ეთნონიმიკა (ბერძ. ἔθνος - ხალხი, ტომი და όνομα - სახელი), ლექსიკოლოგიის, კერძოდ, ონომასტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ეთნონიმებს ანუ ხალხების, ტომების საკუთარ სახელებს. ეთნონიმიკა განარჩევს სახელებს, რომელსაც ირქმევენ ხალხები და იმ სახელებს, რომელსაც არქმევენ მათ სხვა ხალხები თუ ტომები; მაგ., ეთნონიმი „ქართველი“ თვითწოდებაა, ამავე ხალხის გარეწოდებებია „გეორგიერ“ (გერმანული ენა|გერმ.), „ვრაც“ (სომხური ენა|სომხ.) და სხვ. ნიშანდობლივია, რომ ხშირად თვითწოდებათა ამოსავალი მნიშვნელობაა „ხალხი“, „ადამიანი“, „კაცი“; მაგ., lak (< lag - „ადამიანი“ - ლეკი), Deutscher (ძვ. გერმ. diot „ხალხი“ - გერმანელი) და ა.შ.

ეთნონიმიკა არკვევს ეთნონიმის მიმართებას ტოპონიმებთან: 1. ეთნონიმისაგანაა მიღებული ქვეყნის, მხარის სახელი (ოს-ი - ოს-ეთ-ი), 2 ქვეყნის, მხარის სახელისაგან - ეთნონიმი (აჭარა - აჭარ-ელ-ი), 3. ორივე მიღებულია ერთი ძირისაგან სხვადასხვა მაწარმოებლით (იმერ-ეთ-ი - იმერ-ელ-ი). ეთნონიმიკა არკვევს, თუ რომელი ხალხი ცხოვრობდა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ვის აღნიშნავდა ესა თუ ის ეთნონიმი სხვადასხვა პერიოდში (მაგ., - ბულგარელები: ადრე - თურქული მოდგმის ხალხი, ახლა - სლავური მოდგმის ხალხი), რა სახელები ერქვა სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე ხალხს (მაგ., ძვ. სახელი - იურაკები, ახლა - ნენები).

ლიტერატურა

რედაქტირება