ელის ქარმაიკლ ჰარისი (ინგლ. Alice Carmichael Harris; დ. 23 ნოემბერი, 1947) — ამერიკელი ენათმეცნიერი, კავკასიური ენების სპეციალისტი, ქართველოლოგი. თავის ნაშრომებში განიხილავს კავკასიური ენების სინტაქსისა და მორფოლოგიის, ასევე ისტორიული ლინგვისტიკის და ფსიქოლინგვისტიკის საკითხებს.

ელის ქარმაიკლ ჰარისი
Alice Carmichael Harris
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 1947
დაბ. ადგილი კოლუმბუსი
მოქალაქეობა  აშშ[1]
საქმიანობა ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი[2] და კავკასიოლოგი
მუშაობის ადგილი ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი და ვანდერბილტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[3]
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა რენდოლფ-მეკონის ქალთა კოლეჯში (ლინჩბერგი, ვირჯინია), შემდეგ — გლაზგოსა და ესექსის უნივერსიტეტებში. სადოქტორო დისერტაცია ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიცვა 1976 წელს. 1979-2002 წლებში ელის ჰარისი ასწავლიდა ვანდერბილტის უნივერსიტეტში, სადაც 1993-2002 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანიკული და სლავური ენების დეპარტამენტს. 2002-2009 წლებში იყო ენათმეცნიერების პროფესორი სთოუნ ბრუქში ნიუ იორკის უნივერსიტეტში, 2009 წლიდან იმავე პოზიციაზეა მასაჩუსეტს-ამჰერსტის უნივერსიტეტში. 2016 წელს არჩეული იყო ამერიკის ლინგვისტური ასოციაციის პრეზიდენტად.[4][5]

უნივერსიტეტში სწავლის დროს ერგატიული ენებით დაინტერესების გამო ჰარისი ადრევე გაეცნო ქართველურ და კავკასიურ ენებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი დასავლელი ენათმეცნიერი, რომელსაც საბჭოთა საქართველოში მუშაობის საშუალება მიეცა. საქართველოს პირველად 1974-1975 წლებში ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთწლიანი სტაჟირების მიზნით. ჰარისმა პირველი ნაშრომები ქართული გრამატიკის, კერძოდ, სინტაქსის შესახებ 1980-იან წლებში გამოსცა. ადრეულ შრომებში ქართული სინტაქსის ასპექტებს რელაციური გრამატიკის პოზიციიდან განიხილავდა. შემდგომ წლებში განაგრძო ქართველური (ქართული, ლაზური, მეგრული, სვანური), უდიური და ბაცბური ენების კვლევა. შესწავლილი აქვს ქართული სინტაქსი მორფოსინტაქსური კოდირების სისტემის თვალთახედვიდან, ქართველური ენების დიაქრონული სინტაქსი და სინტაქსის ისტორიული ანალიზის ზოგადი პრინციპები, ასევე უდიურ ენაში კლიტიკის სისტემა. ჰარისს დიდი წვლილი მიუძღვის საფრთხეში მყოფი ენების შესწავლის საქმეში. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირების პროგრამის (The Documenting Endangered Languages Program, DEL) შექმნაში.[4][5]

ჰარისი არის რამდენიმე მონოგრაფიის, ათეულობით სამეცნიერო სტატიისა და სხვა ნაშრომის ავტორი. 1998 წელს ჰარისისა და ლაილ კემპბელის წიგნს „ისტორიული სინტაქსი კროსლინგვისტური პერსპექტივიდან“ ამერიკის ლინგვისტური ასოციაციის ლეონარდ ბლუმფილდის წიგნის ჯილდო მიენიჭა. ჰარისის მიერ მიღებული სხვა ჯილდოებიდან აღსანიშნავია ვანდერბილტის უნივერსიტეტის ერლ სუზერლანდის პრიზი (1998), კენტერბერის უნივერსიტეტის ერსკინის სტეპენდია (ახალი ზელანდია, 1999), ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სტეპენდია (1999), რენდოლფ-მეკონის კოლეჯის გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო (2004) და გაგენჰეიმის სტეპენდია (2009). 2011 წელს მინიჭებული ჰქონდა „კოლიცის პროფესორის“ საპატიო პოზიცია კოლორადოს უნივერსიტეტში.[6]

ელის ქარმაიქლ ჰარისს ჰყავს მეუღლე ჯეიმზ სტაროსი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორ-ემერიტუსი, და სამი შვილი.[5]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Georgian Syntax: A Study in Relational Grammar (1981, 2009)
  • Diachronic Syntax: The Kartvelian Case (1985),
  • Indigenous Languages of the Caucasus, I: Kartvelian (რედაქტორი, 1991)
  • Historical Syntax in Cross-Linguistic Perspective (ლაილ კემპბელთან ერთად, 1995)
  • Endoclitics and the Origins of Udi Morphosyntax (2002),
  • Cross-linguistic Perspectives on linguistic change (2003)
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Czech National Authority Database
  3. Guggenheim Fellows database
  4. 4.0 4.1 ელის (ალის) ჰარისი (Alice Carmichael Harris). «კადმოსი» №9; გვ. 304. 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 Alice C. Harris. John Simon Guggenheim Memorial Foundation. ნანახია 10 თებერვალი, 2020.
  6. Alice Harris დაარქივებული 2020-02-24 საიტზე Wayback Machine. , University of Massachusetts Amherst. ნანახია 10 თებერვალი, 2020.