ედმუნდ სპენსერი

ინგლისელი პოეტი

ედმუნდ სპენსერი[12] (ინგლ. Edmund Spenser; დ. დაახლ. 1552, ლონდონი — გ. 13 (23) იანვარი1599, იქვე) — ინგლისელი პოეტი.

ედმუნდ სპენსერი
ინგლ. Edmund Spenser
დაბადების თარიღი 1552[1]
დაბადების ადგილი ისტ-სმითფილდი, ლონდონი[2]
გარდაცვალების თარიღი 13 (23) იანვარი, 1599[3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო
საქმიანობა პოეტი[10] , მთარგმნელი და მწერალი[11]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ალმა-მატერი პემბრუკის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
Magnum opus ფერიების დედოფალი
მეუღლე მაჩაბიას ჩაილდი და ელიზაბეთ ბოილი
ხელმოწერა

დაიბადა მემაუდის ოჯახში. სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბრუკის კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრის (1573) და მაგისტრის (1576) ხარისხები.

ადრეული წლებიდან გაიტაცა ლიტერატურამ. განიცადა ანტიკური მითოლოგიისა და კულტურის, იტალიური და ფრანგული აღორძინების პოეზიის დიდი გავლენა. უნივერსიტეტში სწავლის დროს დაუმეგობრდა ფილიპ სიდნის, რომელმაც გავლენა მოახდინა სპენსერის პოეზიის მანერაზე. სიდნის მიუძღვნა პოება „მწყემსის კალენდარი“ („The shepherd’s calendar“, გამოქვეყნდა 1579), რომელიც ტრადიციული პასტორალისგან გამოირჩევა ცოცხალი ბუნების სურათების ასახვისაკენ სწრაფვით. სპენსერის პოეზიის თავისებურება გახდა წინამორბედი ჟანრობრივი ტრადიციების გადააზრება, ალეგორიისა და სიმბოლიკის ნოვატორული შერწყმა სატირასთან. ეს აისახა პოემებში „კოლინ კლაუტის დაბრუნება“ („Colin Clout’s come home again“, 1591, გამოქვეყნდა 1595 წელს) და „დედიკო ჰაბერდის ზღაპარი“ („Mother Hubberd’s tale“, 1591), რომლებიც ირონიულად გამოხატავენ სამეფო კარის ყოფასა და ზნე-ხასიათს. სპენსერის ლირიკა წარმოდგენილია სონეტებით, ჰიმნებით და სხვ. პოეტის ყველაზე დიდ ნაწარმოებად ითვლება დაუსრულებელი ალეგორიული პოემა ართურის ლეგენდის სიუჟეტზე — „ფერიების დედოფალი“ („The faerie queene“, 1590–1596), რომელშიც სპენსერი პიროვნების ჰუმანისტურ გაგებასთან ახამებს ანტიკური ეპოსისა და იტალიური საგმირო პოემის ტრადიციებს, წარმოაჩენს ირლანდიისა და ინგლისის ბუნების სურათებს. პოემა დაწერილია ავტორის მიერ შემუშავებული ცხრასტრიქონიანი „სპენსერისეული სტროფებით“, რომლებიც ორიენტირებულია ფრანგული ბალადის სტროფიკაზე. სპენსერის სხვა ნაწარმოებებს შორისაა: წიგნი „მოსაზრება ირლანდიის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ“ („A view of the present state of Ireland“; 1596, გამოქვეყნდა 1633 წელს) — მნიშვნელოვანი წყარო ქვეყნის ისტორიის შესახებ; ვერგილიუსის, პეტრარკას, დიუ ბელეს ნაწარმოებთა თარგმანები.

1570-იანი წლების ბოლოდან იყო სხვადასხვა გავლენიანი წარჩინებულის მდივანი, წარუმატებლად ცდილობდა ელისაბედ I-ის კარზე ამაღლებას. ირლანდიის 1597–1598 წლების აჯანყების დროს მთელი ქონება დაკარგა, გარდაიცვალა სიღარიბეში.

ლიტერატურა

რედაქტირება