დენიზა გოზალიშვილი
დენიზა გოზალიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1919, თბილისი — გ. 29 იანვარი, 1998) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, სპორტსმენი, მთასვლელი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.
1941-1947 წლებში მუშაობდა საქართველოს ისტორიის მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1951 წელს მეთოდისტად განათლების სამინისტროს ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტულ სადგურში. 1953 წლიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგ-მეთოდისტია. 1963-1990 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პასუხისმგებელ მდივნად. 1966 წელს მიიწვიეს ალექსანდრე ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპიურ კლუბში სასწავლო ნაწილის უფროსად. შეთავსებით გააგრძელა მუშაობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში. მთამსვლელობა და ტურიზმი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1940 წელს დაიწყო. 1941 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ზამთრის სათხილამურო ასვლის ხელმძღვანელის მოადგილეა, პირველი მთამსვლური ასვლების მონაწილე ჭაუხების მასივში, მწვერვალ „ვაჟა-ფშველაზე“, ზამთარში მყინვარწვერზე, ორწვერზე, მაილზე და სხვა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალდღიანი ტურისტული ლაშქრობები კავკასიონის რიგ უღელტეხილებზე (მამისონი, ზეკარი, გუდამაყარი და სხვა), ასვლები ყუროზე, ტერსკოლის პიკზე, იალბუზის ფერდობზე. 1969 წელს ხელმძღვანელობდა ბავშვთა საექსკურსიო-ტურისტული სადგურის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ ალპინიადას თრუსოს ხეობაში, 1971 წელს კი მეცნიერ მთამსვლელ ქალთა ზამთრის ასვლას მწვერვალ არაგაწზე ქართული ფეხსაბიჯებით (თხილამურებით), რომელიც მიზნად ისახავდა აგრეთვე სახალხო მეურნეობაში (დიდთოვლიანობაში) მათ გამოყენებას. მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ტარდებოდა პოპულარული საერთაშორისო ფოტო-კინო კონკურსი „მთები და ადამიანები“, ბავშვთა ნახატების კონკურსი „ჩემი მთები“. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა მთამსვლელთა მუზეუმი თბილისში და ყაზბეგში. გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომები ქართულ ენციკლოპედიაში, საკავშირო და ქართულ პრესაში. იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი კლდეზე ცოცვაში (1979), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1981 — საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტი დამსახურებული მუშაკი
- 1981 — საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- იალბუზი, თბ., საბჭ. საქართველო, 1987, გვ. 15
- მთის მგოსანი: იგორ კაზალიკაშვილის შემოქმედება, თბ., საბჭ. საქართველო, 1983, გვ. 30
- მთის ბილიკებით: ტურისტული ლაშქრობანი საქართველოს მთიანეთში, თბ., ნაკადული, 1980, გვ. 174
- მცხეთა: საკვირაო ტურისტული გასვლების მეგზური, თბ., საქ. ტურიზმის რესპ. საბჭო, 1966, გვ. 32
- ჯოკია: ეძღვნება გამოჩენილ მთამსვლელს დიმიტრი (ჯოკია) სერაპიონის ძე გუგავას, თბ., ატლანტი, გვ. 64
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 87