გვიძინი,[1] გულიო[2] (ლათ. Columba oenas) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. შინაურ მტრედზე ოდნავ მცირე ზომისაა (მასა დაახლოებით 250 გ შეადგენს). შეფერილობა — მორუხო-ვეჟანი, ყელსა და ჩიჩახვზე ლითონისფერი ბზინვარება დაკრავს; ნისკარტი მოწითალოა, მისი წვერი კი ყვითელი. გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც[1]), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასა და აზიაში. ჩრდილოეთში გადამფრენი ფრინველია, სამხრეთში — მკვიდრი. ბინადრობს ფოთლოვან ტყეებსა და ბაღებში. ბუდობს ფუღუროებში, ფლატეებზე მდებარე სოროებში, იშვიათად ხის ტოტებზე. ბუდობს წელიწადში ორჯერ; დებს 2 თეთრ კვერცხს; ინკუბაცია 16–18 დღე-ღამე გრძელდება; ბარტყები ბუდეში ერთ თვემდე რჩებიან. იკვებება თესლებით. ნადირობის ობიექტია.