ეიხლერის ტიტა, წითელი ტიტა (ლათ. Tulipa undulatifolia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი ბოლქვოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ღერო შეფოთლილია, 10–45 სმ სიმაღლის. ფოთოლი რაოდენობით ჩვეულებრივ 3-ია, აქვს ხუჭუჭა კიდეები. ყვავილი ერთია, ორსქესიანი, საკმაოდ მსხვილი, 4–7 სმ სიგრძის, წითელი, ალისფერი. ყვავილსაფრის ფოთლები თავწაწვეტებულია, შიგნიდან შავი ლაქით, რომელიც ყვითელი არშიითაა გარშემოვლებული. ნაყოფი სამწახნაგოვანი კოლოფია, ბრტყელი თესლებით.[1]

ეიხლერის ტიტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  ტიტა
სახეობა:  ეიხლერის ტიტა
ლათინური სახელი
Tulipa undulatifolia Boiss., 1844

წითელი ტიტა ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ვირის ბოლოკის სახელითაც იხსენიება. სამკურნალოდ იხმარებოდა მისი თესლი და წვენი. მას მიაწერდნენ სისხლის, „ტანშიგა ყვითელი წყლისა და წალას“ გამწმენდ სამკურნალო თვისებებს. იყენებდნენ ასევე ფაღარათისა და კბილის ტკივილის დროს. დეკორატიული მცენარეა, წარმოადგენს საწყის სასელექციო მასალას ჰიბრიდიზაციისათვის. ყურადსაღებია ფლორის ისტორიის თვალსაზრისითაც.[1]

წარმოადგენს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ენდემურ სახეობას. საქართველოში დღეისათვის მხოლოდ მცხეთისა და საგურამოს მიდამოებშია შემორჩენილი. საქართველოს გარეთ — აზერბაიჯანში. პეტერბურგის ბოტანიკურ ბაღში 1872 წელს წითელი ტიტა პირველად იქნა კულტურაში შეყვანილი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ბიძინაშვილი როზა, საქართველოში გავრცელებული გადაშენების ზღვარზე მყოფი ტიტას სახეობები // საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე №2 (42), თბ.: აგრო, 2018. — გვ. 112–114.