ეკატერინე II-ის განაწესი

ეკატერინე II-ის განაწესი (რუს. Наказ Екатерины II) — რუსეთის იმპერიის სამართლებრივი ძეგლი, ფილოსოფიურ-იურიდიული ტრაქტატი სახელმწიფო, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის, აგრეთვე სასამართლო პროცესის საკითხებზე. დაწერა 1767 წელს იმპერატორმა ეკატერინე II-მ ახალი სჯულდების შემდგენელი კომისიის დეპუტატთა სახელმძღვანელოდ. გამოიცა რუსულად, ფრანგულად, გერმანულად და ლათინურად. შეიცავს განმანათლებლური ლიტერატურის აზრებსა და მოარულ გამონათქვამებს.

ეკატერინე II „განაწესის“ ტექსტით ხელში (უცნობი ავტორი, XVIII საუკუმე, ერმიტაჟი)

განაწესი 1786 წელს ქართულ ენაზე თარგმნა გიორგი ჩუგუნაშვილმა. საქართველოში XVIII საუკუნის დამლევს განმანათლებლური იდეების სულისკვეთებით შედგენილი კანონპროექტები, კერძოდ, „სამართალი ბატონისშვილის დავითისა“, მოწმობს, რომ მათი შემუშავება ეკატერინეს განაწესის გათვალისწინებით ხდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფურცელაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Наказ Екатерины II // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.