დავით დეფი

ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი და მულტიმედია არტისტი
(გადამისამართდა გვერდიდან დავით გოგიბედაშვილი)

დავით დეფი ასევე დავით დეფი გოგიბედაშვილი (დ. 21 ივნისი, 1968, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, პოეტური ორდენის „სამკაულის“ დამაარსებელი.

დავით დეფი
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1968(1968-06-21) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი, მსახიობი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
Magnum opus დემნა გედევანიშვილი და გული ძგერს
შვილ(ებ)ი ანდრო გოგიბედაშვილი (ფსევდონიმით Saphileaum)
საიტი dephy.ge

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით დეფი დაიბადა ქალაქ თბილისში 1968 წლის 21 ივნისს. დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია. ტელეკომპანია „მეორე არხში“ დააარსა ორიგინალური საავტორო მედიაპროექტი „მზეRA“. 1995 წლიდან 2000 წლამდე თანამშრომლობდა ცნობილ რეჟისორებთან ოთარ იოსელიანთან და ნანა ჯორჯაძესთან. არის მთელი რიგი პოეტური პერფორმანსებისა და აქციების სულისჩამდგმელი და მონაწილე. „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო დაუმორჩილებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2004 წლის 21 მაისს დააარსა პოეტური ორდენი „სამკაული“. განახორციელა ოთხნაწილიანი პოეტური აქცია „ოთხი სტიქია“, გამოიცა წიგნი „სამკაული“ და ორნაწილიანი აუდიოალბომი „ამიშვი ცამდე“. რუსული ინტერვენციის დროს ჩაეწერა მოხალისეთა არმიაში, დააარსა სამოქალაქო სოლიდარობის შტაბი. 2008 წელს ლვოვის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე განახორციელა პოეტური პროექტი „ობსერვატორია“, სადაც თავის ლექსებში პირველმა გამოიყენა კვადროფონია ვიზუალურ წარმოდგენასთან ერთად. 2010 წელს გამოვიდა მისი პოეზიის აუდიო–ალბომი დაფიონი Supernova Domine. 2011 წელს სალმან რუშდის მიერ მიწვეულია ნიუ-იორკში მსოფლიო პენ-ფესტივალზე, სადაც ლორი ანდერსონთან ერთად ანტერბერგის პოეზიის დარბაზში, მანჰეტენში, ლექსინგტონ-ავენიუზე პოეზიისა და მუსიკის დიდი წარმოდგენა გაიმართა. მონაწილეობას მსოფლიოს ცხრა პოეტი იღებდა, მათ შორის პულიცერის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი პოეტი იუზეფ კომუნიაკა. მისი მოთხრობა „დასასრულამდე“ შეტანილია ამერიკულ მსოფლიო გამოცემაში „ევროპის საუკეთესო ნაწარმოები 2012 შედგენილი ალექსანდრე ჰემონის მიერ“. ამერიკული ლიტერატურული საზოგადოება „ლედიგ ჰაუსი“-ს და ამერიკული პენ კლუბის „პენ მსოფლიო ხმები“-ს წევრი. საქართველოს უნივერსიტეტის შემოქმედებითი კონსულტანტი.

2017 წელს ავსტრიულმა ბრენდმა იულიუს მაინლმა დეფი პოეზიის წლის რჩეულ ამბასადორად გამოაცხადა. ამავე წელს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ დეფის პოეზია, კრებული „სააღდგომო ლექსები“ პოემა „მეფე პოეტი“ საღმრთო ლიტურღიაში ოფიციალურად შეიტანა და უშუალოდ ტაძარში, მშვიდობის კათედრალში, დავით დეფის პოეზიის ცოცხალი წარმოდგენაც შედგა.[1]

შემოქმედება

რედაქტირება

ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა 25 წლის ასაკში დაიწყო. ერთდროულად პროზა და პოეზია. ინსპირირება მიიღო ედგარ ალან პოსგან. 1994 წელს გამოაქვეყნა ესეების კრებული „მკვდარი დრო“, რომელიც შეეხებოდა ადამიანის ბედს იმდროინდელ მსოფლიოში. წიგნი შედგება ციტატებით ბიბლიიდან და მოიცავს ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. 2000 წელს გამოდის დიალოგების ორიგინალური კრებული „P. S.“ — დიალოგები წიგნის გმირებთან, მათი ბედი ავტორიზირებულ ტექსტში. 2003 წლიდან ზედიზედ ქვეყნდება მისი სამი რომანი: „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“, „დეკემბრის თილისმა“, „დილა სასაწაულების წინ“. რომანი „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“ ითარგმნა გერმანულ ენაზე. 2007 წელს გამოიცა დეფის მიერ შესრულებული თარგმანი ხალილ ჯიბრანის „წინასწარმეტყველისა“, ხოლო 2008 წელს გამოდის მისი ფუნდამენტური ნამუშევარი, რომანი „დემნა გედევანიშვილი“, ორნაწილიანი რომანი პროლოგითა და ეპილოგით და გაგრძელებით ინტერნეტში, რაც ათავისუფლებს ტექსტს ყდაში ჩასმული ჩარჩოებისგან. ეს არის „ამბავი კაცისა, ვისაც უყვარდა, სწამდა და ჰქონდა იმედი“. 2013 წელს მისი სამი რომანი „ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“, „დილა სასწაულების წინ“, „სიტყვები სიტყვები სიტყვები“ და ორი მოკლე მოთხრობა „სკამი“, „იასამნისფერი ლეკვი თეთრ ტილოზე“ ბრაზილიაში გამოიცა.

2003 წელს გამოიცა ლექსების წიგნი „ზურმუხტი და საფირონი“. 2004 წლიდან ქვეყნდება მისი პოეტური ტრილოგია „დაიქცა“, რომელიც მოიცავს სამ დამოუკიდებელ წიგნს: „და“, „იქ“, „ცა“. 2006 წელს გამოიცა ლექსების კრებული „სამკაული“ და აუდიოალბომი „ამიშვი ცამდე“, ჩატარდა რიტუალური აქციები დიდგორის ველზე („სტიქია ცეცხლი“), სადაც დაიწვა ორდენის პოეზია. მას მოყვა მეორე აქცია: „სტიქია მიწა“ — სამების საკათედრო ტაძართან ორდენს გამოეყო მიწის მცირედი ნაკვეთი, სადაც დაირგა ბროწეულის ხე და მის ფესვებში ჩაიდო ორდენის ლექსები. „სტიქია წყალი“ — სამკაული ნავებით გავიდა ზღვაში, სადაც ჩატარდა პოეტური პერფორმანსი და ბოთლებში ჩადებული ლექსები მიეცა წყალს. სამკაულისგან განცალკევებით დეფიმ შექმნა ახალი პროექტი „High Definition“, რომელიც მოიცავს მისი პოეზიის აუდიო და ვიდეო ალბომს სახელწოდებით „დაფიონი — Super Nova Domine“. მისი ნაწილი, სახელწოდებით „ობსერვატორია“, 2008 წელს ქალაქ ლვოვში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგინეს და უკრაინული მედიის მიერ უაღრესად პოზიტიურად შეფასდა. 2012 წელს აბასთუმნის ობსერვატორიაში შედგა მისი პოეზიის აუდიო ალბომის „დაფიონი“ გაჟღერება კვადროფონიულ აპარატურაზე და ტელესკოპში კი პოეზიის ღია საღამო ჩატარდა. 2012 და 2013 წლებში მუშაობს როკ-ჯგუფ „სანდასთან“ ერთად პოეზიის და მუსიკის ერთობლივ პროექტზე „თქვენ შორის ღმერთია“.

კინოროლები

რედაქტირება

შესრულებული აქვს მთავარი როლი მარინა კულუმბეგაშვილისა და მამუკა ბერიკას ფილმში „მანდალა“ (1993). მთავარი როლი ოთარ იოსელიანის ფილმში „ყაჩაღები — თავი VII“, რომელმაც მიიღო ჟიურის სპეციალური გრანპრი ვენეციის კინოფესტივალზე (1997), ერთ-ერთი როლი ნანა ჯორჯაძის ფილმში „27 დაკარგული კოცნა“ (2000), წამყავნი როლი ზინოვი როიზმანის ფილმში „დრონგო“ (2000). წამყავნი როლი თორნიკე ბზიავას ფილმში „დელირიუმ“ (2004).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • 2018 — „იგივე იგავი“ — პოეზია. გამომცემლობა „შემეცნება — სერია ცა“
  • 2018 — „სამყაროს ყველა საიდუმლო“ — რომანი. აშშ. გამომცემლობა „მედ ჰეთ ფრეს“ ინგლისური თარგმანი ადამ სმართი
  • 2016 — „გვირგვინოსანი“. რომანი. გამომცემლობა „შემეცნება — სერია ცა“
  • 2016 — „მეფე პოეტი“. პოემა. გამომცემლობა „შემეცნება — სერია ცა“
  • 2015 — „აბსოლუტური ნიუ იორკი“. პოეზია. „საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“
  • 2014 – „სააღდგომო ლექსები“. პოეზია. გამომცემლობა „შემეცნება — სერია ცა“
  • 2014 — „თქვენ შორის ღმერთია“. პოეზია. გამომცემლობა „სიესტა“
  • 2014 — „დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება". რომანი. გამომც. „სიესტა“
  • 2014 — „სამყაროს ყველა საიდუმლო". რომანი. გამომც. „სიესტა“
  • 2012 — „აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ“. პოეზია. გამომც. „წიგნები ვაკეში“
  • 2011 — „სევდია". პოეზია. გამომც. "წიგნები ვაკეში"
  • 2010 — „ბაღები“. რომანი. გამომც. „სიესტა“
  • 2010 – „დნმ სიმფონია“. პოეზია. სამნაწილიანი წიგნი. გამომც. „შემეცნება — სერია ცა“
  • 2009 –2010 „დაფიონი SUPERNOVA DOMINE“. პოეზია.აუდიო–ალბომი სიმებიან კვარტეტთან და ელექტრონულ ბენდთან ერთად. გამომც. „სანო სტუდია“.
  • 2009 – „დაიქცა“. პოეზია. გამომც. „სიესტა“
  • 2009 — „ნათებანი SUPERNOVA DOMINE“. ლექსების კრებული. გამომც. „შემეცნება — სერია ცა“
  • 2008 — „დემნა გედევანიშვილი“. რომანი. გამომც. „შემეცნება — სერია ცა“ (რომანის მეორე გამოცემა 2012 წელი გამომცემლობა „წიგნები ვაკეში“)
  • 2008 — „იქ“. ლექსების კრებული. გამომც. „სიესტა“
  • 2007 — აუდიო ალბომი „სამკაული — ამიშვი ცამდე“
  • 2007 — „სამკაული“. ლექსების კრებული. გამომც. „შემეცნება“
  • 2007 — „წინასწარმეტყველი — ხალილ ჯიბრანი“. თარგმანი ინგლისურიდან. გამომც. „ინტელექტი“
  • 2007 — „Finde mich mein Zwillingsbruder“. (რომანი „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“ გერმანული თარგმანი) გამომც. „სიესტა“
  • 2006 — „და“, „ცა“, ლექსების კრებული. გამომც. „სიესტა“
  • 2005 — „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“. რომანი. გამომც. „სიესტა“
  • 2004 — „დილა სასწაულების წინ“. რომანი. გამომც. „შემეცნება — სერია ცა“
  • 2003 — „დეკემბრის თილისმა“. რომანი. გამომც. „შემეცნება — სერია ცა“
  • 2003 — „P. S.“ — დიალოგების ორიგინალური კრებული. გამომც. „საარი“
  • 2003 — „ზურმუხტი და საფირონი“. ლექსები გამომც. „სიესტა“
  • 1994–1997 – „მკვდარი დრო“. ესსეები. გამომც. „ნეკერი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება