ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ინგლ. European Union Monitoring Mission, EUMM) — საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც დაარსდა 2008 წლის 15 სექტემბერს. მისიაში ჩართულია ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან მოწვეული 214 დამკვირვებელი. მისიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, დამკვირვებლები ძირითადად იმყოფებიან რეგიონულ ოფისებში, რომლებიც საქართველოს 3 ქალაქშია განლაგებულია: გორი, მცხეთა, ზუგდიდი.
მისიის შესახებ
რედაქტირებაევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულების აღსრულების პროცესს აკვირდებიან.
მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო. მას შემდეგ, მისია ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის ძალისხმევა, ძირითადად, ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენას მოიცავს. ასევე, შესაბამის მიდამოებში ადგილზე ყოფნით მისია ზოგადად უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მანდატი, რომელიც თავდაპირველად 12 თვეზე იყო გათვლილი ექვსჯერ გაგრძელდა. 2016 წლის 12 დეკემბერს ევროპის საბჭომ იგი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა. მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელს ტერიტორიას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს. რამდენიმე ერთობლივი ვიზიტის გარდა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებთან იყო დაკავშირებული, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მისიის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე უარს ამბობდნენ. უპირველეს ყოვლისა, მისია შეიარაღებული კონფლიქტის ნებისმიერი განახლების თავიდან აცილებასა და აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა მხარესთან მუშაობს.
მანდატი
რედაქტირებამისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს.
მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე უარს ამბობენ.
უპირველეს ყოვლისა, მისია შეიარაღებული კონფლიქტის განახლების თავიდან აცილებასა და აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს. მისიის ერთ-ერთი მიზანია ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
მანდატის განხორციელება
რედაქტირებაევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა სხვადასხვა სამოქალაქო, საპოლიციო და სამხედრო გამოცდილების მქონე, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი დამკვირვებელი გამოგზავნა მისიაში. მისიის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო სამი რეგიონული ოფისი — მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში. თითოეულ რეგიონულ ოფისში დამკვირვებლები დაყოფილნი არიან სამ თემატურ ჯგუფად, რომელიც მუშაობს: ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აკვირდება იმ საკითხებს, რომელიც ეხება სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას და ნდობის აღდგენას.
მანდატის განხორციელება რეგულირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გაფორმებული სამი ხელშეკრულებით:
- 2009 წლის იანვარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული წინასწარი შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რომელიც 2010 წლის ივლისში შესწორდა, ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ზღუდავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების და მძიმე ტექნიკის განლაგებას. საქართველოს მთავრობის მიერ ცალმხრივად გადადგმული ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით ძალის არ გამოყენების პრინციპის განმტკიცებისკენ არის მიმართული. უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, თუ საპასუხო ზომების გატარება და ანალოგიური ვალდებულების აღება მოხდებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
- 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხელმოწერილი ტექნიკური შეთანხმებები გამჭვირვალეს ხდის და შეზღუდვებს აწესებს ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაზე და განხორციელებულ საქმიანობაზე. უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, თუ საქართველოს ამ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებისა და შემაკავებელი ზომების ანალოგიურს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სტრუქტურები განახორციელებდა.
- 2015 წლის ნოემბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ხელმოწერილი ტექნიკური ხელშეკრულება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უზრუნველყოფს პრივილეგიებით დააკვირდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურებსა და პერსონალს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, რითაც იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების ანალოგიურად, იგი შეიცავს საქართველოს მთავრობის ცალმხრივ ვალდებულებას დააწესოს შეზღუდვები ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასა და აღჭურვილობაზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი
რედაქტირება2009 წლის თებერვალში ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების თანახმად კონფლიქტის მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რეგულარული შეხვედრები გაიმართებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გაეროს, ეუთოს, საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები კონკრეტულ ინციდენტებსა და საკითხებს განიხილავენ და მოაგვარებენ. ეს შეხვედრები სასარგებლოა მხარეებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
მექანიზმს სატელეფონო სისტემა „ცხელი ხაზი" ახლავს, რომელიც ორივე რეგიონთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ცხელი ხაზის სისტემა მონაწილეებისათვის კონკრეტული ინციდენტების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საერთო აზრის სწრაფი შექმნისათვის მეტად სასარგებლოა და მან არაერთხელ შეუწყო ხელი შესაძლო დაძაბულობის განმუხტვას. ფართო წარმომადგენლობის წყალობით, მისიას გააჩნია შესაძლებლობა მუდმივად და დროულად შეაგროვოს ინფორმაცია ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ. საჭიროებისამებრ, მოცემული ინფორმაცია შემდეგ შესაბამის ადგილობრივ, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული დახმარების გაწევაზე.
ძირითადი გამოწვევები
რედაქტირება- მისია მტკიცედ აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის გაზრდას, ნათელს მოჰფენს უკვე მომხდარ ინციდენტებს და ამით შეამცირებს მადესტაბილიზირებელი ინციდენტების რისკს მომავალში.
- 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმება განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი საქმიანობის და სიტუაციის სტაბილიზაციაზე მიმართული ძალისხმევის საფუძველია. განსახორციელებელი რჩება შეთანხმების მეხუთე პუნქტი, რადგანაც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების და ტექნიკის ყოფნა ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეთანხმების ამ ნაწილის დარღვევას წარმოადგენს.
წარმატებები
რედაქტირება- 2008 წლის შემოდგომაზე, საომარი მოქმედებების განახლების კონკრეტული შესაძლებლობა არსებობდა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ეს საშიშროება აღარ დგას. გაიზარდა უსაფრთხოების შეგრძნება კონფლიქტის მხარეებს შორის და ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, გამყარდა სტაბილიზაციის პროცესი.
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების შედეგად, გაუმჯობესდა ქართული პოლიციის და შეიარაღებული ძალების საქმიანობის გამჭვირვალობა, რამაც ხელი შეუწყო ვითარების სტაბილიზაციას.
- ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრებზე ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა განეხილა კონკრეტული მოვლენები და ინციდენტები და ასევე წამოეჭრა საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებელ ელემენტად განიხილება.
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ასევე გააჩნია სამუშაო კონტაქტები რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებთან ამ ორ რეგიონში.
მისიის ხელმძღვანელი
რედაქტირებაელჩი მარეკ შჩიგელი 2020 წლის მარტიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.
1993 წლიდან, ელჩი შჩიგელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იგი მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საკითხების სპეციალისტად, კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტად, ეუთოს განყოფილების უფროსად და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ის იყო სტოკჰოლმში, პოლონეთის საელჩოში პოლიტიკური საკითხების მეორე მდივანი, ვენაში, ეუთოში და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. 2011-2015 წლებში იყო პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი რუმინეთში. 2016-2020 წლის მარტამდე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების და საფრთხეების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი და საერთაშორისო კიბერ-პოლიტიკის კოორდინატორი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სხვა თანამდებობებთან ერთად, 2009-2011 წლებში, ელჩი შჩიგელი მუშაობდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პროცესში პოლონეთის მთავარ კოორდინატორად და გაყოფადი მასალების წარმოების შეწყვეტის ხელშეკრულების გაეროს მაღალი დონის ექსპერტთა მოსამზადებელი ჯგუფის წევრად (2017-2018). 2017-2018 წლების პერიოდში, ელჩი შჩიგელი დაინიშნა ბალისტიკური რაკეტების გავრცელების წინააღმდეგ, ჰააგის ქცევის კოდექსის თავმჯდომარედ. 2017 წლიდან, 2020 წლამდე, ის იყო ჰელსინკიში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპის მოწინავე გამოცდილების, ხელმძღვანელ საბჭოში პოლონეთის ნაციონალური წარმომადგენელი/წევრი.
შჩიგელს აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და სამართალში. 2015 წელს ის დაჯილდოვდა ნაციონალური ორდენის დიდი ჯვრით, რუმინეთის ერთგული სამსახურისთვის.
მისიის ყოფილი ხელმძღვანელები
რედაქტირებამისიის ხელმძღვანელის მოადგილე
რედაქტირებაქეით ფიერონი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის/შტაბის უფროსის თანამდებობას 2018 წლის 3 აპრილიდან იკავებს. 2020 წლის 1 იანვრიდან მარტამდე, ქეით ფიერონი ასრულებდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას.
ფიერონი ირლანდიის მთავრობის მიერაა წარმოდეგნილი. მანამდე იგი იყო ბრიუსელში, ყველა სამოქალაქო ოპერაციათა ოპერატიულ შტაბ-ბინაში, სამოქალაქო დაგეგმვის და მართვის დირექტორატის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის/დირექტორის სპეციალური მრჩეველი, უფრო ადრე კი კოსოვოში კანონის უზენესობის ევროკავშირის მისიის (EULEX) ხელმძღვანელის სპეციალური მრჩეველი.
ქეით ფიერონი ასევე სუდანსა და ავღანეთში მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო კოსოვოში საერთაშორისო სამოქალაქო წარმომადგენლობის მიტროვიცას ოფისის ხელმძღვანელი, ასევე იყო ბოსნია და ჰერცეგოვინაში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკური პარტიის პროგრამის დირექტორის და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.
1996 წელს იგი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის თანადამფუძნებელი და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შემდეგ კი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ ასამბლეაში ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციის შტაბის უფროსი.
ფლობს ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ და რუსულ ლიტერატურაში, მაგისტრის ხარისხს ირლანდიის პოლიტიკაში, ასევე მაგისტრის ხარისხს სოციალური კვლევების მეთოდოლოგიასა და შეფასებაში. ავტორია 2 წიგნისა (ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ავღანეთში სტაბილიზაციაზე), რედაქტორია მესამე წიგნის (ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ). გამოცემული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ისეთ აკადემიურ ჟურნალებში როგორებიცაა ხიროშიმის მშვიდობის ჟურნალი, ფორდჰემის უნივერსიტეტის საკანონმდებლო მიმოხილვა, საერთაშორისო სწავლების დანიის ინსტიტუტი, შერიგების რესურსები, ფრიდომ ჰაუსი კონფლიქტის მოლაპარაკებებზე, მედიატორობა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელება, ძირითადი ფოკუსით ქალებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და არაფორმალური სამართლის სისტემებზე.
2017 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში
რედაქტირება2017 წლისათვის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფებოდა 319 ადამიანი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ 2017 წლის ანგარიშში საუბარია მიღწევებზე, აქტივობებზე, პრაქტიკულ დახმარებასა და პარტნიორების კომენტარებზე.
ანგარისში ხაზგასმულია ის, რომ მისიის ფარგლებში 1400 აქტივობა ჩატარდა. ამასთანავე მხარეები დათანხმდნენ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით გარკვეული ღონისძიებების ჩატარებაზე.
მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესება მოხდა თანამხედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ეს მოიცავს მაგალითად, სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანები, რომლებზეც მაღალი სიხშირის ანძები დამონტაჟდა, მათ თავის მხრივ მისცა მოხალისეებს საშუალება რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გაუმჯობესებული დაკვირვება მომხდარიყო, ამასთანავე ამის საშუალებით განხორციელდა ევროკავშირის სატელიტური ცენტრის GeoMap სისტემის ამოქმედება, რომელიც პატრულირებას და ინფორმაციის ანალიზს უწყობდა ხელს. ანგარიშში ასევე საუბარია თავისუფლად გადაადგილების უფლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური გარემოებები არსებობს, შეინიშნება საზღვრის გადაკვეთის დადებითი დინამიკა.
ამავე ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის 1 ოქტომბრიდან მისიის ფარგლებში 60 ათასი საპატრულო ღონისძიება ჩატარდა. 2017 წლის მონაცემებით ჩატარდა 4,827 საპატრულო ღონისძიება და ცხელ წერტილებში 1400 აქტივობა განხორციელდა. ამავე ანგარიშის ცნობით, მოხდა ინიციატივის ჩაშვება გენდერული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით, ვინაიდან პატრულირების პერიოდში მსგავსი სახის პრობლემატიკა შეინისნებოდა.
პრაქტიკული დახმარებების კუთხით 10 პროექტის ფარგლებში რომლებიც ჩატარდა ნდობის გამყარების მიმართულებით დაიხარჯა 150 ათასი ევრო, რაც ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოებებს შორის დიალოგის წარმოებასა და გადაადგილებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე.
2017 წელს განხორციელებულ პროექტებს შორის ასევე იყო ინტერნეტ რადიო სადგურის ჩაშვება მოქმედებაში, რომელიც აფხაზურ ენაზე გადმოსცემდა ახალ ამბებს, ასევე მომზადდა საგანმანათლებლო ვიდეორგოლების სერია ქალების სამოქალაქო უფლებების შესახებ, მათ მნიშვნელობაზე მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში. ამავე წელს განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზი ახალგაზრდები.