დავით ხელაძე
დავით ხელაძე (დ. 1887 — გ. 21 აგვისტო, 1957) — ქართველი მესტამბე, გამომცემელი; პარიზის ქართული სტამბის დამაარსებელი.
დაიბადა ქუთაისში. მუშაობდა ასოთამწყობად ადგილობრიბ სტამბაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და საგამომცემლო საქმიანობა პარიზში განაგრძო. გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა“ (1931), კონსტანტინე კანდელაკის წიგნი „ეკონომიური კრიზისი“ და ლეისპირელის (პავლე სარჯველაძე) ლექსები (1932), შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბალმონტისეული რუსული თარგმანი (1933).
1933 წელს სოციალ-დემოკრატ დავით საღირაშვილთან ერთად „დ. ხელაძისა და ამხანაგობის“ ფრანგულ-კავკასიური სტამბა, რომელშიც იბეჭდებოდა ეროვნულ-დემოკრატთა ჟურნალი „სამშობლო“, გრიგოლ ფერაძის „ჯვარი ვაზისა“. 1930-იან წლებში ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა ასევე ალექსანდრე ასათიანის წიგნი „ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“, სტეფანე კასრაძის რომანი „თარი-არალე“, დავით ვაჩნაძის „კავკასიის პრობლემა“ (რუსულ ენაზე) და ნოე ჟორდანიას „სოციალიზმის სირთულეები“ (ფრანგულ ენაზე), გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი რასინის „მითრიდატე და ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“, ვლასა მგელაძის „ოცდაექვსი მაისი“, სამსონ ფირცხალავას „ისტორიული ლანდები“, კონსტანტინე კანდელაკის „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, თამარ პაპავას „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, ანჩინის (აკაკი ჩხენკელი) „სახელმწიფო და ერი“, დ’ტრეინის „ემიგრაციაში ნახული და გაგონილი“, გრიგოლ ურატაძის „საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოში 1821–1921 წლებში“, 1944 წელს — ქართველი ლეგიონერებისათვის განკუთვნილი მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“, 1948 წელს — შალვა სკამკოჩიშვილისა და მირიან მელუას „ქართულ ლექსიკონი“, ჟურნალი „ბედი ქართლისას“ და სხვა გამოცემები.
ხელაძე გარდაიცვალა ჟენევაში 1957 წელს. დაკრძალეს იქვე, წმ.გიორგის სასაფლაოზე; 1958 წელს გადაასვენეს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.