კონსტანტინე დადიშქელიანი

(გადამისამართდა გვერდიდან დადიშქელიანი, კონსტანტინე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადიშქელიანი.

კონსტანტინე (მურზაყან) მიხეილის (ციოყის) ძე დადიშქელიანი (დ. 1826, სოფ. ფარი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 ნოემბერი, 1857, ქუთაისი) — სვანეთის (ჩუბეხევი) უკანასკნელი მთავარი (დაახლ. 1842-1857).

კონსტანტინე დადიშქელიანი

ციოყ დადიშქელიანის და ჯერუმხანის (ნათლობაში — მარიამი, გვარი უცნობია) შვილი. ადრე დაობლებულს ბებია — დიგორხან დადიშქელიანი მეურვეობდა. მანვე შეასწავლა წერა-კითხვა და რამდენიმე ენა. 1842 წელს ყვავილის ეპიდემიის გამო გახიზნული იყო სამეგრელოს სამთავროში. ამით ისარგებლა მისმა ნათესავმა, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელმა თათარყან დადიშქელიანმა და თავს დაესხა სოფელ ფარს. ბრძოლაში დაიღუპა დიგორხანი. რუსეთის მთავრობის მოხელეების ჩარევით კონფლიქტი დროებით შეჩერდა და თათარყანმა კონსტანტინეს მამულები დაუბრუნა. დადიშქელიანს მტრობდნენ ასევე სამეგრელოს, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი მფლობელი. კონსტანტინე ითვლებოდა რუსეთის ქვეშევრდომად, ჰქონდა ლაიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკის როტმისტრის წოდება. 1857 წელს კონსტანტინეს ძმებმა — თენგიზმა და ისლამმა სისხლის აღების განზრახვით მოკლეს თათარყანის შვილი — ჯანსუღი. რუსეთის მთავრობამ და სამეგრელოს ხელისუფლებამ კონსტანტინეს ნათესავების სამფლობელოების მიტაცების, ასევე თავისუფალი სვანეთის თემების დაპყრობის განზრახვაში დასდო ბრალი. ქუთაისის გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა კონსტანტინე დადიშქელიანი თავისთან იხმო და 1857 წლის 22 ოქტომბერს შეხვედრისას მისი გასახლების გადაწყვეტილება გამოუცხადა. შელაპარაკებისას დადიშქელიანმა სასიკვდილოდ დაჭრა გაგარინი, მოკლა მისი ერთი ჯარისკაცი და დაჭრა რამდენიმე. გაქცევის მცდელობისას შეიპყრეს და სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით ქუთაისში დახვრიტეს. 1862 წელს გუბერნიის ერთ-ერთი მოხელის ნებართვით მისი ნეშტი ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს.

კონსტანტინეს ცოლად ჰყავდა (1849 წლიდან) ადილხან (რუსუდან) ალექსანდრეს (ალიბეის) ასული შარვაშიძე (დ. 1829), აფხაზი მთავრის — გრიგოლ შარვაშიძის და. დადიშქელიანის სიკვდილით დასჯის შემდეგ მათი შვილები ციმბირის კადეტთა კორპუსში გაამწესეს, შემდეგ მამულები უბოძეს ტავრიის გუბერნიის ჩრდილოეთში (ახლანდ. მელიტოპოლის რაიონი, უკრაინა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გასვიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 257.
  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 88-89.