ზაქარია გომელაური
ზაქარია (შაქრო) ნიკოლოზის ძე გომელაური (დ. 17 ნოემბერი, 1890, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1964, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950).
ზაქარია გომელაური | |
---|---|
დაბადების სახელი | ზაქარია გომელაური |
დაბადების თარიღი |
17 ნოემბერი, 1890 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
10 ივლისი, 1964 (73 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სამოქალაქო სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ავლაბრის ქართულ დრამატულ წრეში. 1909 წელს ამ წრის წევრებმა იუბილე გადაუხადეს ცნობილ ქართველ მსახიობს ნატო გაბუნიას, წარმოადგინეს „ხანუმა“, რომელშიც შაქრო გომელაურმა შეასრულა კოტე ფანტიაშვილის როლი. ამ საღამოს დამსწრე ვალერიან გუნიას მოეწონა ახალბედა მსახიობის თამაში და მიიწვია პროფესიულ დასში. აქედან მოყოლებული, შაქრო გომელაური ერთგულად ემსახურებოდა ქართულ თეატრს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისსა და ბათუმში, 1928 წლიდან კი იგი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. აქ შეასრულა ისეთი როლები, როგორიცაა ერეკლე ( აკაკი წერეთლის „პატარა კახი“), კილმანი, (ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“), პეპია (ილია ჭავჭავაძის მიხედვით „ჩატეხილი ხიდი“), კომისარი (პოლიკარკე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კოკოშკინი (ლეონიდ ლეონოვის „შემოსევა“), გიგო (ვიქტორ გაბესკირიას „უფსკრულთან“), სპირიდონ მცირიშვილი (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), იაგო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), ტარტიუფი (ჟან-ბატისტ მოლერის „ტარტიუფი“) და სხვა მრავალი.
მსახიობის თამაში გამოირჩეოდა მკაფიო ინდივიდუალობით, განსაკუთრებით კარგად ასრულებდა სახასიათო როლებს. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 91.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 110, თბ., 1994