კამილავკა (ბერძ. кαμιλαύκα, καμηλαύκιον, καλυμμαύχιον, καλιμαυι) — მართლმადიდებლურ ეკლესიაში სამღვდელო სამოსის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ზემო ნაწილში ოდნავ გაფართოებული ცილინდრის ფორმის თავსაბურავს; იგი ჯილდოდ ეძლევათ მღვდლებს, არქიდიაკვნებსა და პროტოდიაკვნებს. კამილავკა სხვადასხვა ფერის რბილი ქსოვილისგანაა შეკერილი; იგი ძირითადად მეწამული ან იისფერია. სიმბოლურად კამილავკა აღნიშნავს ქრისტეს ეკლიან გვირგვინს.

თავდაპირველად თურქული ფესკის მაგვარ ქუდებს ატარებდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, როდესაც აქლემის ბეწვისაგან დამზადებულ თავსაბურავს იყენებდნენ სახის მზისაგან დასაცავად.

კამილავკას თავიდან ეძახდნენ სკიადის (ბერძ. σκιά — „ჩრდილი“) და ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორები და მისი ქვეშევრდომები. მალე აღნიშნული ტიპის ქუდის ტარება მზისგან დასაცავად ღვთისმსახურებმაც დაიწყეს, რომელმაც საბოლოოდ შეიძინა თავისი სპეციფიკური ფორმა. XV საუკუნიდან კამილავკის (სკიადიონი) გამოყენება დაიწყეს არამარტო მღვდლებმა არამედ დიაკვნებმაც. ამის გარდა მისი დამზადება დაიწყეს ძვირფასი მატერიისაგანაც. ელადის ეკლესიაში კამილავკა ეძლევა სასულიერო პირს მღვდლად კურთხევისთანავე და წარმოადგენს მის ყოველდღიური შესამოსელის ნაწილს.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კამილავკის გამოყენება დაიწყეს XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, რომლითაც იგეგმებოდა სკუფიის ჩანაცვლება. აღნიშნული სიახლეს ეკლესიათა ძველი ტრადიციების დამცველები პროტესტით შეხვდნენ. 1798 წელს კამილავკა შევდიდა საეკლესიო ჯილდოთა სიაში. რუსეთში შავი სამღვდელოება ატარებს შავ კამილავკას, მიტროპოლიტები — თეთრს, ხოლო თეთრი სამღვდელოება — იისფერს. კამილავკას რუსეთის ეკლესიაში ქალი მონაზვნებიც ატარებენ.

შავი სამღვდელოება კუნკულს კამილავკაზე გადაკრულს ატარებს.

კამილავკას ღვთისმსახურები ატარებენ, როგორც ღვთისმსახურების ისე მის გარეთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბერძნული კამილავკა რუსულისაგან იმით განსხვავდება, რომ ცილინდრის ზედა ნაწილზე აქვს ოდნავ დიდი დიამეტრის დისკო, რაც მას განსაკუთრებულ თავისებურებას ანიჭებს. ბალკანეთის (სერბული და ბულგარული) კამილავკები რუსულისაგან განსხვავდება სიმაღლითა და დიამეტრით.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქართველი სასულიერო პირები სურვილისდა მიხედვით იფარავენ როგორც ბერძნულ ისე რუსული სტილის კამილავკას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.