დროში მოგზაურობა
დროში მოგზაურობა — იდეა დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეში გადაადგილებაზე, აწმყოდან წარსულში ან მომავალში, სივრცის ორ წერტილს შორის მოგზაურობის მსგავსად. ძირითადად ეს ხდება თეორიული გამოგონების, დროის მანქანის მეშვეობით. დროში მოგზაურობის ცნება ფართოდ გავრცელებულია ფილოსოფიასა და ფანტასტიკაში, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქვს თეორიულ ფიზიკაში, სადაც მსგავსი რამის განხორციელების მთავარ მეთოდად ითვლება კვანტური მექანიკისა და ჭიის ხვრელების ნაზავი.[1]
ჰერბერტ უელსის „დროის მანქანა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დროის მოგზაურობის კონცეფციის ფართო საზოგადოებამდე მიტანაში, თუმცა ედვარდ მიტჩელის უფრო ადრინდელი ნაწარმოები „საათი, რომელიც უკუღმა დატრიალდა“ გვიამბობს საათზე, რომელმაც გაურკვეველი მეთოდით სამი ადამიანი წარსულში გადაიყვანა.[2] დროში მოგზაურობის არატექნოლოგიური ფორმები მანამდეც იყო ნახსენები რამდენიმე მოთხრობაში, როგორიცაა მაგალითად ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“. ისტორიულად კი ეს იდეა დასაბამს იღებს ინდუიზმის ადრეულ მითოლოგიებში (მაგალითად „მაჰაბჰარატა“).[3] ბოლო პერიოდში ტექნოლოგიის განვითარებასა და სამყაროს შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებასთან ერთად დროში მოგზაურობის შესაძლებლობები ფართოდ განიხილება სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების, ფილოსოფოსებისა და ფიზიკოსების მიერ.
დროში მოგზაურობა ლიტერატურაში
რედაქტირებამოგზაურობა მომავალში
რედაქტირებაარ არსებობს ერთიანი მოსაზრება იმაზე, რომელი წერილობითი ნაშრომი უნდა ჩაითვალოს დროში მოგზაურობის ამბის პირველ ნიმუშად, რადგან მსგავს რამეს ბევრგან შევხვდებით. უძველესი ზღაპრები და მითები მომავალში მოგზაურობის მსგავს მოვლენებს აღწერდნენ. მაგალითად, ინდუისტურ მითოლოგიაში მეფე რაივატა კაკუდმი ადის ზეცაში, რათა იხილოს შემოქმედი ბრაჰმა, დედამიწაზე დაბრუნებისას კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდება იმის ხილვა, რომ მრავალი საუკუნე გასულა.[4]
ბუდისტური პალური კანონი ასევე ახსენებს დროში მოგზაურობას. პაიასის სუტაში ბუდას ერთ-ერთი მთავარი მოციქული კუმარა კასაპა უხსნის სკეპტიკოს პაიასის, რომ „ოცდაცამეტი დევას ზეცაში დრო სხვანაირად მიედინება და ხალხი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. ჩვენი ერთი საუკუნე, ასი წელიწადი, იქ მხოლოდ ერთი დღეა. მათთვის მხოლოდ ოცდაოთხი საათი გავიდოდა."[5]
ისლამშიც არსებობს გარკვეული მინიშნებები დროში მოგზაურობაზე. ყურანში საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებმაც გამოქვაბულში რამდენიმე საათით დაიძინეს, მაგრამ გარეთ გასვლისას აღმოაჩინეს, რომ 309 წელი გასულა.[6] ასევე ნახსენებია ფრაზა „ერთი დღე ღმერთისთვის არის ათასი წელი თქვენთვის (ადამიანებისთვის)". მსგავს იდეას ვხვდებით ქრისტიანული ახალი აღთქმის წიგნში მეორე პეტრეს ეპისტოლე: „ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე."[7]
კიდევ ერთი ცნობილი ნაწარმოები, რომელიც შორეულ მომავალში მოგზაურობას აღწერს, არის იაპონური მოთხრობა ურაშიმა ტარო.[8] ახალგაზრდა მეთევზე, სახელად ურაშიმა ტარო სტუმრობს წყალქვეშა სასახლეს და სამი დღით რჩება იქ. სახლში დაბრუნებისას აღმოჩნდება, რომ 300 წელი გასულა, მისი სახელი აღარავის ახსოვს, მისი სახლი დანგრეულია, ოჯახის წევრები კი დიდი ხნის გარდაცვლილნი. თალმუდში მოთხრობილია ჰონი ჰა-მეაგელის ამბავი, რომელსაც 70 წელი ეძინა და გაიღვიძა სამყაროში, სადაც მისი შვილიშვილები უკვე ბებია-ბაბუები იყვნენ, ხოლო მეგობრები და სხვა ნათესავები ცოცხლები აღარ დახვდნენ.[9]
ქართული ზღაპარი „მიწა თავისას მოითხოვს" გვიამბობს ვაჟზე, რომელიც მარადიული სიცოცხლის ძიებაში მიადგა მინის კოშკს და შიგნით მზეთუნახავს წააწყდა. მზეთუნახავმა მას თავისთან შესთავაზა დარჩენა და აუხსნა, რომ კოშკში დრო ძალიან ნელა გადიოდა. ვაჟი დარჩა, თუმცა სამი დღის შემდეგ ახლობლების ნახვა მოუნდა და წასვლა გადაწყვიტა. სოფელში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ათასი წელი გასულიყო, მისი სახლისგან კვალიც აღარ იყო დარჩენილი, მისი და მისი ნათესავების ამბავი კი არავინ იცოდა.
