გიორგი ჯაბაური
გიორგი ჯაბაური (დ.20 დეკემბერი, 1874 — გ. 1962, თბილისი) — ქართველი მსახიობი და პოეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1950).[1]
1893 წელს დაამთავრა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი და იქვე დაიწყო მუშაობა.
1903-1933 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. სცენაზე პირველად 1891 წელს გამოვიდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლში. ის აქტურ მონაწილეობას იღებდა პირველი სახალხო თეატრის, ე. წ. „ავჭალის აუდიტორიის“ დაარსებაში. 1909-1933 წლებში მუშაობდა ზუბალაშვილების მიერ აშენებულ თბილისის სახალხო თეატრში. გიორგი ჯაბაური ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს: გიჟუა, ნიკალა, ტიმოთე(ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“, „ხანუმა“), გაიოზ ფაღავა (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), ვანო (იონა გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ილიკო მენაბდიშვილი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“), ნიკალა (ი. გულისაშვილის „დრონი მეფობენ“), პეპო, მოსესიანი(გ. სუნდუკიანის „პეპო“ და „ხათაბალა“), ჰერტი (ჰეიერმესის „იმედის დაღუპვა“) და სხვა. მისი პიესა „მამის ბრალია“ 1906 წელს დაიდგა „ავჭალის აუდიტორიაში“, 1956 წელს დაიბეჭდა მისი „მოგონებანი“, ლექსების კრებული გამოიცა 1906 და 1920 წლებში.