გეშტალტფსიქოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან გეშტალტ-ფსიქოლოგია)

გეშტალტფსიქოლოგია (გერმ. Gestalt-დან — პიროვნება, ხატი, ფორმა) — XX საუკუნის დასაწყისის სკოლა ფსიქოლოგიაში. დაფუძნებულია 1912 წელს მაქს ვერთჰაიმერის მიერ.

ძირითადი თეორიული დებულებები

რედაქტირება

ფსიქოლოგიის პირველად მოცემულობებს წარმოადგენენ ერთიანი სტრუქტურები (გეშტალტები), რომლებიც პრინციპულად არ დაიყვანებიან მათ შემადგენელ კომპონენტებზე. გეშტალტებს აქვთ თავისი მახასიათებლები და კანონები, კერძოდ, „დაჯგუფების კანონი“, მიმართების კანონი“ (ფიგურა/ფონი). ქრისთიან ფონ ერენფელსი (1859-1932), გეშტალტ-ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წინამორბედი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ „მთელი - ეს გარკვეული რეალობაა, განსხვავებული მისი ნაწილების ჯამისაგან“. გეშტალტი (გერ. Gestalt - ფორმა, ხატი, სტრუქტურა) აღქმული საგნების სივრცობრივ-თვალსაჩინო ფორმაა, რომელთა არსებითი თვისებების გაგება შეუძლებელია შემადგენელ ნაწილთა თვისებების შეჯამებით. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი - კელერის მიხედვით - არის მელოდია, რომელსაც ჩვენ ვცნობთ იმ შემთხვევაშიაც კი, თუ იგი სხვა ტონალობებში არის ტრანსპონირებული. როდესაც ჩვენ მელოდიას მეორეჯერ ვისმენთ, ვცნობთ მას მეხსიერების შემწეობით. ხოლო თუ მისი ტონალობა შეიცვლება, ჩვენ მაინც აღვიქვამთ მელოდიას როგორც ნაცნობს.

თუ ორი მოვლენის (ან ფიზიოლოგიური პროცესის) მსგავსება განპირობებულია იდენტური ელემენტების რაოდენობით და მისი პროპორციულია, მაშინ ჩვენ ჯამებთან გვაქვს საქმე. თუ იდენტური ელემენტების რაოდენობასა და მსგავსების ხარისხს შორის კორელაცია არ არსებობს, მსგავსება კი განპირობებულია ორი ერთიანი მოვლენის, როგორც ასეთის, ფუნქციონალური სტრუქტურებით, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს გეშტალტთან. - კარლ დუნკერი.

გეშტალტ-ფსიქოლოგია წარმოიშვა აღქმის გამოკვლევებიდან. მისი ყურადღების ცენტრშია ფსიქიკისათვის დამახასიათებელი ტენდენცია ცდის, როგორც გაგებისათვის ხელმისაწვდომი მთელის, ორგანიზაციისა. მაგალითად, „ნახვრეტებიანი“ (არასაკმარისი ნაწილებით) ასოების აღქმისას ცნობიერება ცდილობს შეავსოს ხარვეზი, და ჩვენ ვცნობთ მთელ ასოს. თავისი არსებობით გეშტალტ-ფსიქოლოგია დავალებულია მაქს ვერთჰაიმერის, კურტ კოფკასა და ვოლფგანგ კელერისაგან, - გერმანელი ფსიქოლოგებისაგან, რომელთაც წამოაყენეს ფსიქიკის შესწავლის პროგრამა ერთიანი სტრუქტურების, - გეშტალტების - თვალსაწიერიდან. გამოვიდნენ რა მანამდე არსებული ფსიქოლოგიის ხელმძღვანელი პრინციპის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ცნობიერება დანაწევრებულია ელემენტებად და მათგან არიან აგებული რთული ფსიქიკური ფენომენები, მათ წამოაყენეს ხატის მთლიანობისა და მისი თვისებების შემადგენელი ნაწილების თვისებათა ჯამზე დაუყვანებლობის იდეა. ამ თეორეტიკოსების აზრით, საგნები, რომლებიც ჩვენს გარემოცვას ქმნიან, გრძნობათა ორგანოებით აღიქმებიან არა როგორც ცალკეული ობიექტები, არამედ როგორც ორგანიზებული ფორმები. აღქმა არ დაიყვანება შეგრძნებათა ჯამზე, ფიგურის თვისებები კი არ აღიწერებიან ნაწილების თვისებებით. საკუთრივ გეშტალტი წარმოადგენს ცალკეულ მოვლენათა მრავალგვარობის მომაწესრიგებელ ფუნქციონალურ სტრუქტურას.

გეშტალტიზმის პრინციპები

რედაქტირება
 
სიახლოვის პრინციპი
 
შეკრულობის პრინციპი

აღქმის ყველა ზემოთჩამოთვლილი თვისება - კონსტანტები, ფიგურა, ფონი - ქმნიან მიმართებებს და წარმოაჩენენ ახალ თვისებას.სწორედ ეს არის გეშტალტი: ფორმის თვისობრიობა. აღქმის ერთიანობა და მისი მოწესრიგებულობა მიიღწევიან შემდეგი პრინციპების შემწეობით:

 
მსგავსების პრინციპი
  • სიახლოვე (გვერდიგვერდ განლაგებულ სტიმულებს აქვთ ერთად აღქმის ტენდენცია),
  • მსგავსება (მოხაზულობით, ფერით ან ფორმით მსგავს სტიმულებს აქვთ ერთად აღქმის ტენდენცია),
  • მთლიანობა (აღქმას აქვს ტენდენცია გამარტივებისა და მთლიანობისაკენ),
  • შეკრულობა (ასახავს ფიგურის შეკვრის ტენდენციას მისი სრული ფორმის მიღწევის მიმართულებით),
  • მომიჯნავეობა (სტიმულების სიახლოვე სივრცესა და დროში. მომიჯნავეობამ შეიძლება წინასწარ განსაზღვროს აღქმა, როდესაც ერთი მოვლენა იწვევს მეორეს),
  • საერთო ზონა (გეშტალტის პრინციპები აყალიბებენ ჩვენს ყოველდღიურ აღქმას თანაბრად სწავლებასა და წარსულ ცდასთან. წინმსწრები აზრები და მოლოდინები (ექსპექტაციები) აგრეთვე აქტიურად ზემოქმედებენ შეგრძნებათა ჩვენს ინტერპრეტაციებზე).

გეშტალტ-თვისობრიობები

რედაქტირება

ჩამოყალიბებული გეშტალტი ყოველთვის გვევლინება როგორც კონტურებით მკვეთრად შემოსაზღვრული, დასრულებული, მთლიანი სტრუქტურა. კონტური, რომელიც ხასიათდება სიმკვეთრის ხარისხითა და მოხაზულობების შეკრულობა-არაშეკრულობით, გეშტალტის საფუძველს წარმოადგენს. გეშტალტის ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისობრიობაა სწრაფვა დასრულებულობისაკენ, რომელსაც, მაგალითად, ზეიგარნიკის ეფექტი წარმოჩენს. გეშტალტის აღწერისას გამოიყენება აგრეთვე მნიშვნელობის ცნება. მთელი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ნაწილები - მნიშვნელობის არმქონე და პირიქით. ფიგურა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საფუძველი - ფონი. მნიშვნელობა შეიძლება განაწილებული იყოს ისე, რომ გეშტალტის ყველა წევრი თანაბრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს (ეს იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც ზოგიერთ ორნამენტში ვხვდებით). გეშტალტის წევრებს შეიძლება სხვადასხვა რანგი ჰქონდეთ. ასე მაგალითად, წრეში პირველ რანგს ცენტრი შეესაბამება, წერტილს წრეწირზე მეორე რანგი აქვს, მესამე რანგი - წრის შიგნით ნებისმიერ წერტილს. ყოველ გეშტალტს თავისი სიმძიმის ცენტრი აქვს, რომელიც წარმოადგენს ან მასის ცენტრს (მაგალითად, შუაგული დისკში) ან დამაგრების ადგილს ან საწყის წერტილს (იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს წერტილი წარმოადგენს დასაწყისს მთელის აგებისათვის, მაგალითად, სვეტის ძირი) ან წარმმართველი წერტილი (მაგალითად, ისრის წვერი). „ტრანსპოზიტიურობის“ თვისობრიობა ვლინდება იმაში, რომ მთელის ხატი იგივე რჩება მაშინაც კი, თუ ნაწილების შიგთავსი სრულად არის შეცვლილი, მაგალითად, თუ ეს ერთი და იგივე მელოდიის სხვადასხვა ტონალობებია, მაგრამ შესაძლებელია მისი დაკარგვაც ყველა შემადგენელი ელემენტის დაცულობის შემთხვევაშიც, როგორც ამას პიკასოს სურათებში ვხედავთ (მაგალითად, ნახატი „კატა“). ცალკეული ელემენტების დაჯგუფების ძირითადი კანონის სახით პოსტულირებული იქნა პრეგნანტულობის (Prägnanz) კანონი. პრეგნანტულობა (ლათ. Praegnans - შინაარსიანი, დატვირთული, მდიდარი) გეშტალტ-ფსიქოლოგიის ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა, რომელიც აღნიშნავს გაწონასწორებული მდგომარეობის მომპოვებელი გეშტალტების დასრულებულობას, „კარგ ფორმას“. პრეგნანტულ გეშტალტებს შემდეგი თვისებები აქვთ: შეკრული, მკაფიოდ გამოხატული საზღვრები, სიმეტრიულობა, ფიგურის ფორმის შეძენისკენ მიმართული შინაგანი სტრუქტურა. ამავდროულად გამოყოფილი იქნა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ელემენტების ერთიან გეშტალტებად დაჯგუფებას, ისეთები, როგორებიცაა „სიახლოვის ფაქტორი“, „მსგავსების ფაქტორი“, „ კარგი გაგრძელების ფაქტორი“, „საერთო ბედის ფაქტორი“. „კარგი“ გეშტალტის კანონი, გაცხადებული მეტცგერის მიერ (1941), ასეთნაირად არის ფორმულირებული: „ცნობიერება აქვს წინასწარი განწყობა იმისკენ, რომ ერთად მოცემული აღქმებიდან მოახდინოს ისეთის ასიმილირება, რომელიც ყველაზე მარტივი, ერთიანი, შეკრული, სიმეტრიულია და ჩართულია ძირითად სივრცობრივ ღერძში“. გადახვევები „კარგი“ გეშტალტებისაგან არ აღიქმებიან მყისიერად, მათ მხოლოდ ინტენსიური დათვალიერება წარმოაჩენს. მაგალითად, მიახლოებით (ან თითქმის) ტოლგვერდა სამკუთხედი განიხილება როგორც ტოლგვერდა, თითქმის მართი კუთხე - როგორც მართი.

