დარჩეთის ნაეკლესიარი
დარჩეთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ დარჩეთის დასავლეთ ნაწილში, გიოაანთ ხოდაბუნად წოდებულ ადგილზე, რომელსაც ასევე საბერესაც უწოდებენ. ნაეკლესიარი განეკუთვნება V-VI საუკუნეებს.
გადმოცემით ვიცით, რომ აქ მდგარა დარბაზული შვერილაფსიდიანი ეკლესია, რომელიც მოსახლეობის ზემოქმედებითაა დანგრეული. ეკლესიის ნანგრევები გათხრილი და გამოკვლეულია 1972 წელს, კაეს მიერ. შემორჩენილი ნანგრევების დასაფარად ისინი ამოვსებული იყო რიყის ქვის, კრამიტის და მხატვრულად დამუშავებული ქვასვეტების ფრაგმენტებით. ვარაუდობენ, რომ ეკლესია და ქვასვეტები ერთ ეპოქას განეკუთვნება. აქ აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს უმეტესად ახასიათებთ ბრტყელი და ფართოძირიანი სტილი, რომლებიც დამზადებულია წმინდა მარცვლოვანი თიხისგან და გამომწვარია მოჩალისფროდ ან მოვარდისფროდ. მიუხედავად მათი მსგავსი სტილისა, ზოგიერთი მათგანის ზედაპირი ნაპრიალებია და შემკულია ხშირი, ერთმანეთში ჩამჯდარი, ამოკაწრული ტალღური ორნამენტით. ვხვდებით დამზადების განსხვავებულ ვარიანტებს: წმინდამარცვლოვანი თიხისგან დამზადებულ, წითლად გამომწვარ ზედაპირნაპრიალებ თხელკედლიან ჭურჭელს და ქვიშანარევი თიხისგან დამზადებულ დიდი ზომის ჭურჭელს.
ვხვდებით ქვის სამარხს ნაეკლესიარის მახლობლად რომლის სიგრძე 2,2 მეტრია, სიგანე-0,9 მეტრი, ხოლო სიმაღლე-0,7 მეტრია. ის ნაგებია ფიქლის ფილებით და დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ქვებს შორის ნაპრალები კირით იყო გადალესილი. რიყის ქვის წყობის ერთი რიგი ჰქონდა დამატებული, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებთან გაეთანაბრებინა. სამარხი, რომელშიც 6 მიცვალებულის ჩონჩხი აღმოაჩინეს, კოლექტიური ყოფილა. ყოველი მომდევნო მიცვალებულის დაკრძალვა ნიშნავდა იმას, რომ წინა მიცვალებულების ჩონჩხი უნდა მიეხვეტათ სამარხის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებთან. თავდაპირველი პოზა მხოლოდ ბოლო, მეექვსე მიცვალებულს ჰქონდა შენარჩუნებული. იგი დაკრძალული იყო გულაღმა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა დალაგებული ხოლო ქვედა კიდურები მოხრილი. ქვედა კიდურების მოხრის სავარაუდოდ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ გაშლის საშუალებას არ იძლეოდა აღმოსავლეთსა და სამხრეთთან მიხვეტილი წინა გადაცვლილის ჩონჩხი.
სამარხში აღმოჩენილია რკინის მშვილდსაკინძისა და სამაჯურების ნატეხები, რომლებიც დაჟანგვის ძლიერ კვალს განიცდიან, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ეგრეთ წოდებული რგოლოვან-ღეროვანი ტიპის ბრინჯაოს ბეჭედი, ოქროს ცალი საყურე, სარდიონის და ოვალური ფორმის მარჯნის მძივები, რომბისებრი მოყვანილობის ფარაკიანი და ბრტყელი, ვიწრო რკალიანი ბრინჯაოს ბეჭედი. ბიზანტიასთან კავშირსა და მის გავლენას იმ დროის სოფელ დარჩეთზე გვიმტკიცებს ის, რომ ფარაკაზე გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, რომლის სამოსი ისეთივეა, როგორსაც ბიზანტიელი იმპერატორები ატარებდნენ, თავზეც ბიზანტიური გვირგვინი-სტემა ადგას. ასევე გვირგვინის დეტალები და წვერის მოყვანილობა, რომელიც ძალიან მიმსგავსებულის ბიზანტიის იმპერატორ ფოკას, რომელიც გამოსახულია მონეტებზე. ვარაუდობენ, რომ დარჩეთის ბეჭედი ბიზანტიურ ნახელავს უნდა წარმოადგენდეს. მასზე კი სამეფო წრის წარმომადგენელი უნდა იყოს გამოსახული; მემკვიდრეობით მიღებულ ძველ ნივთს უნდა წარმოადგენდეს რგოლოვან-ღეროვანი ტიპის ოქროს საყურე, რომელიც ადრეულია, მიეკუთვნება IV საუკუნეს. დანარჩენი ნივთები თარიღდება ერთი და იმავე დროით. ხოლო სამარხი VII საუკუნით თარიღდება.
აღმოჩენილია კონუსური, ვიწროპირიანი, სამეურნეო ორმო, რომელიც ნაეკლესიარიდან ჩრდილოეთით 0,5 მეტრის სიღრმეზეა. განსხვავებული სიღრმისა და დიამეტრის ორმოები მიწით იყო ამოვსებული. მათში ნაპოვნია ასევე კრამიტისა და თიხის ჭურჭლის თითო-ოროლა ნატეხი, რომელსაც ასევე გათხრილი ორმოს ირგვლივაც დიდი რაოდენობით შეხვდნენ. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ხშირია ქვით ნაგები შენობების ნანგრევებისა და ქვის სამარხების გამოჩენა. როდესაც მიწაზე მუშაობა მიმდინარეობდა, ნაეკლესიარის აღმოსავლეთით ხშირად ჩნდებოდა დიდი რაოდენობით ქვის დაზიანებული სამარხები, რომლებიც დაკარგულია.
ნაეკლესიარის ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 მეტრზე, მიწის ქვეშ არსებული რიყის ქვის ნაგებობა და მისი რამდენიმე კიბე, რომელშიც საკმაოდ ბევრი ადამიანის ძვალი იქნა აღმოჩენილი, ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა დანგრეული.
ნაეკლესიარის დასავლეთით, ხევებით შემოსაზღვრულ, კონცხისებრ მინდორზე აკრეფილი კერამიკის მიხედვით ივარაუდება, რომ ნამოსახლარი ანტიკური ხანის უნდა იყოს.
ნაეკლესიარის სამხრეთით, 200-ოდე მეტრზე, დგას სარდიონ ჩიფაშვილის კარ-მიდამო, რომელშიც 1974 წელს, მშენებლობის დროს გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვით I და ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეების ორმოსამარხი. სამარხში აღმოჩენილ იქნა ჭურჭლის სახეობები, როგორებიცაა: ორტუჩასა და ორყურას სასმისი და მოვარდისფროდ გამომწვარი, ნახევარსფერული, ომფალოსიანი, თხელკედლიანი ფიალა; ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი, უმნიშვნელოდ რკალშედრეკილი, გამსხვილებული წაკვეთილ ბოლოებზე ამოკაწრული სტილიზებული გველისთავებიანი სამაჯური; ორთითა, გრძელ, ოთხკუთხგანივკვეთიან ტარზე ორფხა სადგარმიმაგრებული რკინის შამფური. თანადროული სამარხისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარზე ანაკრები მასალა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ნამოსახლარის სამაროვანი მდებარეობს ამ სამარხის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გზის გაჭრისას, რომელიც მოხდა ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ეკლესიას შორის გამოვლინდა ორი ორმოსამარხი ძველი წელთაღრიცხვით I და ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეებში, რომლებიც დამხრობილი იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ერთ-ერთ ორმოსამარხში ნაპოვნია: მსხვილქვიშანარევი თიხისგან დამზადებული, მოვარდისფროდ გამომწვარი სამყურა და სამტუჩა ჭურჭელი, რომლის მხარი და მუცელი ამოღარული ზოლების სარტყელებითაა შემკული; ქვიშანარევი თიხისგან დამზადებული მოყავისფროდ გამომწვარი ხელადა, მსხვილქვიშანარევი, თიხის მოყავისფრო-მონაცრისფროდ გამომწვარი ქილა და ნაკლული ქოთანი. მეორე ორმოსამარხში აღმოჩნდა მსხვილქვიშანარევი თიხისგან დამზადებული ნაცრისფრად გამომწვარი მათარის და ორი უხეშკეციანი ჭურჭლის ნატეხები.
ნაეკლესიარის ჩრდილო-დასავლეთით, 500-იოდე მეტრზე, 1974 წელს სარწყავი არხის მშენებლობისას აღმოჩენილ იქნა IV-V საუკუნეების ორმოსამარხი. ის დამხრობილია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მასში დაკრძალულია ორი მიცვალებული. მათგან ერთ ჩონჩხს ზედა კიდურები აკლდა, ხოლო მეორისგან მხოლოდ რამდენიმე ძვალი იყო შემორჩენილი.
სამარხში ასევე ნაპოვნია: ტუჩიანი ნაკლული დოქი, ცალყურა, ტუჩიანი ჯამი, რკინის დანა, ბრინჯაოს ხვიები, მინის 2 მძივი-ერთი მომწვანო გამჭვირვალე, ღრმად გაოფრირებული, მეორე-ლურჯი, გამჭვირვალე.
სამარხის ახლოს აიკრიფეს დერგისა და წმინდამარცვლოვანი თიხისგან დამზადებული მოჩალისფროდ გამომწვარი, ერთმანეთში ჩამჯდარი ამოკაწრული ტალღური ორნამენტით შემკული პატარა ჭინჭილის ნატეხები. ჭურჭელი განეკუთვნება V საუკუნეს.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მამაიაშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 72.