ქუთაისის არქიელის გორის წმინდა გიორგის ეკლესია
ქუთაისის არქიელის გორის წმინდა გიორგის ეკლესია — ქრისტიანული ტაძარი ქუთაისში. მდებაროებს უქიმერიონის გორაზე, მთის მოსწორებულ ბაქანზე გაშენებულ ძველ სასაფლაოზე.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლარის ქვის თარაზლული წყობით ნაგები ტაძარი, გეგმით წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას შვერილი, სამნაწილიანი აბსიდითა და დასავლეთიდან მიდგმული სამრეკლოთი. ეკლესია მაღალ, ორსაფეხურიან ცოკოლზეა დაფუძნებული. ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით კარ-სარკმლების გლუვ-ლილვიან მოჩარჩოებას. სადა პროფილისაა კარნიზიც. სამივე შესასვლელის წინ მოთავსებულია საფეხურებიანი ბაქნები. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესიის ინტერიერში სივრცე აღმოსავლეთით, პასტოფორიუმებით ფლანკირებული ნახევარწრიული საკურთხევლით სრულდება. საკურთხევლის წინ კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა მოწყობილი. პასტოფორიუმების აბსიდები თაღოვანი ღიობებით უკავშირდებიან საკურთხეველს. ეკლესიის შიდა სივრცის ცენტრალურ ნაწილში მაღალ ბაზისებზე დაფუძნებული ოთხი მასიური სვეტია მოცემული, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა თავისი ნახევარწრიული გუმბათქვეშა თაღებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხორციელდება აფრების საშუალებით. გუმბათში თორმეტი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის გრძივ კედლებში დატანებული ღიობები სიმეტრიულადაა განლაგებული. ცენტრალურ შესასვლელს წარმოადგენს დასავლეთით გაჭრილი მაღალი კარი, რომელსაც შევყავართ ჯერ დახურულ კარიბჭეში, ხოლო შემდეგ უშუალოდ ეკლესიაში. ეკლესიასთან დამაკავშირებელი კარის მარცხენა წირთხლში მოწყობილია სამრეკლოზე ასასვლელი კიბე. სამრეკლო სამსართულიანია. პირველი სართული საკუთრივ კარიბჭეს წარმოადგენს, მეორე დახურული სათავსია,რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია მოთავსებული, მესამე სართული კი თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. ნახევარწრიული თაღები მრგვალ სვეტებზეა დაფუძნებული. ეკლესიის ინტერიერი რამდენიმე წლის წინ მოუხატავთ. მოხატულობაში წარმოდგენილი არიან საერო და სასულიერო პირები. კლასიცისტურ სტილში აგებული ეს ეკლესია, თავისი მასშტაბითა და ადგილმდებარეობით, ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვერტიკალს წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9924
- ორი ისტორიული საფლავი ქუთაისის არქიელის გორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გალავანში // infoimereti.ge