სამართალი ბატონისშვილის დავითისა

„სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ — ქართული სამართლის კოდიფიკაციის პროექტი, რომელიც შეადგინა დავით ბატონიშვილმა XIX საუკუნის დასაწყისში.

„სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ ორ წყებად შემუშავდა და ცნობილია ადრინდელი და შემდგომიც, გავრცობილ-განვითარებული სახით. თავდაპირველად დავით ბატონიშვილმა მოამზადა იგი თავისი მამის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის დავალებით და 2-ჯერ გადაანუსხვინა. ამ სახით პროექტი შედგებოდა პრეამბულის, 245 მუხლისა და საძიებლისაგან. ერთი ნუსხა დავითს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულისათვის დაურთავს და მასთან ერთად აუკინძვინებია; ეს მისეული „დიდი სამართლის წიგნი“ შემდეგში ო. უორდროპს ჰქონია და ახლა იგი ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში ინახება. თავის „სამართალზე“ მეორედ დავითს უკვე პეტერბურგში სენატორობისას, ძირითადად 1811-1813 წლებში უმუშავნია, როდესაც მთავრობის განწესებით ვახტანგის კრებულის რუსული თარგმანთა განმხილველ კომიტეტს მეთაურობდა. გვიანდელი მუშაობის ნაყოფია წანამატ-მინაწერები, დამატებითი მუხლები, ფრაგმენტები, რომლებიც პირვანდელი ტექსტის სათანადო თავებს უნდა დამატებოდა.

„სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ ფეოდალური ხანის სამართლის წიგნებივით ერთიანი ნორმატიული ძეგლია და, თუმცა დარგობრივად გაწყობილი არ არის, თითქმის ყველა იმდროინდელ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს, დაწყებული სახელმწიფო სამართლით და დამთავრებული სამოქალაქო ბრუნვის, სამემკვიდრეო და საქორწინო-საოჯახო ურთიერთობათა, დამნაშავეობასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების ზოგად და განსაკუთრებულ საკითხებამდე.

დავითისივე თქმით, მის „სამართალს“ „აქვს უმეტეს მიდრეკილებით ბუნებითისა მიმართ სჯულისა“, ე. ი. ბუნებითი სამართლისა. იგი შედგენილია საგანმანათლებლო ფილოსოფიის იდეების შთაგონებით და განათლებული აბსოლუტიზმის თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით; მასში ასახულია ბევრი პროგრესული ზოგადზნეობრივი თუ სამართლეებრივი პრინციპი, მაგ., გაზიარებულია დებულება, რომ „უფრორე უმჯობეს არს ათისა დამნაშავისა განთავისეფლებაჲ, ვიდრე ერთისა უბრალოისა წარწყმედაჲ“ (მ. 187).

თავის საკოდიფიკაციო მუშაობაში დავითი ძირითადად ეროვნული ტრადიციის ნიადაგზე იდგა. საჭიროების კვალობაზე ახალისებდა და ავითარებდა ძველად მოქმედსა და თავისი დროის სამართლის ნორმებს. ამასთანავე, მას საქმის ცნობილი ცოდნით და მოხერხებულად, საქართველოს ვითარება-მოთხოვნილებასთან შეხამებულად გადმოაქვს თავის „სამართალში“ ეკატერინე II-ის განაწესის ზოგი დებულება, პეტრე I-ის სამხედრო წესდების ნორმები, ზოგი რამ რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძის 1649 წლის სჯულდებიდან და სხვა.

ხანგრძლივ საკოდიფიკაციო მუშაობაში დავითს ასულდგმულებდა იმედი, რომ მისი შეუპოვარი მეცადინეობა ქართლ-კახეთის სამეფოს აღსადგენად, თუნდაც შეკვეცილი თვითმმართველობის პირობით, ნაყოფს გამოიღებდა და მაშინ ეს ნაღვაწიც ქვეყანას გამოადგებოდა. ამ ვარაუდითვე მან რამდენიმე (უფრო ფორმის მხრივ და რედაქციულად) გადააკეთა თავისი „სამართალი“ რუსული ვარიანტადაც (1019 მუხლად) და მას „საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა“ უწოდა.

„სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ ძვირფასი წყაროა ძველი ქართული პოზიტიური სამართლისა და მისი განვითარების ხაზის შესაცნობად.

ლიტერატურა

რედაქტირება