დაბრუნება (2006 წლის ფილმი)
დაბრუნება (ესპ. Volver) — პედრო ალმოდოვარის მიერ 2006 წელს გადაღებული ფილმი. ფილმის შინაარსი დაფუძნებულია ალმოდოვარის უწინდელ ფილმზე „ჩემი საიდუმლოს ყვავილი“, სადაც ფილმის მთავრ გმირს აქვს ამგვარი შინაარსის რომანი, რომელსაც არ დაუბეჭდავენ, სამაგიეროდ მოიპარავენ და გამოიყენებენ ახალი ფილმის სცენარისთვის. რეჟისორის სიტყვებით, ეს არის ისტორია, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები არიან „ბებია, დედა, ქალიშვილი, მოჩვენებები და ტანგო.“ ალმოდოვარი ამბობს ამ ისტორიაზე: „ის არის სწორედ სიკვდილზე... და უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ სიკვდილი. სცენარი მოგვითხრობს მდიდარ კულტურაზე, რომელიც სიკვდილით არის გარშემორტყმული ლა-მანჩას მხარეში, სადაც მე გავიზარდე. ეს ისტორია არის ცხოვრების გზის (არა ტრაგიკული) შესახებ, რომელზეც სხვადასხვა თაობის ქალი პერსონაჟები ეთვისებიან ამ კულტურას“. ფილმის პრემიერა მოეწყო 2006 წლის 10 მარტს, ესპანეთის ქალაქ პუერტოლანოში, სადაც მიმდინარეობდა მისი გადაღება.
„დაბრუნება“ | |
---|---|
რეჟისორი | პედრო ალმოდოვარი |
პროდიუსერი | ესტერ გარსია,(პროდიუსერი) ავგუსტინ ალმოდოვარი (აღმასრულებელი) |
სცენარისტი | პედრო ალმოდოვარი |
როლებში |
პენელოპე კრუზი კარმენ მაურა ლოლა დუენიასი ბლანკა პორტილო იოანა კობო ჩუს ლამპრეავე |
კომპოზიტორი | ალბერტო იგლესიასი |
დისტრიბუტორი | Sony Pictures Classics |
ხანგრძლივობა | 121 წუთი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
ბიუჯეტი | €9 400 000 |
შემოსავალი | $84 021 052 |
სიუჟეტი
რედაქტირებარაიმუნდა და სოლედადი (შემოკლებით სოლი), არიან დები რომლებიც ლა-მანჩას ერთ-ერთ სოფელში გაიზარდნენ, ახლა კი მადრიდში ცხოვრობენ. მათი მშობლები ხანძრის დროს დაიღუპნენ რამდენიმე წლით ადრე. მოვლენები, რომლებიც განვითარდა ღამე, ხანძრის დროს, მჟღავნდება ფილმის მსვლელობისას და ისინი არის ფილმის სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სოლე ჩადის სოფელში დეიდამისის, პაულას დაკრძალვაზე. პაულას მეზობელი აგუსტინა შეშინებული უყვება სოლეს, რომ მან დაინახა დეიდა პაულა როგორ ესაუბრებოდა სოლეს დედის, ირენეს, აჩრდილს. სოფლიდან დაბრუნებულ სოლეს თავისი მანქანის საბარგულიდან ხმა შემოესმება და აღმოჩნდება რომ ეს დედამისია, რომელიც სოფლიდან გამოჰყოლია. შეშინებული სოლე დასთანხმდება დედამისს დარჩეს მასთან გარკვეული დროის მანძილზე. თავად სოლეს სილამაზის სალონი აქვს თავის სახლში, ირენე კი ეხმარება მას სხვადასხვა საქმის კეთებაში, როგორც რუსი ქალი. სოლე ცდილობს დაადგინოს თუ რატომ დაბრუნდა დედამისის აჩრდილი დედამიწაზე, იქნებ რაიმე დაგრჩა გასაკეთებელი? - ეკითხება დედამისს. ირენეს სურს გაიგოს თუ რატომ სძულს რაიმუნდას დედამისი.
ამ დროს რაიმუნდა და თავისი შვილი ცდილობენ სხვა სახის პრობლემა გადაჭრან. პაოლას მამობილი პაკო შეეცდება მის გაუპატიურებას. საკუთარ საქციელს ამართლებს იმით, რომ იგი პაულას ბიოლოგიური მამა არ იყო. შეშინებული პაულა თავის დაცვისას დანის ჩარტყმით მოკლავს პაკოს. რაიმუნდა კი ქმრის გვამს მეზობლად უფუნქციოდ დარჩენილი რესტორნის საყინულეში დამალავს. თავად რესტორნის პატრონი ქალაქგარეთაა წასული და რესტორნის გასაღებს რაიმუნდას ჩააბარებს, თუ გამოჩნდებიან პოტენციური კლიენტები რაიმუნდამ დიასახლისის მოვალეობა უნდა შეითავსოს. რაიმუნდა გაუმჟღავნებს პაულას რომ პაკო მართლაც არ იყო მისი ნამდვილი მამა და შეპირდება, რომ ოდესმე აუცილებლად მოუყვება მთელს ისტორიას. რაიმუნდა დაიქირავებს საბარგო მანქანას და თავისი ქმრის ნარჩენებს წაიღებს მდინარე ხუკარის ნაპირას დაფლავს. სოლეს მიბარებული პაულა კი ბებიამისს ხვდება.
აგუსტინას კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. იგი მადრიდში ჩადის სამკურნალოდ. საავადმყოფოში მწოლარე აგუსტინას მოინახულებს რაიმუნდა. აგუსტინა მას ეკითხება თუ ნახა მან ირენეს აჩრდილი და სურს გაიგოს მისგან დედამისის ამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკვალოდ გაუჩინარდა. მეორე საღამოს აგუსტინა მიდის რაიმუნდასთან, რათა კვლავ სთხოვოს მას შეეკითხოს დედამისს აგუსტინას დედის ადგილსამყოფელი. აგუსტინამ მიაგნო ორ საიდუმლოს: აგუსტინას დედას და რაიმუნდას მამას ერთმანეთი უყვარდათ და მისი დედა გაქრა იმ საღამოს როცა რაიმუნდას მშობლები დაიღუპნენ.
საბოლოოდ სოლე გაუმჟღავნებს რაიმუნდას, რომ მან ნახა დედამისის აჩრდილი და იგი მეორე ოთახში ზის და ტელევიზორს უყურებს პაულასთან ერთად. სოლე თავის შეშინებულ, გაბრაზებულ და შეცბუნებულ დას არწმუნებს შეხვდეს დედას. რაიმუნდა ეკითხება დედამისს, ცოცხალიათუ აჩრდილი არის? ირენე აღიარებს, რომ იგი არ დაღუპულა ხანძრის დროს. ყველაფერს ფარდა ეხდება მაშინ როცა ირკვევა, რომ დედა-შვილს შორის გაუცხოების მიზეზი გახდა ის, რომ რაიმუნდას მამა ძალას ხმარობდა მასზე, რაც დაბოლოვდა პაულას დაბადებით. ამგვარად, პაულა რაიმუნდას შვილიცაა და დაც. რაიმუნდა კი გაბოროტდა, დედამისი რომ ვერ ხვდებოდა ვერაფერს. ადრე თუ გვიან, ირენე იმასაც მიხვდა რომ თავისი ქმარი აგუსტინას დედასთან ღალატობდა და ამ ყველაფრის გამო ხანძარი მოაწყო, რათა ქმარი მოეკლა. ხოლო აგუსტინას დედის ფერფლი ირენეს ფერფლი ეგონათ და მიიჩნიეს რომ ირენე დაღუპულიყო ხანძრის დროს. შეშინებული ირენე დის სახლში დაიმალა და მას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებითვის თავის გართმევაში. ირენეს ხელს აძლევდა ის გარემოებაც, რომ იმ საზოგადოების წევრები ცრურწმენების გავლენის ქვეშ იყვნენ და არ გაუჭირდათ დაჯერება იმისა, რომ ირენე საიქიოდან დაბრუნდა.
ფილმი ბოლოვდება იმით, რომ ოჯახი კვლავ გაერთიანდება დეიდა პაულას სახლში. ირენე ეჩვენება აგუსტინას, რომელსაც სჯერა, რომ ირენეს აჩრდილს ხედავს. ირენე გადაწყვეტს დაავადებულ აგუსტინას მოუაროს.
როლებში
რედაქტირება- პენელოპე კრუსი - რაიმუნდა
- კარმენ მაურა - ირენე
- ლოლა დუენიასი - სოლედადი
- ბლანკა პორტილო - აგუსტინა
- იოანა კობო - პაულა
- ჩუს ლამპრეავე - ტია პაულა
კრიტიკა
რედაქტირებაფილმის გამოსვლას ესპანური კრიტიკა აღტაცებით შეხვდა. ესპანურმა კინოს ყველაზე წარმატებულმა ჟურნალმა „ფოტოგრამას“ ხუთვარსკვლავიანი შეფასება მისცა. კანის კინოფესტივალზე გამოჩენამ ოვაციები გამოიწვია. იყო ნომინირებული ოქროს პალმის რტოზე, მოიგო საუკეთესო მსახიობი ქალი (ჯილდო ექვსივე შემსრულებელმა ქალმა მიიღო) და საუკეთესო სცენარი. გარდა კანი კინოფესტივალის ჯილდოებისა, პენელოპე კრუსი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ასევე ოსკარზე, რითაც იგი გახდა მეორე ესპანელი მსახიობი ქალი, რომელიც ნომინირებული იქნა ოსკარზე, BAFTA-სა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი.