გოჩაშვილები — ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოება, რომელიც XVII საუკუნიდან ფეოდალურ სათავადოდ ყალიბდებოდა.

გოჩაშვილებს ვახუშტი მოიხსენიებს როგორც „მთავარს“. ნიკო დადიანის სიტყვებით, ბაგრატიონთა გვარის შტო – გოჩაშვილნი „არიან აწ თავადნი“, საგვარეულო განშტოების სახელწოდება გოჩა ბატონიშვილის სახელიდან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში გოჩას მემკვიდრეებს ცხარე ბრძოლა მოუწიათ უფლებრივი მდგომარეობის მოსაპოვებლად თუ მის შესანარჩუნებლად, მაგრამ ისინი არა თუ ბატონიშვილობას, არამედ ბაგრატიონობასაც ვეღარ ინარჩუნებენ. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, გოჩას ძე გიორგი მეფე როსტომის 1636 წელს საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობდა და თუ გაიმარჯვებდა, ქართლის ბატონობასაც კი მოელოდა, მაგრამ დამარცხდა. მას თვალები დათხარეს და მოკლეს; გოჩას შვილიშვილმა იორამმა ასევე „ინება“ მეფობა, მაგრამ მას ვახტანგ V-მ დათხარა თვალები და მამულები წაართვა (1665–66). დამცრობისა და შესაბამისი უფლებრივი მდგომარეობის დაკარგვის შემდეგ გოჩაშვილებმა ფეოდალურ იერარქიაში თავადის რანგით დაიკავეს კუთვნილი ადგილი, ქართლის სამეფო კარისაგან შესაბამის ყმა-მამულს იღებდნენ და თავიანთი ახალი გვარით ქართლის ერთ-ერთი საფეოდალოს — გოჩაშვილების სათავადოს ბატონ-პატრონები გახდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნინიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 127.
  • გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», წგ. 2, ტფ., 1925;
  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • ნინიძე დ., ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა წარმოშობისათვის, « მაცნე», 1993, #2;
  • ნინიძე დ., გუარი მეფეთა ბაგრატიონთა – გოჩაშვილნი, თბ., 1998.