დაბლაგომის არქეოლოგიური ძეგლები

(გადამისამართდა გვერდიდან დაბლაგომის ნამოსახლარი)

დაბლაგომის არქეოლოგიური ძეგლები — არქეოლოგიური ძეგლები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაგომში. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, რომ დაბლაგომი ანტიკური ხანის კოლხეთის სამეფოს ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო კერამიკული წარმოება.

1929 წელს შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. IV საუკუნის ე. წ. დაბლაგომის განძი — ვერცხლის ფიალა, რომელშიც კოლხური მონეტები და ელექტრუმის წყვილი საყურე ეწყო. გათხრები ჩატარდა 1936 წელს (ნიკო ბერძენიშვილი, ბორის კუფტინი, ნინო ხოშტარია). არქეოლოგიური ძიებანი განახლდა 1970 წლიდან (ვერა თოლორდავა). დაბლაგომში ნაციხვარისა და ნასაკირევის ბორცვებზე, გათხრილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი და ნასახლართა ნაშთები. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი და ზედაპირგაპრიალებულია. ჭურჭელი უმეტესად დიდი ზომისაა (ყურებიანი ან შვერილებიანი პითოსები და ქოთნები), ზოგს ძირზე ჭილოფის ანაბეჭდი ეტყობა, გვხვდება დისკოსებრი ხუფები, აღმოჩენილია აგრეთვე ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ფოთლისებრი შუბისპირი, კაჟისა და ობსიდიანის ანატკეცები.

მსგავსი მასალა აღმოჩენილია როგორც დასავლეთ (ოჩამჩირე, დიხა გუძუბა), ისე აღმოსავლეთ საქართველოში (კიკეთი, დიდუბე, ოზნი). ანტიკური ხანის სამოსახლო წარმოდგენილია ხის წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშების ფენებით. დადასტურებულია ცხოვრების 2 პერიოდი: ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. VI–IV სს.) და ადრინდელი ელინისტური (ძვ. წ. IV–III სს.). ადრინდელი ანტიკური ხანის ფენაში აღმოჩნდა კვეთილი და ნაკაწრი დეკორით შემკული კოლხური კერამიკის ფრაგმენტები (სასმისები, დოქები, ჯამები, ქვევრები და სხვ.). ადრინდ. ელინისტური პერიოდისაა დაბლაგომში აღმოჩენილი ქვევრსამარხები. სამარხად იყენებდნენ ჩვეულებრივ სამეურნეო დანიშნულების კოლხურ ქვევრებს, რომლებიც მიწაში მეტწილად პირქვე იყო ჩადგმული. თუმცა გვხვდება ჰორიზონტალურად ჩადებული ქვევრსამარხებიც. ქვევრს გადახერხავდნენ ან გადატეხდნენ და ჩაასვენებდნენ ხელფეხმოკეცილ მიცვალებულს მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე. სამარხეული მასალა საკმაოდ ღარიბულია (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სამკაული, ვერცხლის მონეტები — კოლხური თეთრი), რაც გვიჩვენებს, რომ ქვევრსამარხებში კრძალავდნენ საზოგადოების რიგით წევრებს. 1972 წელს ნაციხვარის ბორცვზე აღმოჩნდა ძვ. წ. III ს. I ნახევრის წარჩინებული პირის მდიდრული სამარხი — სინოპური კრამიტით გადახურული სწორკუთხა ხის ნაგებობა, რომელიც კლდეში ამოკვეთილ ორმოში იდგა. მასში აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რკინის იარაღი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები და საკიდები, უამრავი ადგილობრივი და შემოტანილი თიხის ჭურჭელი (3 კოლხური, 2 სინოპური ამფორა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოლორდავა ვ., ფხაკაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 225-228.