აღქმის კონსტანტები

რედაქტირება

ზომის კონსტანტურობა

რედაქტირება

ზომის კონსტანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ აღქმული საგნის ზომა მუდმივია დამოუკიდებლად იმისაგან, თუ როგორ იცვლება თვალის ბადურაზე მისი გამოსახულების ზომა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მარტივი საგნების აღქმა ბუნებრივია ან თანდაყოლილი. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ეს უნარი საკუთარი გამოცდილებით ყალიბდება, რისი ერთი მაგალითიც კოლინ ტერნბულს მოყავს: 1961 წელს მან გაუვალ აფრიკულ ჯუნგლებში მცხოვრებ პიგმეის პირველად აჩვენა უსაზღვრო სავანა. პიგმეის არასოდეს ენახა ობიექტები შორი მანძილიდან და კამეჩების (ბუფალო) ჯოგს აღიქვამდა როგორც მწერების გროვას, სანამ ცხოველებთან ახლოს არ მიიყვანეს.

ფორმის კონსტანტურობა

რედაქტირება

ფორმის კონსტანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტის აღქმული ფორმა მუდმივია თვალის ბადურაზე მისი ცვლილებისას. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია შევხედოთ ამ გვერდს ჯერ პირდაპირ, ხოლო შემდეგ კი კუთხით. მიუხედავად გვერდის „სურათის“ ცვლილებისა, მისი ფორმის აღქმა უცვლელი რჩება.

სიმკვეთრის კონსტანტურობა

რედაქტირება

სიმკვეთრის კონსტანტურობა მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტის აღქმული სიმკვეთრე მუდმივია განათების ცვალებად პირობებში. ცხადია, ობიექტისა და ფონის უცვლელობის პირობებში.

ფიგურა და ფონი

რედაქტირება

აღქმის უმარტივესი ფორმირება მდგომარეობს მხედველობითი შეგრძნებების დაყოფაში ობიექტად ანუ ფიგურად და ფონად, რომელზედაც ფიგურა მდებარეობს. ფიგურის ფონიდან გამოყოფა და აღქმის ობიექტის შენახვა ფსიქოფიზიოლოგიურ მექანიზმებს შეიცავს. თავის ტვინის ის უჯრედები, რომლებიც ვიზუალურ ინფორმაციას იღებენ, ფიგურაზე მზერის მიმართებისას უფრო აქტიურ რეაგირებას ახდენენ, ვიდრე ეს ფონის დანახვისას ხდება (Lamme, 1995). ფიგურა ყოველთვის წინ არის წამოწეული, ფონი უკანა პლანზეა; ფიგურა შინაარსით ფონზე უფრო მდიდარია, მასზე უფრო მკვეთრია. ადამიანის აზრი ფიგურისკენ, და არა ფონისკენ არის მიმართული. მაგრამ მათი როლი და ადგილი აღქმაში პიროვნული, სოციალური ფაქტორებით არის განსაზღვრული. ამიტომაც არის შესაძლებელი შექცევადი ფიგურის მოვლენა, როცა ხანგრძლივი აღქმის შემთხვევაში ფიგურა და ფონი ადგილებს იცვლიან.

XX საუკუნის 20-იანი წლებისთვის გეშტალტ-ფსიქოლოგიამ გერმანიაში საკმაოდ მყარი პოზიციები დაიკავა, მაგრამ მის შემდგომ განვითარებას პოლიტიკამ შეუშალა ხელი. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერის მთავრობამ გერმანიის უნივერსიტეტებში დასაქმებული ყველა ებრაელი გააძევა, ხოლო ის პროფესორები, რომლებმაც განაგრძეს მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა, ვალდებულნი იყვნენ ლექციის დასაწყისში აუდიტორიას ნაცისტური სალამით წარდგომოდნენ. მაქს ვერთჰაიმერი და კურტ კოფკა ებრაელები იყვნენ და მათ, დანარჩენ წამყვან გეშტალტ-ფსიქოლოგებთან ერთად, აშშ-ს შეაფარეს თავი, სადაც იმ დროს ფსიქოლოგიაში ბიჰევიორიზმი ბატონობდა თავისი მკვეთრად განსხვავებული კვლევითი პროგრამებით. გასაგებია, რომ ამის გამო გეშტალტ-ფსიქოლოგიამ აშშ-ში ვერ დაიკავა ისეთი თვალსაჩინო ადგილი, რომელიც მას გერმანიაში ეჭირა, ხოლო XX საუკუნის 60-იან წლებში, ვოლფგანგ კელერის გარდაცვალების შემდეგ, შეწყვიტა არსებობა როგორვ დამოუკიდებელმა მეცნიერულმა სკოლამ. გეშტალტ-ფსიქოლოგია თვლიდა, რომ მთელი არ გამოიყვანება მისი ნაწილების თვისებებისა და ფუნქციებისაგან (მთელის თვისებები არ უდრის მისი ნაწილების თვისებების ჯამს) და თვისობრივად უფრო მაღალ დონეს წარმოადგენს. გეშტალტ-ფსიქოლოგიამ შეცვალა წინანდელი თვალსაზრისი ცნობიერებაზე, ამტკიცებდა რა, რომ მის ანალიზს ცალკეულ ელემენტებათან კი არ უნდა ჰქონდეს საქმე, არამედ მთლიან ფსიქიკურ ხატებთან. ეს თეორია წინააღმდეგი იყო ასოციაციური ფსიქოლოგიისა, რომელიც ცნობიერებას ელემენტებად ანაწევრებდა. მისი დებულებები და ექსპერიმენტული მონაცემები, ფენომენოლოგიასა და ფსიქოანალიზთან ერთად საფუძვლად დაედო ფ. პერლზის გეშტალტ-თერაპიას, რომელმაც გეშტალტ-ფსიქოლოგების იდეები კოგნიტური პროცესების შესახებ მსოფლმხედველობის რანგში აიყვანა. ჰუმანისტური და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი შემქნელი აბრაჰამ მასლოუ თვითაქტუალიზაციის მისეული თეორიის შექმნისას მაქს ვერთჰაიმერის გავლენას განიცდიდა, რომელსაც იგი (მასლოუ) თვითაქტუალიზირებადი პიროვნების ნიმუშად თვლიდა. როგორც ტ.მარცინკოვსკაია აღნიშნავს, გეშტალტ-ფსიქოლოგია, მას რომ დღევანდლამდე განვითარების შესაძლებლობა ჰქონოდა, კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებდა ფსიქოლოგიურ მეცნიერებას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნატაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 130.
  • ნათაძე რ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისი, 1956
  • უძნაძე დ., „ზოგადი ფსიქოლოგია“, თბილისი, 1940

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება