გვრიტჩიტა

ფრინველთა გვარი გვრიტჩიტასებრთა ოჯახისა

გვრიტჩიტა[2] (ლათ. Pterocles) — ფრინველთა გვარი გვრიტჩიტასებრთა ოჯახისა; ადრე მტრედისნაირთა რიგს ეკუთვნოდა, დღეს ცალკე რიგშია შესული (გვრიტჩიტასნაირნი). ცნობილია 14 სახეობა. სხეულის სიგრძე მერყეობს 24-დან 40 სმ-მდე, მასა — 150-დან 550 გრამამდე; სხეულის აგებულება მკვრივია, თავი მცირე ზომის, კისერი მოკლე. წააგავს გნოლს, აქვს გრძელი წამახვილებულ ფრთები და კუდი. გალო წინიდან შებუმბლულია, თითები — სქელი კოჟრიანი ბალიშებით და დამოკლებული. ტოტებზე არ სხდებიან, ფეხების სწრაფად გადადგმით დარბიან სწრაფად. მკერდის მუსკულატურა მძლავრია, ფრენენ სწრაფად (ავითარებენ 65 კმ/სთ-მდე სიჩქარეს). შებუმბვლა მჭიდრო და ხშირია, კარგადაა განვითარებული ღინღლი. შეფერილობაში ჭარბობს ქვიშისფერი, ჟანგისფერი, თიხისფერი ტონები, რომლებიც გვრიტჩიტებს უდაბნოს ლანდშაფტში კარგად ნიღბავს. მამალი დედალზე დიდი და კაშკაშაა. ბინადრობენ ევრაზიის სამხრეთი ნაწილისა და აფრიკის გამომშრალ ღია სივრცეებში.[3] საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება შავმუცელა გვრიტჩიტა (Pterocles orientalis) და თეთრმუცელა გვრიტჩიტა (Pterocles alchata).[4] იკვებებიან თესლებითა და მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით, იშვიათად მიწის ზედაპირზე იჭერენ უხერხემლოებს. წელიწადის უდიდეს დროს მომთაბარეობენ გუნდებად, სადაც ზოგჯერ ათი ათასობით ფრინველი ერთიანდება. ბუდობენ მცირე ზომის გაფანტულ ჯგუფებად; ბუდე წარმოადგენს ნიადაგზე არსებულ არაღრმა ორმოს. ჩვეულებრივ დებენ 3 კვერცხს. 19–28 დღის განმავლობაში კრუხობს ორივე მშობელი. 5–6 კვირის ასაკში ფრენის უნარს იძენენ.[3]

გვრიტჩიტა

ქვიშნარის გვრიტჩიტა (Pterocles exustus)[1]
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pterocles (Temminck, 1815)
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 110.
  2. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 70, 109, 223.
  3. 3.0 3.1 Коблик Е. А. РЯБКИ // Большая российская энциклопедия. т. 29. Москва. — М.. — стр. 142.
  4. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 149.