სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი თარგამაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი თარგამაძე (დ. 22 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. პოლიტიკური პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დამფუძნებელი.

გიორგი თარგამაძე
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1973 (1973-11-22) (51 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ჟურნალისტი
სამეცნიერო ხარისხი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
მეუღლე/ები თათია თოფურია
შვილ(ებ)ი თეკლა;
მაკინე

1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი. 2003-2008 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ანალიტიკური პროგრამა „დროების“ ავტორი და წამყვანი. 2008-2014 წლებში იყო მისივე დაფუძნებული პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი თარგამაძე დაიბადა 1973 წლის 22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის წინა დღეს, რის გამოც მისმა მშობლებმა — ჟანა ვაჩეიშვილმა და რობერტ თარგამაძემ ახლადშეძენილ ვაჟს გიორგი დაარქვეს. საშუალო განათლება მე-18 სკოლაში მიიღო, სადაც რვა კლასის ჩათვლით სწავლობდა. ამის შემდეგ კი სწავლა ნიკიფორე ირბახის სახელობის პოლიგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო. 1991-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე, 1987-1991 წლებში, საყმაწვილო გადაცემა „თვალსაწიერის“ წამყვანი იყო, რამაც გავლენა მოახდინა პროფესიულ არჩევანზე.

თეორიული ცოდნის შეძენის პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა, 1991-1993 წლებში ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ იყო საინფორმაციო პროგრამა „მონიტორისა“ და ანალიტიკური გადაცემა „დაიჯესტ-მონიტორის“ წამყვანი. 1993-1995 წლებში იყო აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1995-1997 წლებში იყო ტელესტუდია „ბათუმის“ დირექტორი. 1997-1999 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივანი. 1994 -1999 წლებში აჭარის აავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, ლექტორის პოზიციაზე ჟურნალისტიკის საფუძვლებს კითხულობდა, ხოლო 2002 წლიდან იმავე სალექციო კურსს თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა.

პოლიტიკა

რედაქტირება

26 წლის ასაკში თარგამაძემ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. 1999 -2003 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“ და ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი გახდა. 2002 წელს პირადი განცხადების საფუძველძე დატოვა საქართველოს პარლამენტი და მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია „იმედში“. 2003 წელს გიორგი თარგამაძე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 4 წელი იგი ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა „დროების“ ავტორი და წამყვანი.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გიორგი თარგამაძემ და მისმა მეგობრებმა დატოვეს ჟურნალისტიკის სფერო და 2008 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დააარსეს პოლიტიკურ პარტია — „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. რომლის თავმჯდომარეც გიორგი თარგამაძე გახდა.

გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მონაწილეობდა 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები“. ახალბედა პარტიამ წარმატებას მიაღწია და საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა პოლიტიკური ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“. 2010 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა და საქართველოს მასშტაბით მეორე, ხოლო თბილისის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა. პარტიამ დათმო პოზიციები მორიგ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც ვერ გადალახა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 2013 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში თარგამაძემ ხმათა 1,06% მიიღო. 2014 წელს თარგამაძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.[1] 2019 წლიდან „ფორმულა TV“-ზე მიჰყავს გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.

აკადემიური ხარისხი

რედაქტირება

2011 წლის მაისში, გიორგი თარგამაძეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. დისერტაციის სახელწოდებაა „თანამედროვე საინფორმაციო ტელე-ჟურნალისტიკა და სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც მან ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა.

გიორგი თარგამაძის ჰყავს მეუღლე თათია თოფურია, რომელიც განათლებით ხელოვნებათმცოდნეა და ორი შვილი — თეკლა და მაკინე თარგამაძეები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება