დუდანა მაზმანიშვილი
ბიოგრაფია
რედაქტირებაარის მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. მუსიკალური ნიჭი ძალიან ადრე გამოამჟღავნა. სამი წლის ასაკში მუსიკას უსმენდა და ორი თითით მარტივ მელოდიებს უკრავდა კიდეც, ხუთი წლისამ ოპერისა და ბალეტის თეატრში „აიდა“ ნახა და მთელი ცხოვრება ოპერით დაავადდა, ხოლო რვა წლისამ, ორკესტრთან ერთად, მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
6 წლის ასაკიდან დუდანა სწავლობდა მუსიკალურ ათწლედში, დედის, ცნობილი პედაგოგის, თამარ აფაქიძის მკაცრი და ობიექტური მეთვალყურეობით. მამა – დავით მაზმანიშვილი არქიტექტორი იყო. ბაბუა — ანდრია აფაქიძე, სახელოვანი მეცნიერი, ისტორიკოსი და არქეოლოგი.
პირველი სერიოზული წარმატება პატარა მუსიკოსთან 11 წლის ასაკში მოვიდა, როდესაც ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით „ახალი სახეები“. დუდანა ყველაზე უმცროსი მონაწილე იყო, მაგრამ ისე შეასრულა ბახის ნაწარმოები, რომ ყველას დაამახსოვრა თავი.
„დუდანა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა და მიეკუთვნება იმ ახალგაზრდა მუსიკოსთა რიცხვს, რომლებსაც შესწევთ უნარი ფართოდ გაუთქვან სახელი საქართველოს მუსიკალურ კულტურას" — ეს სიტყვები დუდანა მაზმანიშვილის მიერ საკონკურსო მწვერვალების დაპყრობამე დიდი ხნით ადრე წარმოსთქვა მაესტრო ჯანსუღ კახიძემ. მათი ტანდემი წარმატებული გამოდგა. როდესაც დუდანა საქართველოში აღარ ცხოვრობდა, ბატონ ჯანსუღს მოწვევაზე და კონცერტში მონაწილეობაზე უარს არასდროს ეუბნებოდა. დღესაც ამბობს, რომ ბედნიერია, რომ მასთან ურთიერთობა მოასწრო.
თბილისის კლასიკური გიმნაზიისა (ყოფილი №1 საშუალო სკოლა) და მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ, დუდანა მაზმანიშვილმა 1998 წელს, გაცვლითი პროგრამით, სწავლა გააგრძელა მიუნხენში, უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში. ბედმა გაუღიმა და მოხვდა ელისო ვირსალაძის კლასში, რომელმაც მისი, როგორც პიანისტის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ძალიან გამამდიდრა ქალბატონ ელისოსთან ურთიერთობამ. ის დიდ მოთხოვნებს უყენებს ყველა მის მოსწავლეს და პირველ რიგში, საკუთარ თავს. სწორედ ამით არის ყველასგან გამორჩეული. ბუნებრივია, როცა მის კლასში სწავლობ, ეს თვისებები გადამდებია და უფრო მომთხოვნი ხდები საკუთარი თავის მიმართ...“, – ამბობს დუდანა.
სწორედ მიუნჰენში შეასრულა პიანისტმა პირველად რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელმაც პუბლიკასაც და მუსიკის კრიტიკოსებსაც საამო ესთეტიკური შოკი მოჰგვარა. 2007 წლის ნოემბერში მან გამართა კონცერტი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში. როგორც თავად ამბობს, ეს არის დღევანდელი „საკონცერტო კოლიზეუმი“ და ალბათ, არ არსებობს დედამიწაზე მუსიკოსი, რომელიც არ ოცნებობს ამ ყველასთვის პრესტიჟულ დარბაზში გამოსვლაზე.
ნიუ-იორკში გამართული კონცერტის შემდეგ კრიტიკოსმა ჰარი გოლდსმიტმა ჟურნალ „New York Concert Review“-ში დუდანა მაზმანიშვილის შესრულება ასე შეაფასა: „ის ნამდვილი ჯადოქარია. მას უდიდესი ორკესტრის ჟღერადობისა და მომღერლის უნაზესი ბგერა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის ის შესრულება, რომელიც სურდათ ლისტსა და ვაგნერს!“ „მის პიანიზმში შერწყმულია ბრწყინვალე ვირტუოზულობა, ინტელექტუალური დისციპლინა და ნამდვილ კლასიკოსთა დარბაისლური მანერა“, — დაწერა „Musical America“-მ.
2007 წლის ბოლოს ჩამწერმა სტუდია „OEHMS“-მა გამოსცა დუდანა მაზმანიშვილის პირველი ალბომი ბახის, ბუზონის, ლისტისა და რახმანინოვის შესრულებით. მოგვიანებით ეს ალბომი გერმანული კლასიკური რადიოს „BR4“-ის ფავორიტადაც დაასახელეს და მასში შესული ნაწარმოებები დღემდე ჟღერს ამ პოპულარული რადიოსადგურით. 2009 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა „International Piano“-მ დუდანა წლის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.
პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა მართლაც ვრცელია და საპატიო: ნიკოლაი რუბინშტაინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი პარიზში, ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი, ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მილანში, აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი მიუნჰენში, ნადია რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში.
შემდეგ იწყება გაუთავებელი, მაგრამ წარმატებისთვის აუცილებელი საგასტროლო ტურნე. მუსიკოსი სოლო კონცერტებს მართავს ბერლინის, მიუნხენის, ვენის, მოსკოვის, პარიზის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. შემდეგ ისევ ამერიკა, პრესტიჟული „როკფელერ ცენტრი“, მის შემოქმედებას თითქოს ახალი პალიტრა და სიღრმე ემატება. იცვლება ხასიათი და განწყობა, პიროვნული დამოკიდებულება და მიდგომა მუსიკისადმი, მაგრამ უცვლელი რჩება „მომავლის პიანისტის“ იმიჯი და მისი სტატუსი — ლეგენდარული პიანისტისა და პედაგოგის, ელისო ვირსალაძის მოწაფე.
პედაგოგებში დუდანას მართლაც გაუმართლა, მიუნჰენის შემდეგ მის ცხოვრებაში ჩნდება ჯერომ როუზი — დახვწილი მუსიკოსი და საფორტეპიანო ფესტივალის ორგანიზატორი, რომელმაც 2005 წელს ნიუ-იორკში მიიპატიჟა და მის მიმართ მართლაც მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა. მისი ფესტივალის მეშვეობით ქართველი მუსიკოსის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რაც ძალიან დაეხმარა მუსიკალურ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში. დუდანამ ორი წელი გაატარა ნიუ-იორკში, ყველაზე ხმაურიან, ნევროზულ და კულტურული მოვლენებით აღსავსე ქალაქში. დაამთავრა ერთი მაგისტრატურა, შემდეგ მეორე და ბერლინში დაბრუნდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.
დუდანა მაზმანიშვილის რეპერტუარი ძალიან ფართოა. აქ ნახავთ, როგორც ცნობილ, ასევე, შედარებით ნაკლებად ცნობილ თანამედროვე კომპოზიტორებს: ბახი, შუბერტი, რახმანინოვი, შოსტაკოვიცი, მოცარტი, გოდოვსკი, ვებერი. იგი ყურადღებით სწავლობს მისთვის საინტერესო პიანისტების შემოქმედებასაც. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავთ: მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე სოლომონ კატნერს, ანი ფიშერს, რომლის შემოქმედებასაც ძალიან აფასებს, დინუ ლიპატის, რომელიც ინტელექტუალური დაკვრით გამოირჩევა, რეფორმატორ ალფრედ კორტოს და გენიალურ იმპროვიზატორსა და შემსრულებელს, ფერუჩო ბუზონის.
დუდანას პიროვნული და შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებს დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან და ისინი ხშირად მართავენ ერთობლივ კონცერტებს. ასე მაგალითად: 2011 წლის თებერვალში დაუკრეს რახმანინოვის კონცერტი №2. 2013 წლის ზაფხულში ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ნიკას ინიციატივით გამართულ გამოსვლაში დუდანა მოცარტის №12 საფორტეპიანო კონცერტს არა მხოლოდ უკრავდა, არამედ დირიჟორობდა კიდეც. მშობლიური ქართულის გარდა, ამჟამად თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ჩეხურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
დუდანა იზიარებს აღორძინების ხანის იტალიელი ჰუმანისტისა და ფილოსოფოსის, ვიტორინო და ფელტრეს დოქტრინას, რომელსაც სიცოცხლის თავისებური, პოზიტიური გაგება აღწერილი აქვს ნაშრომში „სიხარულის სახლი“. ამის შესახებ იგი თავად საუბრობს ვიდეობლოგში ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან და სოციოლოგ ირაკლი კაკაბაძესთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეგენდარული ქართველი პიანისტი ბერლინს ვერ ელევა: ინტერვიუ, დ. მაზმანიშვილი; ესაუბრა ანი ბუხაიძე, პრაიმტაიმი, 2011, 28 ნოემბერი, №48, გვ. 55
- ჰარმონიის გაკვეთილები: დუდანა მაზმანიშვილი, პიანო, ფორტე და დიპლომატია, დავით ბუხრიკიძე, ცხელი შოკოლადი, თბ, 2013, ოქტომბერი, №94, გვ. 28-35
- ნოტიანი და ღიმილიანი ცხოვრება, ქეთი მიქანაძე, ბომონდი, თბ, 2011, თებერვალი, №2 (35), გვ. 80-83