა, გაუმჯობესდეს[18] აცეტილქოლინ ესთერაზა შემაკავებლის — დონეპეზილის გამოყენებით, მაშინ როდესაც ვერბალური ეპიზოდური მეხსიერება, val158met პოლიმორფიზმის val/val გენოტიპის მქონე ადამიანებში შესაძლოა, გაუმჯობესდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამოვლენადი კათექოლამინ-ო-მეთილტრანსფერაზა შემაკავებლის — ტოლკაპონეს გამოყენებით.[19] გარდა ამისა, ეპიზოდური მეხსიერება უმჯობესდება AZD3480-ის მეშვეობით, რაც წარმოადგენს ნეირონული alpha4beta2 ნიკოტინური რეცეპტორის შერჩევით აგონისტს, რომელიც მზადდება კომპანია ტარგაცეპტის მიერ.[20] ამჟამად არსებობს რამდენიმე კომპანიის მერ შექმნილი სხვა პროდუქტებიც — ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე ახალი ცატექოლამინ-ო-მეთილტრანსფერაზა შემაკავებლების ჩათვლით — რომლებიც გამიზნულია ეპიზოდური მეხსიერების გაუმჯობესებაზე. ბოლოდროინდელმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ დაადგინა, რომ DHEA, რომელიც წარმოადგენს ფუნქციური კორტიზოლის ანტაგონისტს, აუმჯობესებს ეპიზოდურ მეხსიერებას ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცებში (Alhaj et al. 2006).[21]

მაღალხარისხოვან მტკიცებულებათა მეტა-ანალიზმა 2015 წელს დაადასტურა, რომ ამფეტამინისა და მეთილფენიდატის სამკურნალო დოზებს ნორმალურ, ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანებში შეუძლიათ სამუშაო მეხსიერების, ეპიზოდური მეხსიერებისა და შემაკავებელი კონტროლის ტესტების ეფექტურობის გაზრდა.[22]

  • ბიჰევიორისტული კვლევების მიმოხილვაზე დაყრდნობით, აუტიზმის მქონე ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა, შერჩევითად იყოს დაზიანებული ლიმბურ-შუბლისწინა ეპიზოდური მეხსიერება.[23] სხვა კვლევა მიუთითებს აგრეთვე აუტისტური დეფიციტის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე პერსონალურად განცდილი მოვლენების ეპიზოდური ან თვით-ცნობიერი მახსოვრობის დროს.[24]
  • იარლიყი „ამნეზია“ ყველაზე უფრო ხშირად ენიჭებათ ისეთ პაციენტებს, რომელთა ეპიზოდური მეხსიერებაც ნაკლოვანია.
  • ალცჰაიმერის დაავადება ტვინის სხვა უბნებამდე, პირველ ყოვლისა, ჰიპოკამპს აზიანებს.
  • მოლუსკის მიერ მოწამვლის იშვიათი ტიპი, ამნეზიური მოწამვლა, იგივე "ASP", საკმაოდ ეფექტურად და შეუქცევადად აზიანებს ჰიპოკამპს და იწვევს ამნეზიას.
  • კორსაკოვის სინდრომი გამოწვეულია თიამინის (ვიტამინი B1) ნაკლებობით, რაც არის კვების დარღვევის ფორმა, რომელიც შესაძლოა, გამოწვეულ იქნას საკვებთან შედარებით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.
  • კორტიზოლის ჭარბი დონე (ინექციის შედეგად) იწვევს მნიშვნელოვან შეკავებას ავტობიოგრაფიული მოგონებების გახსენების დროს[25], რაც კავშირშია დეპრესიის დროს მეხსიერების დეფიციტთან.
  • MDMA-ის („ექსტაზი“) გამოყენება ასოცირდება ეპიზოდური მეხსიერების ქრონიკულ/მუდმივ დეფიციტთან.[26][27]

ეპიზოდური მეხსიერება ცხოველებში

რედაქტირება

ტულვინგმა (1983) ივარაუდა, რომ ეპიზოდური მეხსიერების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად ცნობიერი გახსების მტკიცებულება უნდა არსებულიყო. ენის არარსებობის პირობებში, ანუ ადამიანის გარდა სხვა ცხოველებში. ეპიზოდური მეხსიერების დემონსტრირება შესაძლებელია, რადგანაც ყველას მიერ აღიარებული ცნობიერი გამოცდილების არალინგვისტური ქცევითი ინდიკატორები არ არსებობს (Griffiths et at., 1999).

კლეიტონმა და დიკინსონმა ეს იდეა გამოწვევად მიიღეს დასავლურ ბუჩქის ჯაფარასთან (Aphelocoma californica) მუშაობის დროს. მათ შეძლეს, ეჩვენებინათ, რომ ეს ჩიტები შესაძლოა, ფლობდნენ ეპიზოდურის მსგავს მეხსიერების სისტემას, რადგანაც მათ ახსოვთ, თუ სად გადამალეს საკვების სხვადასხვა ტიპი და ისინი შერჩევით აჩენენ და მოიხმარენ მათ საკვების ფუჭებადობასა და გადამალვიდან გასულ დროზე დაყრდნობით. ამგვარად, ამ ჯაფარებს, როგორც ჩანს, ახსოვთ წარსული მარაგის გადამალვის შემთხვევების „რა-სად-როდის“ კონტექსტი. ავტორების მოსაზრებით, ამგვარი ქცევა შეესაბამება ეპიზოდური მეხსიერების ქცევით კრიტერიუმებს, მაგრამ დაასათაურეს იგი როგორც „ეპიზოდურის მსგავსი“, რადგანაც კვლევას არ გაუმახვილებია ყურადღება ეპიზოდური მეხსიერების ფენომენოლოგიურ ასპექტებზე.

ედინბურგის უნივერსიტეტის (2006) მიერ ჩატარებულ კვლევაში კოლიბრები იყვნენ პირველი ფრინველები, რომლებმაც გამოავლინეს ეპიზოდური მეხსიერების ორი ასპექტი — კონკრეტული ყვავილების ადგილმდებარეობისა და მათთან სტუმრობიდან გასული დროის გახსენების უნარი. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის მეხსიერება არსებობს ცხოველთა სხვადასხვა სახეობაში, მაგალითად, ძაღლებში,[28][29] ვირთხებში, ფუტკრებსა და პრიმატებში.

ცხოველების შესაძლებლობა, რომ მოახდინონ წარსული გამოცდილების კოდირება და აღდგენა, დამოკიდებულია შუა საფეთქლის წილზე — სტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს ასევე ჰიპოკამპს. ცხოველთა შემთხვევების კვლევის დროს გაკეთებული მნიშვნელოვანი აღმოჩენები უკავშირდება ეპიზოდურის მსგავსი მეხსიერებისათვის ტვინის ამ კერძო სტრუქტურის მნიშვნელობას. მაგალითად, ჰიპოკამპის დაზიანებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამივე კომპონენტზე (რა, სად და როდის) ცხოველებში, რაც არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ჰიპოკამპი პასუხისმგებელია ახალი მოგონებების ჩამოყალიბების დროს შემთხვევების, სტიმულისა და ადგილების გამოვლენასა და მათ შემდგომ გახსენებაზე.

მიუხედავად მსგავსი ნერვული არეებისა და ექსპერიმენტებიდან მიღებული მტკიცებულებებისა, ზოგიერთი მკვლევარი მაინც თავს იკავებს ადამიანურ ეპიზოდურ მეხსიერებასთან შედარებისას (Suddendorf & Busby, 2003). ეპიზოდურის მსგავსი მეხსიერება ხშირად მხოლოდ შემოსაზღვრულ სფეროს მოიცავს და შესაძლებელია, რომ აიხსნას პროცედურული ან სემანტიკური მეხსიერების ფარგლებში. პრობლემა შესაძლოა უფრო ადვილად მოგვარებადი იყოს ეპიზოდური მეხსიერების ადაპტური ნაწილის შესწავლით: მომავალი შემთხვევების დრეკადად წარმოდგენის უნარი. თუმცა, ერთ-ერთი უახლესი ექსპერიმენტი მიემართებოდა სწორედ სადენდორფისა და ბასბის (2003) კრიტიკას (ბიშოფ-კოლერის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ადამიანის გარდა სხვა ცხოველები გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ აწმყოში არსებული საჭიროებების და არა მომავალი მოთხოვნილებების მიხედვით). კორეირამ და მისმა კოლეგებმა აჩვენეს[30], რომ დასავლურ ბუჩქის ჯაფარას შეუძლია, შერჩევითად გადამალოს საკვების განსხვავებული ტიპები იმის მიხედვით, თუ მომავალში რომელი მათგანი მოუნდება, რაც საკმაოდ მყარი მტკიცებულებაა ბიშოფ-კოლერის ჰიპოთეზის წინააღმდეგ და აჩვენებს, რომ ბუჩქის ჯაფარას შეუძლია, დრეკადად დაგეგმოს საკუთარი ქცევა კონკრეტულ საკვებთან დაკავშირებული წარსული გამოცდილების საფუძველზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანებსა და სხვა ცხოველებს შორის მსგავსებები და განსხვავებები დღეს ცხარე დებატების თემაა.[31]

ავტობიოგრაფიული მეხსიერება

რედაქტირება

ავტობიოგრაფიული მეხსიერება არის ზოგადი ან კონკრეტული მოვლენებისა და პირადი ფაქტების პერსონალური რეპრეზენტაცია. ავტობიოგრაფიული მეხსიერება ასევე მიემართება ადამიანის ისტორიის მოგონებას. ადამიანს არ ახსოვს ყველაფერი, რაც მის წარსულ ცხოვრებაში მოხდა. მეხსიერება არის კონსტრუქტი, სადაც წარსული გამოცდილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ახსოვთ ადამიანებს მოვლენები და რისი გახსენება შეუძლიათ. ავტობიოგრაფიული მეხსიერება არის კონსტრუქტიული და იგი გარდაიქმნება, როგორც ისტორიის განვითარებადი პროცესი. ადამიანის ავტობიოგრაფიული მეხსიერება საკმაოდ სანდოა; თუმცა, ავტობიოგრაფიული მოგონებების სანდოობა ეჭვქვეშ დგება მეხსიერების დარღვევების გამო.

ავტობიოგრაფიული მოგონებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდებისათვის. ადამიანებს მხოლოდ ძალიან ცოტა შემთხვევა ახსოვთ ღრმა ბავშვობიდან. ამ პირველი მოვლენების მეხსიერებიდან გაქრობას ბავშვობის, ანუ ინფანტილური ამნეზია ეწოდება. ადამიანებს ბევრი შემთხვევის გახსენება შეუძლიათ ზრდასრულობის ან ადრეული მოწიფულობის პერიოდიდან. ამ ეფექტს ეწოდება რემინისცენციული შეჯახება. გარდა ამისა, ადამიანებს ახსოვთ ბევრი შემთხვევა უკანასკნელი რამდენიმე წლიდან.

ცნობილია, რომ ავტობიოგრაფიული მოგონებები თავდაპირველად ინახება ეპიზოდურ მოგონებებში, მაგრამ ამჟამად არ არის ცნობილი, ავტობიოგრაფიული მოგონებები იგივეა, რაც ეპიზოდური მოგონებები, თუ ისინი ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, გადაიქცევა სემანტიკურ მოგონებებად.

  • კონკრეტული მოვლენები
    • როდესაც პირველად იგრძნობ ფეხქვეშ ოკეანეს.
  • ზოგადი მოვლენები
    • გრძნობა, რომელიც ზოგადად ოკეანეში შესვლისას გვეუფლება. ეს არის მოგონება იმის შესახებ, თუ როგორია პირადი შემთხვევა. იგი შესაძლოა, ეფუძნებოდეს ოკეანეში წლის განმავლობაში რამდენჯერმე შესვლის მოგონებებს.
  • იმპულსური მოგონებები
    • იმპულსური მოგონებები არის მნიშვნელოვანი მოვლენის/შემთხვევის შესახებ კრიტიკული ავტობიოგრაფიული მოგონებები.

ნერვული ქსელის მოდელები

რედაქტირება

ეპიზოდური მოგონებები შეიძლება განთავსდეს ავტოასოციაციურ ნერვულ ქსელებში (მაგალითად, ჰოპფილდის ქსელი), თუკი განთავსებული რეპრეზენტაცია შეიცავს ინფორმაციას იმ სივრცით-დროულ კონტექსტზე, რომელშიც შესწავლილ იქნა ობიექტი.

შენიშვნები

რედაქტირება
  1. Schacter, Daniel L., Gilbert, Daniel T., and Wegner, Daniel M. "Semantic and episodic memory". Psychology; Second Edition. New York: Worth, Incorporated, 2011. 240-241. Print.
  2. Tulving E (1984). „Precis of Elements of Episodic Memory“. Behavioural and Brain Sciences. 7 (2): 223–68. doi:10.1017/S0140525X0004440X.
  3. Clayton NS (2007). „Episodic memory“. Current Biology. 17: R189–R191. doi:10.1016/j.cub.2007.01.011.
  4. [1] Hassabis D and Maguire EA. 2007. Deconstructing episodic memory with construction. Trends in Cognitive Sciences (Regul Ed ) 11(7):299-306.
  5. Terry, W. S. (2006). Learning and Memory: Basic principles, processes, and procedures. Boston: Pearson Education, Inc.
  6. Baars, B. J. & Gage, N. M. (2007). Cognition, Brain, and Consciousness: Introduction to cognitive neuroscience. London: Elsevier Ltd.
  7. [2][მკვდარი ბმული] Conway M. A. (2009). Episodic Memory. Neuropsychologia, 47, 2305-2306
  8. Janowsky JS, Shimamura AP, Squire LR (1989). „Source memory impairment in patients with frontal lobe lesions“. Neuropsychologia. 27 (8): 1043–56. doi:10.1016/0028-3932(89)90184-X. PMID 2797412.
  9. Gabrieli JD, Poldrack RA, Desmond JE (February 1998). „The role of left prefrontal cortex in language and memory“. Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. 95 (3): 906–13. doi:10.1073/pnas.95.3.906. PMC 33815. PMID 9448258.
  10. Deisseroth K, Singla S, Toda H, Monje M, Palmer TD, Malenka RC (May 2004). „Excitation-neurogenesis coupling in adult neural stem/progenitor cells“. Neuron. 42 (4): 535–52. doi:10.1016/S0896-6273(04)00266-1. PMID 15157417.
  11. Tulving, Endel (1983). Elements of Episodic Memory. New York: Oxford University Press. 
  12. Tulving, Endel (2002). „Episodic Memory: From Mind to Brain“. Annual Review of Psychology. 53: 1–25. doi:10.1146/annurev.psych.53.100901.135114. PMID 11752477.
  13. Tulving, Endel; Schacter, D.L. (19 January 1990). „Priming and Human Memory Systems“. Science. 4940. 247 (4940): 301–6. doi:10.1126/science.2296719. PMID 2296719.
  14. Tulving, Endel; Hans J. Markowitsch (7 December 1998). „Episodic and Declarative Memory: role of the hippocampus“. Hippocampus. 8 (3): 198–204. doi:10.1002/(SICI)1098-1063(1998)8:3<198::AID-HIPO2>3.0.CO;2-G. PMID 9662134.
  15. Howard, M.W.; Kahana, M.J. (2002). „When does semantic similarity help episodic retrieval“. Journal of Memory and Language. 46: 85–96. doi:10.1006/jmla.2001.2798.
  16. Scarf D, Gross J, Colombo M, Hayne H (2013). „To have and to hold: Episodic memory in 3- and 4-year-old children“. Developmental Psychobiology. 55: 125–132. doi:10.1002/dev.21004.
  17. Maguire EA, Frith CD (July 2003). „Aging affects the engagement of the hippocampus during autobiographical memory retrieval“. Brain. 126 (Pt 7): 1511–23. doi:10.1093/brain/awg157. PMID 12805116.
  18. Grön G, Kirstein M, Thielscher A, Riepe MW, Spitzer M (October 2005). „Cholinergic enhancement of episodic memory in healthy young adults“. Psychopharmacology. 182 (1): 170–9. doi:10.1007/s00213-005-0043-2. PMID 16021483.
  19. Apud JA, Mattay V, Chen J, et al. (May 2007). „Tolcapone improves cognition and cortical information processing in normal human subjects“. Neuropsychopharmacology. 32 (5): 1011–20. doi:10.1038/sj.npp.1301227. PMID 17063156.