მოგზაურობა წარსულში
რედაქტირებაწარსულში მოგზაურობა უფრო თანამედროვე იდეა ჩანს, მაგრამ ამ იდეის წარმოშობაც სადავო საკითხია. ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია სემუელ მედენის მოგონებები მეოცე საუკუნეზე (1733), რომელიც ძირითადად წარმოადგენს ბრიტანეთის ელჩების წერილების ერთობლიობას, ასევე რამდენიმე საპასუხო წერილს 1997-98 წლებიდან, სადაც იმდროინდელი ხანაა აღწერილი. ამბის მიხედვით, ეს წერილები მთხრობელმა 1728 წლის ერთ ღამეს მიიღო მფარველი ანგელოზისგან. ამის გამო პოლ ალკონი წიგნში ფუტურისტული ფიქციის საწყისები აყენებს მოსაზრებას, რომ „ინგლისურ ლიტერატურაში პირველი დროში მოგზაური არის მფარველი ანგელოზი, რომელსაც სახელმწიფო დოკუმენტები 1998 წლიდან 1728 წელში გადააქვს", თუმცა წიგნში არაა დაკონკრეტებული, ანგელოზმა ეს წერილები როგორ მოიპოვა.[10]
1836 წელს ალექსანდრე ველტმანმა გამოაქვეყნა კალიმეროსის წინაპრები: ალექსანდრე, ფილიპე მაკედონელის ძე, რომელიც იწოდება პირველ რუსულ სამეცნიერო ფანტასტიკურ ნოველად და პირველ ნოველად, რომელიც დროში მოგზაურობაზე საუბრობს.[11] მასში მთხრობელი ჰიპოგრიფზე ამხედრებული დადის ძველ საბერძნეთში, ხვდება არისტოტელეს და მოგზაურობს ალექსანდრე მაკედონელთან ერთად, შემდეგ კი მე-19 საუკუნეში ბრუნდება.
ზოგის აზრით,[12] ჩარლზ დიკენსის 1843 წელს გამოცემული წიგნი საშობაო სიმღერა ორივე მიმართულებით დროში მოგზაურობის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. მთავარი პერსონაჟი ებენეზერ სკრუჯი მოგზაურობს სხვადასხვა შობის დღეებში, როგორც წარსულში, ისე მომავალში. თუმცა აღსანიშნავია, რომ სკრუჯი მხოლოდ პასიურად ხედავდა თითოეულ დროის პერიოდს და არ შეეძლო მათში მონაწილეობა მიეღო, ამიტომ რამდენად არის დროში მოგზაურობა, სადავო საკითხია.
წარსულში მოგზაურობის აშკარა მაგალითია 1861 წლის წიგნი პარიზი ადამიანებამდე, რომლის ავტორიც არის ფრანგი ბოტანიკოსი და გეოლოგი პიერ ბოიტარდი. წიგნის მთავარი პერსონაჟი „ხეიბარი დემონის" მაგიის მეშვეობით გადადის პრეისტორიულ წარსულში, სადაც ნახულობს ისეთ გადაშენებულ ცხოველებს, როგორიცაა პლეზიოზავრი, ასევე ბოიტარდის მიერ წარმოსახული პრიმატისმაგვარი ადამიანის წინაპარი, და აქტიურად ახერხებს მათთან ურთიერთობას.[13]
1881 წელს ედვარდ ევერეტ ჰეილმა გამოაქვეყნა ხელები შორს, რომელიც აღწერს უსახელო არსებას (შესაძლოა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის სულს), რომელიც თავისუფლად მოგზაურობს წარსულსა და მომავალში, ერევა დედამიწის წარსულში ძველ ეგვიპტეში და ხელს უშლის იოსების (იაკობის ძე) მონად გაყიდვას. ეს არის პირველი ცნობილი შემთხვევა ლიტერატურაში, როცა დროში მოგზაურობის შედეგად იქმნება ალტერნატიული ისტორია.[14]
პირველი ნაწარმოები, სადაც დროში მოგზაურობა რაღაც მექანიზმის მეშვეობით ხდება, არის ედვარდ მიტჩელის პატარა მოთხრობა საათი, რომელიც უკუღმა დატრიალდა.[15] ეს მექანიზმია საათი, რომლის ისრებიც დაზიანებისას უკუღმა იწყებენ სვლას და ადამიანები წარსულში გადაჰყავთ, თუმცა არაა ახსნილი, საიდან გაჩნდა საათი და როგორ შეიძინა ეს თვისება.
