კოლიბრები

(გადამისამართდა გვერდიდან კოლიბრი)

კოლიბრები (Trochili), ფრინველების ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5,7-21,6 სმ, მასა 1,6- 20 გრამს აღწევს. შეფერილობა ნაირგვარია და მკვეთრი ლითონისებრი ელვარება დაკრავს. აქვს გრძელი, წვრილი და სწორი ნისკარტი, ზოგჯერ ქვემოთკენ მოხრილი. მეტად სუსტი, სასიარულოდ გამოუსადეგარი ფეხები, სხეულთან შეფარდებით დიდი გული, რომელიც წუთში 1000-მდე იკუმშება. კოლიბრები შესანიშნავად ფრენენ და შეუძლიათ ჰაერში ერთ ადგილზე ლივლივი. გადამფრენია. ღამით, გარემოს ტემპერატურის დაცემისას, სხეულის ტემპერატურაც ეცემა 14,5-21 °C-მდე. კოლიბრები უფრო ყვავილების ნექტარით იკვებებიან, პატარა მწერებს და ობობებსაც ჭამენ. დედალი ბუდეს ამაგრებს ტოტებზე, ფოთლებზე, კლდეზე. დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-19 დღე გრძელდება, იჩეკებიან ტიტველი თვალაუხილავი და უსუსური ბარტყები. კოლიბრების ქვერიგში 1 ოჯახის 319 სახეობაა. გავრცელებული არიან დასავლეთ ნახევარსფეროში - უმთავრესად ტროპიკულ ნაწილში. თუმცა ზოგიერთი სახეობა საკმაოდ შორსაც ვრცელდება როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით.

კოლიბრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Trochili

ლიტერატურა რედაქტირება

  • კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 580, თბ., 1980