  20. Dunbar G, Boeijinga PH, Demazières A, et al. (May 2007). „Effects of TC-1734 (AZD3480), a selective neuronal nicotinic receptor agonist, on cognitive performance and the EEG of young healthy male volunteers“. Psychopharmacology. 191 (4): 919–29. doi:10.1007/s00213-006-0675-x. PMID 17225162.
  21. Alhaj HA, Massey AE, McAllister-Williams RH (November 2006). „Effects of DHEA administration on episodic memory, cortisol and mood in healthy young men: a double-blind, placebo-controlled study“. Psychopharmacology. 188 (4): 541–51. doi:10.1007/s00213-005-0136-y. PMID 16231168.
  22. Ilieva IP, Hook CJ, Farah MJ (January 2015). „Prescription Stimulants' Effects on Healthy Inhibitory Control, Working Memory, and Episodic Memory: A Meta-analysis“. J. Cogn. Neurosci. 27: 1–21. doi:10.1162/jocn_a_00776. PMID 25591060. ციტატა: „წინამდებარე მეტა-ანალიზი ჩატარდა აკაადემიური და ოკუპაციური ფნქციონირების, მათ შორის, შემაჩერებელი კონტროლის, სამუშაო მეხსიერების, მოკლევადიანი ეპიზოდური მეხსიერებისა და დაყოვნებული ეპიზოდური მეხსიერებისათვის უმნიშვნელოვანეს კოგნიტურ ფუნქციებზე მეთილფენიდატისა და ამფეტამინის ეფექტის გავლენის შესაფასებლად. ამას გარდა, ჩვენ გამომცემლობის სუბიექტური მოსაზრებების მტკიცებულებებიც შევამოწმეთ. ანალიზშ ჩართული იყო ორმოცდარვა კვლევა (ჯამში 1,409 მონაწილე). ჩვენ აღმოვაჩინეთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი გამზრდელი ეფექტების მტკიცებულებები შემაჩერებელ კონტროლსა და მოკლევადიან მეხსიერებაზე. სამუშაო მეხსიერებაზე მცირე ეფექტებმა იქონია მნიშვნელოვა, ჩვენი ორი ანალიტიკური მიდგომიდან ერთ-ერთზე დაყრდნობით. შეყოვნებულ ეპიზოდურ მეხსიერებაზე გავლენა საშუალო დონის იყო. მიუხედავად ამისა, რადგანაც გრძელვადიან და სამუშაო მეხსიერებაზე ავლენა დადასტურდა მტკიცებულებით, ჩვენ ვასკვნით, რომ ამფეტამინისა და მეთილფენიდატის ეფექტი ჯანმრთელი კოგნიციის შემოწმებულ მხარეებზე სავარაუდოდ მოკრძალებულია. ზოგიერთ სიტუაციაზე, მცირე უპირატესობა შეიძლება ღირებული იყოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ჯანმრთელი მომხმარებლები მიმართავენ სტიმულანტებს თავიანთი ენერგიისა და მოტივაციის გაზრდისა და არა თავიანთი კოგნიციის გაზრდისათვის. ... უფრო ადრეულმა კვლევამ ვერ გამოაშკარავა სტიმულანტების ეფექტები მცირე იყო, თუ საერთოდ არ არსებობდა (Ilieva et al., 2013; Smith & Farah, 2011). მოცემული აღმოჩენები ხაზს უსვამს ამფეტამინისა და მეთილფენიდატის მცირე გავლენას აღმასრულებელ ფუნქციასა და მეხსიერებაზე. კონკრეტულად, მაღალხარისხიან ექსპერიმენტებში, ჩვენ აღმოვაჩინეთ კონკრეტული კოგნიტური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ... ...
    ამ მეტა-ანალიზის შედეგები ვერ მიემართება მასტიმულირებელი გავლენის ინდივიდუალურ განსხვავებებს ან მოტივაციური გაუმჯობესების როლს აკადემიური ან ოკუპაციური ხასიათის დავალებების შესრულებაში. თუმცა, ისინი ადასტურებს ნორმალურ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში კოგნიტური გაუმჯობესების ეფექტებს, თუმცა, ასევე მიანიშნებს იმას, რომ ეს ეფექტები საკმაოდ მოკრძალებულია.“
  23. Ben Shalom D (2003). „Memory in autism: review and synthesis“. Cortex. 39 (4–5): 1129–38. doi:10.1016/S0010-9452(08)70881-5. PMID 14584570.
  24. Joseph et al., 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-07. ციტირების თარიღი: 2018-01-28.
  25. [25]
  26. Parrott AC, Lees A, Garnham NJ, Jones M, Wesnes K (1998). „Cognitive performance in recreational users of MDMA of 'ecstasy': evidence for memory deficits“. Journal of Psychopharmacology (Oxford, England). 12 (1): 79–83. doi:10.1177/026988119801200110. PMID 9584971.
  27. Morgan MJ (January 1999). „Memory deficits associated with recreational use of "ecstasy" (MDMA)“. Psychopharmacology. 141 (1): 30–6. doi:10.1007/s002130050803. PMID 9952062. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-01-12.
  28. Panko, Ben. Dogs May Possess a Type of Memory Once Considered 'Uniquely Human'.
  29. Claudia Fugazza; Ákos Pogány; Ádám Miklósi (2016). „Recall of Others' Actions after Incidental Encoding Reveals Episodic-like Memory in Dogs“. Current Biology. 26: 3209–3213. doi:10.1016/j.cub.2016.09.057. PMID 27889264.
  30. Correia; et al. (2007). „Western Scrub-Jays Anticipate Future Needs Independently of Their Current Motivational State“. Current Biology. 17: 856–861. doi:10.1016/j.cub.2007.03.063. PMID 17462894.
  31. Scarf, D.; Smith, C. & Stuart, M. (2014). „A spoon full of studies helps the comparison go down: A comparative analysis of Tulving’s Spoon Test“. Frontiers in Psychology. 5: 893. doi:10.3389/fpsyg.2014.00893. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |last-author-amp= (დახმარება)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Deisseroth K, Singla S, Toda H, Monje M, Palmer TD, Malenka RC (2004). „Excitation-neurogenesis coupling in adult neural stem/progenitor cells“. Neuron. 42 (4): 535–52. doi:10.1016/S0896-6273(04)00266-1. PMID 15157417.
  • Tulving, E. (1972). Episodic and semantic memory. In E. Tulving & W. Donaldson (Eds.), Organization of memory, (pp. 381–403). New York: Academic Press.
  • Tulving, E. (1983). Elements of Episodic Memory. Oxford: Clarendon Press.
  • Tulving E (2002). „Episodic memory: from mind to brain“. Annual Review of Psychology. 53: 1–25. doi:10.1146/annurev.psych.53.100901.135114. PMID 11752477.
  • Griffiths D, Dickinson A, Clayton N (1999). „Episodic memory: what can animals remember about their past?“. Trends in Cognitive Sciences. 3 (2): 74–80. doi:10.1016/S1364-6613(98)01272-8. PMID 10234230.
  • Clayton NS, Dickinson A (1998). „Episodic-like memory during cache recovery by scrub jays“. Nature. 395 (6699): 272–4. doi:10.1038/26216. PMID 9751053.
  • Kart-Teke E, De Souza Silva MA, Huston JP, Dere E (2006). „Wistar rats show episodic-like memory for unique experiences“. Neurobiology of Learning and Memory. 85 (2): 173–82. doi:10.1016/j.nlm.2005.10.002. PMID 16290193.
  • Eacott MJ, Easton A, Zinkivskay A (2005). „Recollection in an episodic-like memory task in the rat“. Learn. Mem. 12 (3): 221–3. doi:10.1101/lm.92505. PMID 15897259.
  • Suddendorf T, Busby J (2003). „Mental time travel in animals?“. Trends in Cognitive Sciences. 7 (9): 391–396. doi:10.1016/S1364-6613(03)00187-6. PMID 12963469.
  • Suddendorf T (2006). „Foresight and evolution of the human mind“. Science. 312 (5776): 1006–7. doi:10.1126/science.1129217. PMID 16709773.
  • Ghetti, S. Lee, J. (2010). Children's Episodic Memory. John Wiley & Sons, Ltd. pp. 365–373.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება