გარეგინ ხაჟაკი (სომხ. Գարեգին Խաժակ; 6 ოქტომბერი, 1867 - 1915) — სომეხი ჟურნალისტი, მწერალი, პოლიტიკური აქტივისტი და პედაგოგი. სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრი, ხაჟაკი მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში რევოლუციური საქმიანობის მხარდასაჭერად. სიცოცხლის განმავლობაში ხაჟაკი ოთხჯერ იყო დაპატიმრებული. იყო მასწავლებელი და დირექტორი რეგიონის რამდენიმე სომხურ სკოლაში. 1915 წელს გარეგინ ხაჟაკი დააპატიმრეს და შემდეგ მოკლეს სომხების გენოციდის დროს.

გარეგინ ხაჟაკი
სომხ. Գարեգին Խաժակ
დაბადების თარიღი 6 ოქტომბერი, 1867(1867-10-06)
დაბადების ადგილი გიუმრი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 1915[1] [2]
გარდაცვალების ადგილი დიარბაქირი
საქმიანობა პოლიტიკური აქტივისტი[1] [2] , პუბლიცისტი და მასწავლებელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი[1]

ცხოვრება

რედაქტირება
 
გარეგინ ხაჟაკი ახალგაზრდობაში

გარეგინ ხაჟაკი (ჩაკალიანი) დაიბადა 1867 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთის იმპერიის ალექსანდროპოლში (დღევანდელი გიუმრი, სომხეთი).[3] [4] მას ეძახდნენ ჩაკალ ოღლი (თურქულად: ტურის ძე), რომელიც მოგვიანებით გარშემომყოფებმა ხაჟაკად გადააკეთეს.[5] 1883 წელს, საწყისი განათლების მიღების შემდეგ, უმაღლესი განათლება მიიღო გევორქიანის სემინარიაში. სემინარია დაამთავრა 1886 წელს, რის მერე ხაჟაკი გახდა მასწავლებელი და შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა ბაქოს, აკულისის[6] და განჯას სამრევლო სკოლებში.[3] [5] ბაქოში ყოფნის დროს ხაჟაკი შეუერთდა სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას (ARF).[7] განათლების გასაგრძელებლად ხაჟაკი გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ჩაირიცხა ჟენევის უნივერსიტეტში და სწავლობდა სოციალურ მეცნიერებებს.[3][7] ჟენევაში ყოფნისას მან დაიწყო წერა გაზეთ „დროშაკისთვის“, რომელიც ARF-ს ეკუთვნოდა.[7]

1898 წელს სწავლის დამთავრებისთანავე,[4] ხაჟაკი დროშაკის რედაქციამ გაგზავნა ბალკანეთში, შემდეგ კი ალექსანდრიაში.[7] ალექსანდრიაში ერთი წლით ყოფნის შემდეგ, იგი გაემგზავრა იზმირში ექვსი თვით და ბოლოს კონსტანტინოპოლში, სადაც ორი წელი დაყო.[3][5][7]

ჩემო ძვირფასო,

შორს მაგზავნიან, ასე შორს შენგან, ტიგრანაკერტისკენ. ჩემთან არიან აიაშის შემდეგი პატიმრები: აგნუნი, სარკის მინასიანი, ექიმი დაღავარიანი, ჯიჰანგული.

ერეილის რკინიგზის სადგურზე შემხვდა სომეხი, რომელიც დამპირდა, ამ წერილს გადმოგცემდა. კარგად მიხედე შენს თავს და ჩემს გოგოებს ნუნისს და ალოსს.

არ ვიცით, რატომ მოგვიყვანეს აქ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

ასე რომ, ნახვამდის, გკოცნი, შენ და ჩემს ტკბილ გოგოებს.

შენი,

გ. ხაჟაკი
—   გარეგინ ხაჟაკის უკანასკნელი წერილი საკუთარ ცოლს (ორიგინალი სომხურ ენაზე)[3]

გარეგინ ხაჟაკი რვა თვე ციხეში იყო რევოლუციური საქმიანობის გამო.[3][5] შემდეგ იგი გადაასახლეს კავკასიაში, სადაც განაგრძო მასწავლებლის მოღვაწეობა.[3][5] ორი წელი შუშის სომხური სკოლის დირექტორი იყო. ქორწინების შემდეგ ხაჟაკი 1903 წელს დასახლდა თბილისში და გახდა სომხური გაზეთ „მშაკის“ ერთ-ერთი რედაქტორი.[7][4] გაზეთში მუშაობის პარალელურად ის ასევე ასწავლიდა ნერსესიანის სასწავლებელში.[4][5] 1906 წელს იგი გახდა გაზეთ „ჰარაჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რედაქტორი, მუშაობდა ავეტის აჰარონიანსა და იეგიშე თოფჯიანთან ერთად.[3][5][7]

1908 წელს დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, სადაც ექვსი თვე დაყო.[3] გათავისუფლების შემდეგ ხაჟაკი ისევ დააპატიმრეს და დამატებით ცხრა თვით ციხეში ჩასვეს.[3]

1912 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ხაჟაკი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, სადაც წერდა ადგილობრივ გაზეთ „აზადამარდისთვის“ და გახდა სომხური სკოლის დირექტორი სამატიას რაიონში.[7][4]

სიკვდილი

რედაქტირება

გარეგინ ხაჟაკი იყო სომეხ ლიდერებს შორის, რომლებიც დეპორტირებული იყვნენ სომეხთა გენოციდის დროს.[8] 1915 წლის 24 აპრილის ღამეს ხაჟაკი დააპატიმრეს და კონსტანტინოპოლის ციხეში ჩასვეს. შემდეგ მატარებლით გაგზავნეს აიასში, სოფელში, რომელიც მდებარეობს ოსმალეთის იმპერიის შიდა პროვინციებში.[8] აიაშის ციხეში ხაჟაკის გარდა იყვნენ ასევე რუპენ ზარტარიანი, სარკის მინასიანი, ხაჩატურ მალუმიანი, ჰარუტიუნ ჯანგულიანი და ნაზარეთ დაღავარიანი, რომლებიც 2 ივნისს დიარბაქირში უნდა გადაეყვანათ.[9] სავარაუდოდ, დიარბაქირში მათზე სამხედრო სასამართლო გაიმართებოდა;[10] თუმცა, ხაჟაკი და სხვა პატიმპრები გზაში მოკლეს. ყარაჩურის მიდამოში ურფასა და სევერეკს შორის (დღევანდელი სივერეკი).[9] მკვლელობის ბრძანება კაპიტანი შევქეთისგან სპეციალური ორგანიზაციის წევრს, ჰაჯი ონბაშის გადაეცა.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2. — გვ. 468.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 Houshartsun nahadoug medavoraganouti (Armenian). 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Soviet Armenian Encyclopedia Volume 4 (hy). Armenian Encyclopedia Publishing. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Archived copy Armenian. Mayr Hayastan. ციტირების თარიღი: 2014-02-27
  6. There are two adjoining villages called Akulis: Aşağı Əylis (Lower Akulis) and Yuxarı Əylis (Upper Akulis). In 2005, their combined population was 2,923. It is unclear whether they had separate schools or whether a single school served them both.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 Tasnapetian 1990.
  8. 8.0 8.1 Balakian, Grigoris (2010). რედ. Peter Balakian and Aris Sevag: Armenian Golgotha: a memoir of the Armenian genocide, 1915-1918, 1st Vintage Books, New York: Vintage Books. ISBN 978-1400096770. 
  9. 9.0 9.1 9.2 Kevorkian, Raymond H. (2010). The Armenian genocide: a complete history, Reprinted., London: I. B. Tauris. ISBN 978-1-84885-561-8. 
  10. Sarafian, Ara. (22 April 2013) What Happened on 24 April 1915? The Ayash Prisoners. Gomidas Institute.