გიორგი ჩუგუნაშვილი
გიორგი ჩუგუნაშვილი (დ. 23 თებერვალი, 1777 — გ. 16 მაისი, 1827, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — ქართველი მთარგმნელი, მწერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათეიმურაზ ბაგრატიონის წიგნსაცავის აღწერილობიდან დაწყებული, თითქმის ყველა ბიბლიოგრაფიული ხასიათის გამოცემაში აღნიშნულია, რომ გიორგი ჩუგუნოვმა 1823 წელს პეტერბურგში ენციკლოპედია გამოსცა ქართულ ენაზე.
წარმოშობით იმერელი აზნაური, გიორგი მაკარის ძე ჩუგუნაშვილი პეტერბურგში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი ცნობილი იყო, როგორც მწერალი, მრავალმხრივი მოღვაწე — ენციკლოპედისტი, საგარეო საქმეთა კოლეგიის თარჯიმანი. მისი გვარი ლიტერატურაში სხვადასხვაგვარად იხსენიება — ჩუგუნოვად, ჩუგუნევად, ჩუგუნაშვილად, ჩუგუნისძედ და ხანაც სულაც ჩუბინოვში ეშლებათ. ერთადერთი წყარო, რომლის მიხედვით, ასე თუ ისე, მოკლედ დახასიათებულია ჩუგუნოვის ლიტერატურული მოღვაწეობა არის იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, რომლის ერთ ნაწილში იგი მოხსენიებულია „მშვენირ შემთხზველთა შორის“, როგორც ლიტერატორი და მთარგმნელი.
1923 წელს გიორგი ჩუგუნოვმა პეტერბურგში იოსებ იოანესიანის სტამბაში დაბეჭდა ენციკლოპედია ქართულ ენაზე სახელწოდებით „ენციკლობედია ანუ შეკრებილობა ზნეობითთა სწავლათა ჰაზრთანი, და განსჯანი სხუათა და სხუათა თავთათვის დათხზული და აღსხმული ანბანთა ზედა“ და რომლის სატიტულე გვერდიდან ვგებულობთ, რომ ენციკლოპედია არის „ფრანციცული წერილითგან რუსულსა ზედა გადმოღებული კოლლეჟსკის ასსესორის პრიკლონცკის მიერ, ხოლო რუსულისა ენისაგან ქართულსა ზედა ტიტულარნის სოვეტნიკის გიორგი ჩუგუნოვის მიერ“. წიგნი შედგებოდა სამი ნაწილისაგან: 1. „საკუთრივ ენციკლოპედია“, 2. „ფიზიკა“, 3. „ზნეობითი სწავლება“. ენციკლოპედია თავის დროზე იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ ხელნაწერების სახითაც კი ვრცელდებოდა. ჩუგუნოვს უთარგმნია აგრეთვე ეკატერინე მეორის განაწესი „ნაკაზი“ — ფილოსოფიურ-იურიდიული ტრაქტატი.
იმ დროისთვის პეტერბურგში ქართული წიგნის გამოცემა განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან ასეთი წიგნები მაშინ თითზე ჩამოითვლებოდა. მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩუგუნოვის შრომა ქართული წიგნის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქართულ ენაზე სტამბურად ნაბეჭდი „ენციკლოპედია“, რითაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. წიგნი მნიშვნელოვანია, იმითაც რომ იგი ჩუგუნოვს წარმოგვიდგენს არა მარტო როგორც სწავლულ-ენციკლოპედისტსა და მთარგმნელს, არამედ როგორც გამომცემელსაც, მისი მხატვრულ-ტექნიკური გაფორმება, ფორმატი მასალის განლაგება და სხვა კომპონენტები მიუთითებენ ჩუგუნოვის სასტამბო გამოცდილებაზე.
პეტერებურგის ქართულ კოლონიას გიორგი ჩუგუნოვის სახით ჰყავდა სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი, პატრიოტი მოღვაწე. იმის გამო, რომ ჩუგუნოვი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვერ მოასწრო შემოქმედებითი გეგმების განხორციელება და პეტერბურგის ქართველთა შორის თავალსაჩინო ადგილის დაკავება. მისი ღვაწლი ენციკლოპედიური ცოდნის განვითარების საქმეში, ჯერ კიდევ ჯეროვნად გამოკვლეული არ არის.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი ჩუგუნოვი, ნარკვევები ენციკლოპედიური კულტურის ისტორიიდან, ირაკლი ყიფიანი, თბილისი, 1987, გვ. 163-176
- „ქართველი ყველგან რჩება ქართველად“: პეტერბურგელი ქართველი (გ. ჩუგუნოვი) შორეული თავისიანები და ჩვენებური უცხოელები: ტ.1 სიმონ არველაძე, ქუთაისი, 2015, გვ. 332-336
- „ქართველი ყველგან რჩება ქართველად“ პეტერბურგელი ქართველი (გ. ჩუგუნოვი) ჩვენებური უცხოელები, სიმონ არველაძე, დარეჯან არველაძე, ქუთაისი, 2008, გვ. 71-75
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11, თბ., 1987, გვ. 166