გიორგი ინაშვილი

პედაგოგი, სასულიერო პირი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი ისოების ძე ინაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1876, ახალსოფელი — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი პედაგოგი, სასულიერო პირი (დეკანოზი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ინაშვილი დაიბადა 1876 წლის 5 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სოფელ ახალსოფელში დიაკვნის ოჯახში. 1895 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. 1902 წელს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად და ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძარში მიავლინეს. პარალელურად, სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა, აქვე დაინიშნა დაწესებულების გამგედ. 1904 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1907 წელს მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა და არჩეული იყო 1904, 1907 და 1910 წლების საეპარქიო შეკრებებზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად. 1911 წელს სკუფია უბოძეს და ამავე წელს თიანეთის მაზრის პირველი ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1913 წელს, რომანოვების მეფობის 300 წლისთავზე მედლით დაჯილდოვდა.

1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად გაემგზავრა. მსახურობდა თურქეთის ფრონტზე, დონის კაზაკთა პირველი ბატალიონის თურქესტანის N35 პოლკის მოძღვრად. მამა გიორგი დაჯილდოებული იყო საპატიო მედლებით და ორდენებით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა სამკერდე გამშვენებული ოქროს ჯვრით.

1915 წლიდან მამა გიორგი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაინიშნა. 1918-1919 წლებში თბილისში, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა და ამავე გიმნაზიის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1919 წელს ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა. იგი 1920 და 1921 წლის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე მონაწილეობდა. მამა გიორგის ჰყავდა მეუღლე ნინო მიხეილის ასული ხატიაშვილი და შვილები: მარიამი, დავითი და ეკატერინე.

1924 წელს, დეკანოზი გიორგი, აჯანყების დროს დააპატიმრეს და სამეულის გადაწყვეტილებით დახვრეტა მიუსაჯეს. დეკანოზი იმავე წელს დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება