გრიგოლაანთკარის კვირაცხოვლის ეკლესია
გრიგოლაანთკარის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი გრიგოლაანთკარის სამხრეთით, 300 მეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება XVII საუკუნით. XVIII საუკუნეში ეკლესია აღუდგენიათ და კამარის ზემოთ ნისკარტა სალოდეებითა და სათოფურებით აღჭურვილი სადგომი მოუწყვიათ.
ეკლესიის თავდაპირველი კედლები რიყის ქვითაა ნაგები, მოგვიანებით აღდგენილი ნაწილები კი - აგურითა და რიყის ქვით. კამარა, საბჯენი თაღი და გარეთა კუთხეები მთლიანად აგურისაა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. კარის ღიობი გარედან ქვიშაქვის თლილი ქვებითაა გამოყვანილი. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი და ორი საფეხურით შემაღლებული სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. საკურთხევლის აღმოსავლეთი კედლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია კუბური ფორმის ტრაპეზი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველი გადახურულია ცილინდრული კამარით. დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი ბრტყლად გადახურული სარკმელია. გრძივი კედლები და კამარა უიმპოსტო პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად.
ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის კამარასა და ორფერდა სახურავს შორის დაბალი და ვიწრო სწორკუთხა სადგომია. სადგომში ასასვლელი კიბე სამხრეთ კედელშია. კიბის უჯრედში თაღოვანი შესასვლელი ეკლესიის შესასვლელის თავზე, კამარის გვერდშია მოწყობილი. სადგომი გადახურულია აგურის კამარით, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო ნისკარტა სალოდეა, სალოდეების ორივე მხარეს, ერთ დონეზე, თითო სათოფურია.
ფასადები შელესილია. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით. სახურავი კრამიტით ყოფილა დაბურული. ეკლესიის დასავლეთი ფრონტონის წვერზე დგას აგურის პატარა სამრეკლო - ოთხთაღიანი და პირამიდულსახურავიანი ფანჩატური.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 237.