მარკ ტვენის ნოველაში კონეკტიკუტელი იანკი არტურ მეფის კარზე პროტაგონისტი აღმოაჩენს, რომ ჩხუბის შემდეგ, რომელშიც უროთი დარტყმა მიაყენეს, არტურ მეფის პერიოდში მოხვდა. ეს კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როცა დროში მოგზაურობის კონცეპტი ფართო საზოგადოებამდე მივიდა და ასევე ერთ-ერთი პირველი ამბავი, სადაც დროში მოგზაური ისტორიას ცვლის.[16][17][18]
ენრიკე გასპარ რიმბაუს 1887 წლის წიგნი ანაკრონოპეტი[19] იყო პირველი მოთხრობა, სადაც დროში მოგზაურობა ხომალდით ხდება.[20] დროში მოგზაურობისთვის აგებული მექანიზმები განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჰერბერტ უელსის დროის მანქანის გამოსვლის (1895 წ) შემდეგ. ტერმინი დროის მანქანა სწორედ უელსის შემოტანილია.[21][22]
მას შემდეგ დროში მოგზაურობის იდეა გაფართოვდა როგორც მეცნიერებაში, ისე ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურაში.
თეორია
რედაქტირებაზოგიერთი მეცნიერული თეორია, განსაკუთრებით სპეციალური და ზოგადი ფარდობითობა ასკვნის, რომ დრო-სივრცის სათანადო გეომეტრია ან სივრცეში სპეციფიკური მოძრაობის ტიპები წარსულსა და მომავალში მოგზაურობის საშუალებას იძლევა, თუკი ეს გეომეტრია და მოძრაობა შესაძლებელი იქნება.[23] ტექნიკურ ნაშრომებში ფიზიკოსები ცდილობენ, არ გამოიყენონ სიტყვები დროში „მოძრაობა" და „მოგზაურობა", რადგან, როგორც წესი, ეს აღნიშნავს ცვლილებას სივრცულ პოზიციაში დროის კოორდინატის შეცვლასთან ერთად. ამის ნაცვლად განიხილავენ დახურული დროისმაგვარი მრუდების შესაძლებლობას. ეს მრუდები ქმნიან დრო-სივრცის დახურულ მარყუჟებს, რაც ობიექტებს საშუალებას აძლევს, საკუთარ წარსულში დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგადი ფართობითობის იმ განტოლებების ამონახსნები[24][25] (მაგალითად, გიოდელის დრო-სივრცე), რომლებიც დრო-სივრცეს დახურული დროისმაგვარი მრუდებით აღწერენ, ამ ამონახსნების ფიზიკური ალბათობა ბუნდოვანია.
ფარდობითობა წინასწარმეტყველებს, რომ თუკი დედამიწიდან ვინმე იმოძრავებს ფარდობითი სიჩქარით და შემდეგ უკან დაბრუნდება, დედამიწაზე მყოფთათვის უფრო მეტი დრო იქნება გასული, ვიდრე მოგზაურისთვის.[26][27] ამ გაგებით საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ ფარდობითობა უშვებს მომავალში მოგზაურობის შესაძლებლობას. რაც შეეხება წარსულში მოგზაურობას, ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ამის მოხდენა თითქმის შეუძლებელია.[28][29] ნებისმიერ თეორიას, რომელიც დროში უკან მოგზაურობას შესაძლებლად აცხადებს, შემოაქვს მიზეზშედეგობრიობის პოტენციური პრობლემაც. ამის კლასიკური მაგალითია ბაბუის პარადოქსი: რა მოხდება, თუკი ვინმე წარსულში გადავა და მოკლავს საკუთარ ბაბუას იქამდე, სანამ მამამისი (ანუ ბაბუის შვილი) ჩაისახებოდა?[30][31] მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პარადოქსების აცილება შესაძლებელია ნოვიკოვის თვით-კონსისტენციის პრინციპის[32][33] გამოყენებით ან პარალელური სამყაროების შესახებ მოსაზრების[34][35] მოშველიებით.
ცნობილი და გავლენიანი ბრიტანელი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი მიიჩნევს, რომ მომავლიდან მოსული ტურისტების არარსებობა წარსულში მოგზაურობის საწინააღმდეგო არგუმენტია.[36] მისი აზრით, ეს არ ამტკიცებს მოგზაურობის შეუძლებლობას, შესაძლოა მომავლის ადამიანებს უბრალოდ არასდროს განუვითარებიათ საჭირო ტექნოლოგია ან წინდახედულობის გამო გამოყენებაზე უარი თქვეს. მაგრამ თუნდაც განავითარონ, ჰოუკინგი აღნიშნავს, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია დრო-სივრცის მხოლოდ იმ რეგიონებში, რომლებიც საჭიროებისამებრ არიან გამრუდებული და მომავლის ტურისტები მხოლოდ იქ დაბრუნდებიან, სადაც გამრუდება მათ წამოსვლამდე მოხდა. ამიტომ შეიძლება წარსულში მოგზაურობა შესაძლებელი იყოს, მაგრამ ქვედა ზღვარი ის მომენტი იქნება, როცა ადამიანები პირველად შექმნიან ასეთ გამრუდებულ ადგილებს.[37] ეს იმას ნიშნავს, რომ დროში მოგზაურებს მხოლოდ მაშინ ვიხილავთ, როცა დროის მანქანას შევქმნით. კარლ სეიგანმა ერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლებელია, დროში მოგზაურები აქ არიან, მაგრამ ინიღბებიან ან მათ არავინ აღიქვამს მოგზაურად, რადგან გაუფრთხილებელი ცვლილებები დრო-სივრცეში შეიძლება მათთვისაც არასასურველი შედეგის მომტანი იყოს.[38]
ზოგადი ფართობითობა გვთავაზობს წარსულში მოგზაურობის მეცნიერულ საფუძველს რამდენიმე უჩვეულო სცენარით, თუმცა ნახევრადკლასიკური გრავიტაციის არგუმენტები აცხადებენ, რომ როდესაც კვანტური ეფექტები ერთიანდება ზოგად ფარდობითობასთან, ეს გასასვლელი შეიძლება დაიხუროს.[39] ნახევრადკლასიკური გრავიტაციის არგუმენტებმა უბიძგა ჰოუკინგს, ჩამოეყალიბებინა ქრონოლოგიის დაცვის ვარაუდი, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბუნების ფუნდამენტური კანონები დროში ამგვარ მოგზაურობას გამორიცხავს.[40] თუმცა სხვა ფიზიკოსები ამ საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად იშველიებენ კვანტური გრავიტაციის თეორიას, რომლის მიზანიც არის კვანტური მექანიკისა და ზოგადი ფარდობითობის გაერთიანება სრულყოფილ ერთიან თეორიაში.
დროში მოგზაურობა ფიზიკაში
რედაქტირებამოგზაურობა მომავალში
რედაქტირებაარსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება პიროვნებამ მომავალში იმოგზაუროს. შესაძლებელია ვითარების იმგვარად მოწყობა, რომ მოგზაურის სუბიექტური დროის ხანმოკლე პერიოდში სხვა ადამიანებისთვის დიდი დრო იყოს გასული. მაგალითად, დამკვირვებელი შეიძლება რელატივისტური სიჩქარით გაემგზავროს დედამიწიდან და შემდეგ უკან დაბრუნდეს. მისთვის რამდენიმე წელი გავა, მაგრამ დედამიწაზე მყოფთათვის - ათასობით წელი. უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობითობის მიხედვით, არ არსებობს ობიექტური პასუხი კითხვაზე, თუ „სინამდვილეში" რა დრო გავიდა ამ მოგზაურობისას. მართებული იქნება როგორც იმის თქმა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ასევე იმის, რომ ათასწლეულები გაგრძელდა. დამოკიდებულია იმაზე, რას ავიღებთ ათვლის წერტილად.
მომავალში ამ ფორმით მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია (და მცირე მასშტაბებში ექსპერიმენტულად დამტკიცებულია[41][42]) შემდეგი მეთოდებით:
- სიჩქარის გამოყენებით დროის შენელება სპეციალური ფართობითობის ფარგლებში, მაგალითად:
- შორეული ვარსკვლავისკენ თითქმის სინათლის სიჩქარით მოგზაურობა, შემდეგ შენელება, შემობრუნება და ისევ თითქმის სინათლის სიჩქარით დედამიწაზე დაბრუნება.[43]
- გრავიტაციული დროის შენელება ზოგადი ფართობითობის ფარგლებში, მაგალითად:
- მაღალი მასის მქონე ობიექტში ყოფნა;[44]
- შავი ხვრელის მოვლენების ჰორიზონტის, ან ისეთი ობიექტის სიახლოვეს ყოფნა, რომლის მასა ან სიმკვრივე მის გარშემო იწვევს გრავიტაციული დროის უფრო ძლიერ შენელებას, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება.[45][46]
დეილი მეილის სტატიაში[47][48] სტივენ ჰოუკინგი საუბრობს მომავალში მოგზაურობის ორ ვარიანტზე: შავი ხვრელები და მაღალი სიჩქარე. მისი თქმით, ზემასიურ შავ ხვრელებს უზარმაზარი მასის გამო საოცარი გავლენა აქვთ დროზე, უფრო მეტად ანელებენ მას, ვიდრე სხვა ობიექტები. ამით ისინი ბუნებრივ დროის მანქანად იქცევიან. თუკი ადამიანები ხომალდით იმოგზაურებენ ზემასიური შავი ხვრელის გარშემო, მათთვის დრო ორჯერ შენელდება. მიუხედავად ამ მეთოდის არაპრაქტიკულობისა, ის მოგზაურობის რეალური ვარიანტია და ამასთან, არ იწვევს პარადოქსებს.
რაც შეეხება სიჩქარეს, ჰოუკინგს მოჰყავს წარმოსახვითი მატარებლის მაგალითი, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს და თანდათანობით სინათლის სიჩქარეს უახლოვდება. თუკი მატარებელი დაიძრება 2050 წლის პირველ იანვარს, 100 წლის განმავლობაში გარს შემოუვლის დედამიწას და 2150 წლის პირველ იანვარს გაჩერდება, მატარებლის შიგნით მხოლოდ 1 კვირა იქნება გასული. იმის დასადასტურებლად, რომ ეს მოსაზრება იდეის დონეზე მართებულია, ჰოუკინგს მოჰყავს პი-მეზონების მაგალითი: ისინი, როგორც წესი, შემადგენელ ნაწილებად იშლებიან წამის 25 მემილიარდედში. მაგრამ როცა აჩქარდებიან და უახლოვდებიან სინათლის სიჩქარეს, 30-ჯერ მეტხანს ძლებენ.[49][50]
მოგზაურობა წარსულში
რედაქტირებაწარსულში მოგზაურობა თეორიულად შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:[51]
- მოგზაურობა სინათლის სიჩქარეზე სწრაფად
- კოსმოსური სიმებისა და შავი ხვრელების გამოყენება
- ჭიის ხვრელები და ალკუბიერეს ძრავა
თუკი მოხდება ინფორმაციის ან მატერიის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ეს სიგნალი ან ობიექტი წარსულში გადაინაცვლებს და დანიშნულების ადგილას გაგზავნაზე ადრე მივა.[52] თუკი მაგალითად დამკვირვებელი A დამკვირვებელ B-ს უგზავნის სიგნალს, რომელიც მოძრაობს სინათლეზე სწრაფად A-სთვის, მაგრამ დროის საპირისპირო მიმართულებით B-სთვის, ხოლო შემდეგ B უგზავნის საპასუხო შეტყობინებას, რომელიც B-სთვის მოძრაობს სინათლეზე სწრაფად, მაგრამ A-სთვის დროის საპირისპირო მიმართულებით და შესაბამისად, იღებს მას წარსულში მანამდე, ვიდრე თავდაპირველ სიგნალს გაგზავნიდა. ეს კი მიზეზშედეგობრიობის კანონის აშკარა დარღვევაა.[53]
ფარდობითობის სპეციალური თეორიის მიხედვით, უსასრულო მოცულობის ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ სინათლეზე ნელმა ობიექტმა სინათლის სიჩქარე განავითაროს. მიუხედავად იმისა, რომ ფარდობითობა არ გამორიცხავს ტახიონების თეორიულ შესაძლებლობას, რომლებიც მუდმივად სინათლეზე სწრაფად მოძრაობენ, კვანტური ველის თეორიის შემოწმებისას ჩანს, რომ ვერ მოხერხდება მათი გამოყენება სინათლეზე სწრაფად ინფორმაციის გადასაცემად.[54] ასევე არ არსებობს ტახიონების არსებობის ფართოდ აღიარებული მტკიცებულება. ნეიტრინოების ანომალიამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ნეიტრინოები ტახიონების ვარიანტს წარმოადგენდნენ,[55] მაგრამ შემდგომმა ანალიზებმა აჩვენა, რომ რეალურად გამოთვლები არასწორად იყო ჩატარებული და ანომალია არ ყოფილა.[56]
არსებობს მოსაზრება, რომ ჭიის ხვრელი არის ერთგვარი გზამკვეთი სამყაროს დრო-სივრცის ორ წერტილს შორის და თუკი მოხერხდება შავი ხვრელის გავლა და მეორე მხრიდან გამოსვლა, შეიძლება ისტორიის სხვა მონაკვეთში აღმოვჩნდეთ.[57] პროფესორმა ნილ დეგრას ტაისონმა ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი ორი შავი ხვრელი ერთმანეთს შეეჯახება, დრო-სივრცე იმდენად გამრუდდება, რომ მათ გარშემო სიარულისას შესაძლებელი იქნება წარსულში გადანაცვლება.[58]
ჭიის ხვრელი, იგივე იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი, წარმოადგენს ჰიპოთეტურად გამრუდებულ დრო-სივრცის რეგიონს, რომლის არსებობაც ასევე დაშვებულია ზოგადი ფარდობითობის აინშტაინის ველის განტოლებებით,[59] თუმცა მასში მოგზაურობა შეუძლებელი იქნება, თუკი ის არ ეკუთვნის კვეთადი ტიპის ჭიის ხვრელს.[60][61]
ალკუბიერეს ძრავა არის თეორიული იდეა, რომელიც შემოთავაზებულია მექსიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის მიგელ ალკუბიერეს მიერ და ეფუძნება აინშტაინის განტოლებების ამონახსნს. უარყოფითი მასის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კოსმოსურმა ხომალდმა გადააჭარბოს სინათლის სიჩქარეს, ის იმოძრავებს მის წინ სივრცის შეკუმშვით და უკან - გაფართოებით, რაც გამოიწვევს სინათლეზე სწრაფ მოძრაობას გარეშე დამკვირვებლისთვის. ალკუბიერეს მეტრიკა მათემატიკურად თანხმობაშია აინშტაინის ველის განტოლებებთან, მაგრამ ეს არ ამტკიცებს ძრავის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. შემოთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს ენერგიის უარყოფით სიმკვრივეს და შესაბამისად ითხოვს ეგზოტიკურ მატერიას. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ასეთი მატერია არსებობს, თუმცა ზოგიერთი თეორიული მოდელი, რომლებიც განსხვავდებიან სტანდარტული მოდელისგან, მოითხოვს ასეთი მატერიის არსებობას.[62][63][64][65]
დროში მოგზაურობის პარადოქსები
რედაქტირებადროში მოგზაურობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე პარადოქსი, რომელთა უმეტესობაც ერთიანდება დროის პარადოქსში (ასევე დროში მოგზაურობის პარადოქსი ან დროებითი პარადოქსი). ეს არის თეორიული, პარადოქსული სიტუაცია, რომელიც ეხება წარსულში მოგზაურობას. დროში მოგზაური გადადის წარსულში და აკეთებს ისეთ რამეს, რაც მომავალში ხელს შეუშლის მას დროში მოგზაურობაში. მაგრამ თუკი დროში არ იმოგზაურებს, მაშინ ის ცვლილებაც არ განხორციელდებოდა, რომელმაც მას ამაში ხელი შეუშალა. ხოლო თუ მაინც წავა წარსულში და საკუთარ თავს ხელს შეუძლის დროის მანქანის აგებაში, დროში მოგზაურობის შესაძლებლობა და შესაბამისად, ეს ქმედებაც გამოირიცხება.[66][67]
დროის პარადოქსის ყველაზე გავრცელებული სახეა ბაბუის პარადოქსი, რომელშიც პიროვნება მეიმგზავრება წარსულში და კლავს საკუთარ ბაბუას მანამ, სანამ მას ეყოლება ბიოლოგიური მემკვიდრე. წარმატების შემთხვევაში ამ პიროვნების ერთ-ერთი მშობელი აღარ იარსებებს და მისი დაბადებაც შეუძლებელი იქნება. შედეგად ასევე შეუძლებელი გახდება, რომ ის წარსულში გაემგზავროს და მოკლას ბაბუა, რომელსაც შედეგად ეყოლება შვილები და სიტუაცია განმეორდება.[68]
არსებობს ამ პარადოქსის რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. ნოვიკოვის თვით-კონსისტენციის პრინციპის მიხედვით, შეუძლებელია, დროში მოგზაურმა ამხელა ცვლილება განახორციელოს და ისტორია მნიშვნელოვნად შეცვალოს. მულტისამყაროს ჰიპოთეზის შემოტანით ყოველი ცვლილება ახალ ალტერნატიულ სამყაროს ქმნის განსხვავებული ისტორიით. შედეგად დროში მოგზაური აღმოჩნდება ახალ სამყაროში და რადგან ბაბუა ჰყავდა „ძველი" და არა ამ სამყაროდან, პარადოქსი აღარ წარმოიშობა. დატოტვილი სამყაროს ჰიპოთეზით, არსებული რეალობა იცვლება და ბაბუის სიკვდილისას ბაბუაც და შვილიშვილიც ისტორიიდან ქრებიან. ეს ვარიანტი გამოყენებულია ფილმში უკან მომავალში და სერიალში Doctor Who. ჰიუ ევერეტის მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია, რომელიც კვანტურ მექანიკას ეფუძნება, ასკვნის, რომ ყველა შესაძლო კვანტური მოვლენა ხორციელდება დამოუკიდებელ რეალობებში. ისინი ემსგავსებიან დატოტვილ ხეს, სადაც თითოეული შტო ალტერნატიული, პარალელური ისტორიაა.[69] ფიზიკოსები, როგორიცაა დევიდ დოიჩი, აცხადებენ, რომ თუკი დროში მოგზაურობა შესაძლებელია და მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია - მართებული, დროში მოგზაური უნდა აღმოჩნდეს იმისგან განსხვავებულ რეალობაში, რომლიდანაც წამოვიდა.[70][71]
ონტოლოგიური პარადოქსი განიხილავს იმის საწყისს, რაც დროში გადაადგილდება. მაგალითად, ადამიანი გაემგზავრა წარსულში და მოზარდ აინშტაინს აუხსნა ზოგადი და სპეციალური ფარდობითობის თეორიები. შემდეგ კი ბრუნდება საკუთარ აწმყოში და სვამს კითხვას: „საიდან გაჩნდა ზოგადი და სპეციალური ფარდობითობის შესახებ მოსაზრება?" მისი ავტორი აინშტაინი აღარ გამოდის, რადგან ეს იდეა მოგზაურისგან მიეწოდა, მაგრამ მოგზაურს თავის მხრივ ეს ცოდნა აინშტაინის წყალობით ჰქონდა.[67]
ონტოლოგიური არგუმენტი იმის გამო წარმოიქმნება, რომ თუკი დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ წარსული, აწმყო და მომავალი ფიქსირებული აღარაა. თუ ეს მართლაც ასეა, სიტყვა „საწყისი" აზრს მოკლებული ხდება, რადგან ის თავისთავად გულისხმობს განსაზღვრულ და შეუცვლელ წარსულს.[67]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Does quantum foam hold the keys to time travel?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-03. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ "The Clock That Went Backward," by Edward Page Mitchell (1881)
- ↑ Time Travel to the Future Is Real
- ↑ Encyclopedia for Epics of Ancient India
- ↑ ინდური ფილოსოფია - დებიპრასად ჩატოპადაიაია: სახალხო გამომცემლობა, ნიუ-დელი. (პირველად დაიბეჭდა: 1964 წელს, მე-7 გამოცემა: 1993 წელს)
- ↑ Cave of Ashabe-Kahf. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-07. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ მეორე პეტრესი - Orthodoxy.Ge
- ↑ Journal of Evolution and Technology
- ↑ Ancient Stories About Traveling into the Future. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-16. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Origins of Futuristic Fiction
- ↑ Александр Вельтман и его роман "Странник" Юрий Акутин. Александр Вельтман и его роман "Странник"
- ↑ TIME TRAVEL LITERATURE By John L. Flynn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-29. ციტირების თარიღი: 2006-09-29.
- ↑ რუდვიკი, მარტინ (1992). სცენები დროის სიღრმიდან. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესა, გვ. 166–169. ISBN 0-226-73105-7.
- ↑ ნაჰინი, პოლ (2001). დროის მანქანები: დროში მოგზაურობა ფიზიკაში, მეტაფიზიკასა და სამეცნიერო ფანტასტიკაში. Springer, გვ. 54. ISBN 0-387-98571-9.
- ↑ პეიჯ მიტჩელი, ედვარდ. საათი, რომელიც უკუღმა დატრიალდა (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-15. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ A Connecticut Yankee in King Arthur's Court
- ↑ Genre in the Mainstream: Mark Twain’s A Connecticut Yankee in King Arthur’s Court. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-29. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ A Connecticut Yankee in King Arthurs Court: Book Sum A Connecticut Yankee in King Arthur's Court: Book Summary
- ↑ ურიბე, ავგუსტო (ივნისი 1999). „პირველი დროის მანქანა: ენრიკე გასპარის ანაკრონოპეტი“. The New York Review of Science Fiction. 11, no. 10 (130): 12.
- ↑ ნახსენებია წიგნის „დროის ხომალდი: ქრონონავტიკული მოგზაურობა" ინგლისური თარგმანის შესავალში, მთარგმნელები - იოლანდა მოლინა-გავილანი და ანდრეა ბელი.
- ↑ The Time Machine by H. G. Wells[მკვდარი ბმული]
- ↑ H.G. Wells’ First Time Machine
- ↑ თორნი, კიპ (1994). შავი ხვრელები და დროის გამრუდებები. W. W. Norton, გვ. 499. ISBN 0-393-31276-3.
- ↑ The Godel Solution to the Einstein Field Equations
- ↑ On Efficient “Time Travel” in Gödel Spacetime. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-31. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ The twin paradox: Is the symmetry of time dilation paradoxical?
- ↑ NOVA | Einstein's Big Idea | Time Traveler
- ↑ You Can't Travel Back in Time, Scientists Say
- ↑ Professor Brian Cox: time travel IS possible - but only if you want to go to the future and not come back
- ↑ The Grandfather Paradox. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-07. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Grandfather Paradox. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-28. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ What is the Novikov self-consistency principle?
- ↑ NOVIKOV'S SELF-CONSISTENCY PRINCIPLE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-12. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Parallel universe proof boosts time travel hopes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Michio Kaku: Time Travel, Parallel Universes, and Reality
- ↑ Stephen Hawking held a party for time-travellers - but no-one turned up...
- ↑ Space and Time Warps. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-10. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Carl Sagan Ponders Time Travel
- ↑ The quantum physics of chronology protection
- ↑ ჰოკინგი, სტივენ (1992 წ). „ქრონოლოგიის დაცვის ვარაუდი“. ჟურნალი „Physical Review D". 46-ე ტომი (მე-2 გამოცემა): გვ. 603. Bibcode:1992PhRvD..46..603H. doi:10.1103/PhysRevD.46.603. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|year=
-ში (დახმარება) - ↑ Experimental Evidence for Time Dilation
- ↑ Time Warps an Everyday Occurrence : Discovery News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-12. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ NOVA Online | Time Travel | Time can Vary?
- ↑ If a person were to stay inside a hollow, high- mass object..
- ↑ Slowing Time to a Standstill with Relativity
- ↑ General Relativity & Black Holes
- ↑ STEPHEN HAWKING: How to build a time machine | Mail online
- ↑ სტივენ ჰოკინგი – როგორ ავაგოთ დროის მანქანა?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-23. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Brilliant article on time travel from Stephen Hawking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Hawking's ideas for building time machine
- ↑ გოტი, რიჩარდ (2002 წ). „დროში მოგზაურობა აინშტაინის სამყაროში“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|year=
-ში (დახმარება) გვ.33-130 - ↑ The Special Theory of Relativity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-13. ციტირების თარიღი: 2006-09-13.
- ↑ Relativity, FTL and causality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-30. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Do tachyons exist?
- ↑ მეცნიერებმა შესაძლოა სინათლეზე სწრაფი ნაწილაკი აღმოაჩინეს[მკვდარი ბმული]
- ↑ სუბატომური ნაწილაკები სინათლეზე სწრაფად არ მოძრაობენ[მკვდარი ბმული]
- ↑ A black hole that you can visit and survive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-17. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Neil Degrasse Tyson - What Happens When Two Black-Holes Collide?
- ↑ ვისერი, მეტ (1996 წ). ლორენცის ჭიის ხვრელები. Springer-Verlag, გვ. 100. ISBN 1-56396-653-0.
- ↑ Wormholes - An Overview and Comparison by Dr. David Lewis Anderson
- ↑ TRAVERSABLE WORMHOLES: SOME IMPLICATIONS
- ↑ Warp Drive More Possible Than Thought, Scientists Say
- ↑ How to Make an 'Energy-Efficient' Warp Drive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ Alcubierre Warp Drive
- ↑ NASA - Status of "Warp Drive". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 2014-08-17.
- ↑ BBC - Temporal Paradoxes
- ↑ 67.0 67.1 67.2 Time Travel Paradoxes
- ↑ What happens if you go back in time and kill your grandfather?
- ↑ Many-Worlds Interpretation of Quantum Mechanics
- ↑ Quantum Mechanics to the Rescue?
- ↑ The physics of time travel, by Dr Pieter Kok