გორანის ღვთისმშობლის ეკლესია (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
გორანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის დასავლეთით, 0,6 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დაზიანებულია: ჩამოშლილია საბურავი და ლავგარდანი, მონგრეულია გარე კუთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია ფასადების წყობა. ეკლესია დარბაზულია (6,2 x 4,2 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. ზოგი ნაწილი შეკეთებულია თანამედროვე თეთრი აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან იგი შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნით კი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის ღრმა აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო კვადრატული ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვის ტრაპეზია მიდგმული (შემორჩენილია მცირე ნაწილი). აფსიდი გადახურულია ნახევარწრიული ფორმის კამარით. ნახევარწრიული ფორმისაა აფსიდის თაღიც, რომელიც თაროსებრ იმპოსტებზეა დაყრდნობილი. ეკლესიის დარბაზი შესამჩნევად მოკლეა (დარბაზის სიგანე დაახლოებით 1 მეტრით მეტია სიგრძეზე), გადახურულია ცილინდრული ფორმის კამარით, დასავლეთ კედელში ერთი მცირე ზომის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია, რომელსაც თარაზული გადახურვა და ძირი აქვს. ფასადები მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით, რომლის რამდენიმე ქვა მხოლოდ გრძივ ფასადებს შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 377.