გრიგოლ იაშვილი (დ. 1902, ობჩაში — გ. 15 ნოემბერი, 1955) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი მამის საკუთრებაში ყოფილა 120 დესეტინა ვენახი და ორი ხის სახლი, მათგან ერთი ქალაქ ქუთაისში.

1919 წელს გრიშამ დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. 1919 წლიდან 1921 წლამდე სწავლობდა თბილისის იუნკერთა სკოლაში. 1921 წლის იანვრიდან 11 მარტამდე მსახურობდა მენშევიკური გვარდიის გენშტაბში მთავარსარდლის პირად მცველად.

1921 წელს საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში გახიზვნის შემდეგ ქვეყანა დატოვეს იუნკერბმაც. პირველ ხანებში კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, 1922 წელს, კი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. გრიგოლ იაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც სამხედრო სკოლა დაამთავრა. 1921–1927 წლებში მსახურობდა პოლონეთის არმიაში ოფიცრის თანამდებობაზე პორუჩიკის ჩინით. 1927 წელს ცოლად შეირთო პოლონელი ფაბრიკანტი იანილა მიხეილის ასული ფრიდერუბნე.

პოლონეთ–გერმანიის ომის დროს გრიშა იაშვილი ვარშავის გარნიზონის სამეურნეო ოცეულის მეთაური იყო. კაპიტულაციის შემდეგ დაუბრუნდა ძველ საცხოვრებელს ქალაქ პოზნანში. 1940 წელს გახდა „კავკასიური კომიტეტის“ წევრი. პოზნანში ცხოვრებისას იგი მიხეილ კვალიაშვილთან ერთად, რომელთანაც იუნკერთა სკოლიდან მეგობრობდა, ეწეოდა აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას. ისინი კავკასიური წარმოშობის სამხედრო ტყვეებიდან იბირებდნენ ახალ–ახალ პირებს „კავკასიურ ლეგიონში“ საბრძოლველად. ასევე, ხშირად ეკონტაქტებოდნენ ქართულ სამხედრო ანტისაბჭოთა ორგანიზაციას ბერლინში — „ფერბინდუნგშტაბს“, რომელმაც კავკასიური ლეგიონის შექმნას დაუდო საფუძველი. 1943 წელს ორჯერ იმყოფებოდნენ ბერლინში, სადაც შეხვდნენ „კავკასიური კომიტეტის“ ბერლინის ცენტრის თავმჯდომარე გიორგი კერესელიძეს.

საბჭოთა უშიშროების „განმათავისუფლებელმა“ ძალებმა პოლონეთში შესვლისთანავე დაიწყეს ნადირობა პოლონურ არმიაში მომსახურე ქართველებზე. გრიშა იაშვილი 1945 წლის 15 მაისს დააპატიმრეს. იმავე წლის 27 აგვისტოს გერმანიაში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების ჯგუფის სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა–გასწორების ბანაკში პირადი ქონების კონფისკაციით. მისი შემდგომი ბედის შესახებ ვიგებთ იუნკერთა მოგონებებიდან. ნიკოლოზ მათიკაშვილი თავის წიგნში — „იუნკრები“ — იუწყება, რომ გრიგოლ იაშვილმა ციმბირში „ჰავა ვერ აიტანა, დაჭლექდა. ნება მისცეს თბილისში ძმასთან დაბრუნებისა, სადაც გარდაიცვალა“.

გრიგოლ იაშვილის უმცროსი ძმა, სიმონი, ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და რეპრესიებიც არ შეხებია. მიხეილ კვალიაშვილი 1967 წლის 7 თიბათვით დათარიღებულ ერთ–ერთ წერილში წერს, რომ გრიშა იაშვილმა ქვანახშირის საბადოებში მუშაობა ვერ აიტანა, „ჯერ ფილტვების გაგანიერება დაემართა, შემდეგ გულზე გადავიდა და საქართველოში თავის ძმა სიმონიკასთან დაბრუნდა. გეხსომება ჩვენი ამხანაგი უმცროსკურსელი იუნკერი. საქართველოში ჰავის რადიკალური შეცვლა ვერ აიტანა და 1955 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კერესელიძე ლია, ქართველი იუნკერი–ლეგიონერები, საარქივო მოამბე= The archival bulletin, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, 2017, N 17, გვ. 99-106

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება