ელიზბარ უბილავა (მწერალი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უბილავა (მრავალმნიშვნელოვანი).

ელიზბარ უბილავა (დ. 23 ივნისი, 1917, სოფ. ჭალა, ზუგდიდის მაზრა — გ. 29 აპრილი, 1997, თბილისი) — ქართველი მწერალი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ჟურნალისტი (1979).

ელიზბარ უბილავა
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1917(1917-06-23)
გარდაცვალების თარიღი 29 აპრილი, 1997(1997-04-29) (79 წლის)
საქმიანობა მთარგმნელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ მუჟავასა და ფახულანში, საშუალო პედაგოგიური განათლება კი ქ. წალენჯიხაში. 1935 წელს შევიდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე; შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1940 წელს დაასრულა.

ელიზბარ უბილავამ სამწერლო მოღვაწეობა ლექსებით დაიწყო. მისი პირველი ლექსი „ზამთარი“ გამოქვეყნდა 1934 წელს, „ლიტერატურულ გაზეთში“. 1940 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა უბილავას ერთ-ერთი პირველი მოთხრობა „მიწა“. მისი პირველი წიგნი „სამგორი“ გამოვიდა 1949 წელს.

მისი მოთხრობები, ნარკვევები, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები და პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდაა გაზეთ „კომუნისტში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. გამოცემული აქვს 30-ზე მეტი წიგნი. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადო მოღვაწეობას, გამორჩეული წვილი შეიტანა საბავშვო წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში, როგორც გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა და ალმანახ „საყმაწვილო ლიტერატურის“ მთავარმა რედაქტორმა; ამ უკანასკნელი ალმანახის ერთ-ერთი ფუძემდებელი თავადვე იყო.

ელიზბარ უბილავა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ნარკვევი, პუბლიცისტური წერილები, ესეისტური სტატიები, რეპორტაჟები. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებში — „საბჭოთა აფხაზეთი“ (1940-1942), „კომუნისტი“ (1945-1957), ჟურნალ „დრამაში“ (1960-1962), გამომცემლობა „ნაკადულში“, ალმანახ „საყმაწვილო ლიტერატურული მოამბის“ მთავარ რედაქტორად (1962-1976).

ელიზბარ უბილავამ რუსულიდან ქართულად თარგმნა ლევ ტოლსტოიის „ჰაჯი-მურატი“, „კაზაკები“, „ტყის ჩეხვა“, „კავკასიის ტყვე“, „თარეში“, „ჩამოქვეითებული“, ბესტუჟევ-მარლინსკის „თამალათ-ბეგი“, ა. აჯამადოვის „ყუძუხის ტრამალზე“, ი. ორბელიანის „რვა თვე შამილის ტყვეობაში“.

არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად. მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება, დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებით. ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის და დაბადების 70 წელთან დაკავშირებით, უბილავა დააჯილდოვეს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. გარდაიცვალა 1997 წლის 29 აპრილს, თბილისში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • სამგორი (1949)
  • მზის ამოსვლა
  • გამარჯვების დროშა (1954)
  • დიდ გზაზე (1951)
  • პარიზი, რომი, ნეაპოლი (1958)
  • ნიკოლოზ შენგელაია (1958)
  • ანაკლიის ღამე (1958)
  • თამარ ყუფუნია (1959)
  • ყავარჯენი (1960)
  • მთანი მაღალნი(1961)
  • მათ ასახელეს სამშობლო(1961)
  • მოგესალმებით ქედებო (1969)
  • არწივების საბუდარი
  • ხანისწყლის პირას (1973)
  • სიჭაბუკის რომანტიკა (1976)
  • განძეულის გუშაგი (1980)
  • ცხელი ნაპირი (1983)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება