ედილბაევის ცხვარი
ედილბაევის ცხვარი, ედილბაევური ცხვარი ან ედილბაის ცხვარი — სახორცე-საქონე მიმართულების დუმიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ნახევარუდაბნოსა და სტეპის საძოვრების პირობებში ვოლგისა და ურალის შუამდინარეთში (დღ. ყაზახეთი)[1] XIX საუკუნის ბოლოს მესაქონლე ყაზახების მიერ ხალხური სელექციის გზით — ყაზახური დუმიანი ცხვრების შეჯვარებით ასტრახანულ უხეშმატყლიან ცხვრებთან. შემდეგ შეირჩა ის ცხოველები, რომლებიც უფრო შეეგუვნენ მომთაბარე მეცხვარეობის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს. ერკემალიც და ნერბიც ქოლიკია. ერკემალი იწონის 100–120 კგ-ს, ზოგჯერ 160 კგ-მდე; ნერბი — 65–75 კგ-მდე, ზოგჯერ 115 კგ-მდე. აქვს დიდი ცხვირკუზიანი თავი, გრძელი კისერი, ფართო და ღრმა ტანი დიდი დუმით.[1] ერკემალი ზრდის დიდი ენერგიითა და მალმწიფადობით გამოირჩევა. ნაკლავის გამოსავალია 50–55%; 6–7 თვის ბატკნის ხორცი ქონის გარეშე 20–25 კგ-ია.[1] მატყლი უპირატესად წითური, მურა, შავია; გვხვდება თეთრ- ან რუხმატყლიანი ცხვრები. თივთიკის სიგრძეა დაახლ. 15 სმ, მატყლი შეიცავს 52–56% თივთიკს;[1] ერკემლის ნაპარსი ორ კრეჭვაზე 3,5 კგ-ია, ნერბისა 2,3–2,6 კგ; იყენებენ ხალიჩების მოსაქსოვად.[1] ნაყოფიერება 110–120 ბატკანია 100 ნერბზე. წლიური მონაწველი 160 ლ, რძის ცხიმიანობა 5,8%.[1] ძირითადად აშენებენ ყაზახეთის ტერიტორიაზე, ქვემო ვოლგისპირეთსა და ყალმუხეთში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Попов И. Н., Эдильбаевская овца, А.-А., 1951;
- Овцеводство, под ред. Г. Р. Литовченко и П. А. Есаулова. т. 2, М., 1972;
- ედილბაევის ცხვარი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ეროხინი ა. ი., ედილბაევის ცხვარი დაარქივებული 2019-05-18 საიტზე Wayback Machine. // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.