დავით და კონსტანტინე

(გადამისამართდა გვერდიდან დავით და კონსტანტინე მხეიძეები)

დავით და კონსტანტინე — ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული წყაროებით არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში. გმირულად იბრძოდნენ არგვეთში შეჭრილი არაბი სარდლის მურვან ყრუს წინააღმდეგ. არაბებმა შეიპყრეს და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მათი გვამები დაკრძალეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია (ტყიბულის მუნიციპალიტეტი). ქართულმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე დიდმოწამეთა სახელით წმინდანთა შორის შერაცხა (ხსენების დღე ძვ. სტ. 2 ოქტომბერი/ახ. სტ. 15 ოქტომბერი).

დავით და კონსტანტინე (მხატვარი მ. საბინინი, 1882)

დავით და კონსტანტინეს მარტვილობა

რედაქტირება

დავითისა და კონსტანტინეს ამბავი მოთხრობილია XII საუკუნის მეტაფრასულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, ანტონ კათალიკოსისეულ რედაქციაში (1768-1769) და XIII-XVIII საუკუნეების 5 სვინაქსარულ ვარიანტში. სხვა ისტორიული წყაროებით არგვეთის ეს მთავრები უცნობია. დავით და კონსტანტინე ერთმანეთის ახლო ნათესავები, ზოგი ვერსიით კი ძმები იყვნენ. არსებობს გადმოცემა, რომ ისინი მხეიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ.

აღნიშნული თხზულებების მიხედვით მურვან ყრუს სარდლობით არაბთა (წყაროებში „სპარსთა“) ურიცხვი ჯარი არგვეთში შეჭრილა, ფერსათის მთაზე არგვეთელთა ძლიერ წინააღმდეგობას წაწყდომია, მაგრამ მოუხერხებია წყალწითელაზე გამარჯვების მოპოვება და არგვეთი აუოხრებია. საბოლოოდ დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუმ შეიპყრო და მათ ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. მთავრები სასტიკად აწამეს და ცოცხლად ჩაყარეს „მდინარესა მას ფასონსა, რომელ არს ენითა ქართულითა რიონი“. ქართველებმა წამებულთა ცხედრები წყლიდან ამოასვენეს და მტრის მიერ დანგრეული ეკლესიის მახლობლად მღვიმეში დაკრძალეს. შემდგომში ამ ადგილს მოწამეთა უწოდეს, ხოლო „დიდმა ბაგრატმა“ (ბაგრატ III) დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილების განსასვენებლად აქ ტაძარი ააგო.

დავით და კონსტანტინეს ნაწილები

რედაქტირება
 
წმინდა ნაწილები მოწამეთაში

დავით და კონსტანტინეს უხრწნელ წმინდა ნაწილებად მიჩნეული რელიქვიები მოწამეთას მონასტერში საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. XVIII საუკუნის მწიგნობრის ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „სხენან აქა ტაგრუცთა შინა მოწამენი ქრისტესნი დავით და კოსტანტინე, მდებარენი აწცა ჴორცითავე, რომელნი აწამნა მურვან ყრუმ“. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1923 წლის 18 თებერვალს ანტირელიგიური პროპაგანდით წაქეზებულმა ბრბომ მოწამეთა დაარბია. მონასტერში დაცული ნეშტები ქუთაისში ბიოსამედიცინო ექსპერტიზაზე წაიღეს. იმავე წელს მოწამეთას მონასტრის დახურვის შემდეგ ქუთაისის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ტრიფონ ჯაფარიძის მეცადინეობით დავით და კონსტანტინეს ნაწილები ახლადშექმნილი ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ანთროპოლოგიურ კოლექციაში განთავსდა, 1954 წლის 20 ივნისს კი, საბჭოთა ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ, კვლავ ახლადგახსნილ მოწამეთას მონასტერს დაუბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წერეთელი გ., გაზ. „კვალი“, 1893 წ. №45.
  • საბინინი მ., საქართველოს სამოთხე, 1882, გვ 324-330, 333.
  • გაბიძაშვილი ე., დავით და კონსტანტინეს სვინაქსარული წამება, შრომები: ტ. 3, თბ., 2011, გვ. 151-158.
  • ბუბულაშვილი ე., უცნობი მასალები წმ. დიდმოწამე არგვეთის მთავრების დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილების შესახებ, „რელიგია“, №3, 2012, გვ. 19-26.