ელისაბედ ბეჟანიძე
ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე (დ. ბათუმი, 1879 — გ. 19??) — ქართველი კათოლიკე სასულიერო პირი, სტამბოლის ქართულ კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ დედათა მონასტრის წინამძღვარი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაელისაბედი შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მისდევდა ვაჭრობა-მრეწველობას, ბათუმში ფლობდა მაღაზიებს და რამდენიმე ფაბრიკას.
რუსეთ–ოსმალეთის 1877-78 წლების ომის დამთავრების შემდეგ, ბათუმის ოლქი რუსეთის იმპერიის ფარგლებში აღმოჩნდა და საქართველოს დაუბრუნდა. ახალშემოერთებულ მხარეში რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად ცხოვრება გაჭირდა. მოსახლეობის ნაწილმა ოსმალეთში იძულებით გადასახლება დაიწყო. მათ შორის იყვნენ ბეჟანიძეების ოჯახი, რომელიც 1885 წელს სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად.
სტამბოლში ამ პერიოდში უკვე არსებობდა ქართველ კათოლიკეთა ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები. მონასტრებთან შექმნილი იყო ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, სადაც ქართველი ბავშვები იღებდნენ განათლებას. ელისაბედი მიაბარეს დედათა მონასტერთან არსებულ ქართულ-ფრანგულ სასწავლებელში. სწავლის დამთავრების შემდეგ ელისაბედი მონაზვნად აღიკვეცა დედათა მონასტერში.
ელისაბედ ბეჟანიძე 30 წლის განმავლობაში იყო სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებულ დედათა მონასტრის წინამძღვარი და ქალთა ქართულ-ფრანგული სასწავლებლის ხელმძღვანელი. იგი უანგაროდ ემსახურებოდა ოსმალეთში გახიზნული ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეს. აქტიურად მონაწილეობდა მონასტერში დაფუძნებულ ქართული კულტურის კლუბში; აწყობდა საღამოებს, სადღესასწაულო შეხვედრებს; ერთმანეთთან აკავშირებდა ქრისტიან და მუსლიმ ქართველობას, აცნობდა მათ ქართული კულტურის მიღწევებს. ქართული კულტურის კლუბში 1908 წელს ჩატარდა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა; 1919 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნავდნენ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ელისაბედმა გადაწყვიტა ახალციხესა და ბათუმში ქალთა სასწავლებლების გახსნა. ამ მიზნით, 1920 წლის მაისში მან იმოგზაურა საქართველოში და თავისი გადაწყვეტილება გააცნო საქართველოს მთავრობას და თანხმობაც მიიღო. მაგრამ ეს მიზანი ვერ განხორციელდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო. ელისაბედმა 1921 წლის მარტში საქართველოდან ლტოლვილი მთავრობის ქალთა წარმომადგენლობას უმასპინძლა. ისინი დედათა მონასტერში რამდენიმე ხანს ცხოვრობდნენ.