განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა

განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა — ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი, რომლის ავტორად მოხსენიებულია არსენ კათალიკოსი.

შინაარსი

რედაქტირება

ტრაქტატის ავტორის — არსენ კათალიკოსის ცხოვრების თარიღები უცნობია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდები მერყეობს VII-XIV საუკუნეებს შორის. ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით იგი გაიგივებულია IX საუკუნის II ნახევრის მოღვაწესთან არსენ I დიდთან. არც ერთი ეს შეხედულება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დასაბუთებულად. არსენ საფარელის თხზულების წყაროები, ლექსიკა და ტერმინოლოგია, ავტორის ცოდნა კავკასიის ეკლესიების ისტორიისა, აძნელებს ტრაქტატის დათარიღებას XI საუკუნის II ნახევარზე უფრო ადრინდელი ხანით. არსენ საფარელის ტრაქტატი შეიცავს ამიერკავკასიის (უპირატესად სომხეთის) საეკლესიო და პოლიტიკურ ისტორიას ბიზანტიისა და ირანის იმპერიებთან ურთიერთობის ფონზე (IV საუკუნის დასაწყისიდან 726 წლამდე). შედარებით დეტალურად არის წარმოდგენილი VI საუკუნის შუა ხანა 80-იან წლებამდე და VII საუკუნემდე, ვინაიდან, ავტორის აზრით, ამ დროს ჩამოყალიბდა სომხეთის მონოფიზიტური ეკლესია. არსენ საფარელის თხზულების ძირითადი წყაროა ჩვენამდე ბერძნულ ენაზე მოღწეული ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი "Narratio de rebus Armeniae" („სომხეთის მოვლენათა მატიანე“). ისტორიკოსი, ჩანს, სარგებლობდა ამ ტექსტის სომხური ორგინალით (VIII საუკუნე), როგორც თხზულებისათვის საერთო გეგმის შედგენისას, ისე VI–VII საუკუნეებში ცალკეული სიტუაციების აღწერისას. გარდა დასახელებული ტრაქტატისა, არსენ საფარელი თავისი თხზულების ძირითადი ნაწილისათვის იყენებს ბიზანტიელი მოღვაწის ფოტიოს კონსტანტინოპოლელის ეპისტოლეს ზაქარია სომეხთა პატრიარქისადმი (895 წელი), იოანე დრასხანაკერტცის „სომხეთის ისტორიას“ (X საუკუნის 20–იანი წლები), ასოღიკის (სტეფანოს ტარონეცი) „მსოფლიო ისტორიას“ (1004 წლის შემდეგ), ანონიმურ საეკლესიო ქრონიკას. შეიძლება იმის ვარაუდი, რომ არსენი იცნობდა ქართლისა და სომხეთის საეკლესიო იერარქთა მიმოწერას VII საუკუნის დამდეგს, იოანე ოძუნელის თხზულებას „კრებათა შესახებ“ (726–728 წლები), მანაზკერტის 726 წლის ადგილობრივ საეკლესიო კრების კანონებს. ტრაქტატში თითქმის მთლიანად იგნორირებულია VI საუკუნის II ნახევრი; IV–V საუკუნეებში კავკასიაში რელიგიური სიტუაციის გადმოსაცემად ავტორი იყენებს აგათანგელოსის, მოვსეს ხორენაცისა და ლაზარ ფარპეცის „სომხეთის ისტორიებს“. მხედველობაში მიღებულია აგრეთვე გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ ქართული ვერსია და „საჰაკ ჰართელის ხილვის“ ერთ-ერთი ვერსია. არსენ საფარელის თხზულებაში გვხვდება ისეთი ისტორიული ცნობები, რომლებიც სხვა წყაროებში არ არის დადასტურებული, რის გამოც იგი ზოგ შემთხვევაში პირველწყაროს მნიშვნელობას იძენს. თხზულების ფართო ქრონოლოგია და არეალური ჩარჩოები, გამოყენებული დიდძალი ქართული, სომხური და ბერძნული ენებზე, უცხოენოვანი ლექსიკა, ტერმინები ქართულ ენაზე თარგმანებით მოწმობს ავტორის დიდ ერუდიციას და ენების ცოდნას. არსენ საფარელს ეკუთვნის შუა საუკუნეების იმ ქართველ მოღვაწეთა წრეს, რომელიც საეკლესიო განხეთქილებას კავკასიაში განიხილავდა, როგორც გარეშე ძალდატანებით გამოწვეულ პოლიტიკურ აქტს და არა შინაგან აუცილებლობას. იგი გმობს მონოფიზიტობას, მაგრამ დარწმუნებულია სომეხი ხალხის „უბრალოებაში“, რომელმაც მართლმადიდებლობას გადაუხვია სპარს მეფეთა „ნებით“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.208
  • ზ. ალექსიძე, „განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა“ - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 210გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება