სკუფია (ბერძ. σκούφια) — მღვდელმსახურის თავსაბურავი. წვეტიანი, ან ბრტყელი, რბილი, შავი, ზოგჯერ ფერადი (იისფერი, შინდისფერი, ლურჯი, მწვანე) ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების მსახურნი. წვეტიანი ფორმის სკუფიის ნაკეცები გამოსახავს ჯვარს მღვდელმსახურის თავზე.

სკუფია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრილიანტის ჯვრით გამშვენებული შინდისფერი სკუფიით.

მთავარეპისკოპოსთა და მიტროპოლიტთა სკუფია გამშვენებულია ბრილიანტის ჯვრით, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა. ასეთი სკუფიის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, თუმცა ჯილდო დამატებითი უფლებამოსილებით და მოვალეობებით არ გამოარჩევს დაჯილდოებულ პირს.

დღესდღეობით, ბერძნული და ბალკანური ტრადიციების ეკლესიებში თითქმის აღარ გამოიყენება სკუფია. მის მაგივრად ხმარობენ კამილავკას, რომელიც წარმოადგენს მაღალ, ცილინდრულ თავსაბურავს, რაც მხოლოდ თავის ცენტრალურ ნაწილს ფარავს. კამილავკა რუსული ტრადიციის ეკლესიებში XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და სკუფია უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დღესაც ორივე თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება.

ძველი ბერძნული წესის მიხედვით, რუსული ტრადიციის ეკლესიებშიც ყველა სასულიერო პირი თავის დასაფარად ატარებდა სკუფიას. 1797 წლიდან კი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, მეორე ჯილდოს სახით, საგვერდულის შემდეგ, ეძლევათ ფერადი საღვთიმსახურო სკუფიის ტარების უფლება, თუმცა, ღვთისმსახურების გარკვეულ პერიოდში, უნდა მოიხსნან იგი.

რუსეთის ეკლესიაში სკუფიას ქალი მონაზვნებიც ატარებენ. ბერძნულ ეკლესიაში (ძირითადად ათონზე) სკუფიას სამონასტრო ბერები იხურავენ, სამღვდელოება კი კამილავკას იყენებს მხოლოდ.

დიზაინის მიხედვით განირჩევა ათონური, რუსული, სერბული, რუმინული და ქართული სკუფიები. ქართული, ეს ამ ბოლო ოც წელში აღდგა შოთა რუსთველის იერუსალიმური ფრესკის თარგის შთაგონებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ჭაბაშვილი, „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, თბილისი, 1989 წ.
  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.