გალინა სტაროვოიტოვა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გალინა სტაროვოიტოვა (რუს. Галина Васильевна Старовойтова; დ. 17 მაისი, 1946 — გ. 20 ნოემბერი, 1998) — რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სსრკ, რსფსრ-ის და რუსეთის ფედერაციის პარლამენტების წევრი, პრეზიდენტ ელცინის მრჩეველი ეროვნებათაშორის ურთიერთობების საკითხში.

გალინა სტაროვოიტოვა
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1946
ჩელიაბინსკი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების თარიღი 20 ნოემბერი, 1998
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთის ფედერაცია
განათლება ლენინგრადის უნივერსიტეტი
საქმიანობა პოლიტიკა, ეთნოგრაფია
შვილ(ებ)ი პლატონ ბორშჩევსკი

იგი მოკლული იქნა პოლიტიკური მოღვაწეობის გამო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული პერიოდი

რედაქტირება

გალინა სტაროვოიტოვა დაიბადა ქალაქ ჩელიაბინსკში ბელარუსი მამის და რუსი დედის ოჯახში. თავდაპირველად იგი ლენინგრადის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ კი - ლენინგრადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მან დოქტორის წოდება მიიღო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიის ინსტიტუტში და 14 წლის მანძილზე მუშაობდა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეთნიკური საკითხების შემსწავლელ ცენტრში.

სტაროვოიტოვა სტატიებს წერდა ანთროპოლოგიურ თეორიებზე, კულტურათაშორის საკითხებზე, კავკასიურ ანთროპოლოგიაზე, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის და აფხაზეთის თემაზე.

ახალგაზრდა მეცნიერი არ გამოირჩეოდა პარტიული ნომენკლატურისთვის დამახიათებელი შეხედულებებით. ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში მან პროტესტი გამოთქვა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანის წინააღმდეგ.[1]

ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივების შემდეგ 1988 წელს გალინა სტაროვოიტოვა გამოდიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის თვითგამორკვევის მხარდაჭერით.

პოლიტიკური საქმიანობის პირველი ეტაპი

რედაქტირება

ამ საკითხში მოხვეჭილი პოპულარობის წყალობით 1989 წელს მარტში მან კენჭი იყარა სსრკ სახალხო დეპუტატთა საბჭოს კანდიდატად სომხეთიდან. ერთი წლის შემდეგ იგი, აგრეთვე, ლენინგრადიდან რუსეთის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა.

1991 წელს სტაროვოიტოვა მუშაობდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბორის ელცინის პრეს-სპიკერად, მისი გამარჯვების შემდეგ კი დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად ეროვნებათაშორის ურთიერთობების საკითხში. საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა. საკუთრივ რუსულ პოლიტიკურ ელიტაშიც ქაოსი სუფევდა. სხვადასხვა ბანაკის წარმომადგენლები მძაფრად იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული. პრეზიდენტი მიიჩნეოდა რეფორმისტული ფრთის წარმომადგენლად, სადაც გავრიილ პოპოვი, ანატოლი სობჩაკი, ლევ კოვალიოვი, სერგეი იუშენკოვი და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები საქმიანობდნენ.

1992 წლის ნოემბერში გალინა სტაროვოიტოვა პოსტიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან არ მოიწონა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ ოსეთისთვის გაწეული დახმარება ინგუშეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. იგი მეცნიერებას დაუბრუნდა და ეგორ გაიდარის მიერ დაარსებულ გარდამავალი პერიოდის ინსტიტუტში ეთნოპოლიტიკურ საკითხებზე მუშაობდა.

პროფესიულ სფეროში მოღვაწეობის შედეგად შეძენილი ავტორიტეტის მეშვეობით, ჩეჩნეთში ომის დაწყების შემდეგ პირადად გალინა სტაროვოიტოვას ძალისხმებით, ტყვეობიდან გათავისუფლებული იქნა დაახლოებით ორასი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ომის დაწყების შემდეგ მან ელცინს "ბორის სისხლიანი" უწოდა და გამოთქვა აზრი, რომ მისი რეფორმები დასრულებულია, ახალი რეჟიმი კი საფრთხეს არა მხოლოდ რუსეთისთვის წარმოადგენს.[2]

1995 წლის შემდეგ

რედაქტირება

1995 წელს გალინა სტაროვოიტოვამ მორიგ წარმატებას მიაღწია დუმის არჩევნებზე სანქტ-პეტერბურგის ერთმანდატიანი ოლქიდან. მან ორჯერ სცადა პარლამენტში კანონპროექტის გატანა ტოტალიტარული რეჟიმის თანამდებობის პირებისთვის პროფესიული საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, მაგრამ ლუსტრირების შესახებ კანონმა მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა კანონპროქტების შემუშავებაში სინდისის და რელიგიური გაერთიანებების შესახებ, პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაციის თაობაზე და სხვ.

1996 წელს სტაროვოიტოვამ სცადა საკუთარი თავის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან რეგისტრაციაზე უარი მიიღო.

საკუთარი ავტორიტეტის წყალობით, მას შეხვედრები ჰქონდა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ მოღვაწეებთან - მარგარეტ ტეტჩერთან, ჟაკ შირაკთან, ვაცლავ ჰაველთან, ჰენრი კისინჯერთან, ლეხ ვალენსასთან.[3]

ძალოვანთა ბანაკი თანდათან ძლიერდებოდა. ამ პერიოდში რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ზედიზედ დაიკავეს უშიშროების ძველი სისტემის წარმომადგენლებმა სერგეი კირიენკომ და ევგენი პრიმაკოვმა. 1998 წლის ივლისში უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსად ვლადიმერ პუტინი დაინიშნა. პოლიტიკურ ძალთა განლაგების მხრივ მნიშვნელობა ენიჭებოდა იმავე წლის დეკემბრისთვის დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს, რომლისთვისაც აქტიურად ემზადებოდა პარტია "დემოკრატიული რუსეთი". აპრილში მის თავმჯდომარედ გალინა სტაროვოიტოვა იქნა არჩეული.

შემოდგომაზე დეპუტატი მუქარებს და შეურაცხყოფას ისმენდა, მათ შორის სახელმწიფო დუმის კედლებში, იღებდა, აგრეთვე, ანონიმურ ზარებს. იგი წუხდა მზარდი პოლიტიკური ექსტრემიზმის გამო.[4]

მკვლელობა

რედაქტირება

1998 წლის 20 ნოემბერს გალინა სტაროვოიტოვა სანქტ-პეტერბურგში საკუთარი ბინის სადარბაზოს წინ დაცხრილეს. მიღებული ჭრილობებისგან იგი ადგილზე გარდაიცვალა. შვიდი წლის შემდეგ მკვლელობის ორ შემსრულებელს სასამართლომ 20 და 23,5 წლიანი პატიმრობის ვადა მიუსაჯა, 2014 წელს კი დუმის ყოფილმა დეპუტატმა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან განაცხადა, რომ მკვლელობის შემკვეთი ტამბოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური იყო.[5]

დაფასება

რედაქტირება

სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე გალინა სტაროვოიტოვამ დააწესა ჯილდო "რუსეთში დემოკრატიის კონსოლიდაციასა და ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის".

პეტერბურგში ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის დაწესდა სტაროვოიტოვას სახელობის სტიპენდია.[6]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ეთნოლოგიის, ეთნოსოციოლოგიის და ეთნოფსიქოლოგიის საკითხებზე სტაროვოიტოვა დაახლოებით 100 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი იყო.[7]

გამოიცა მისი ავტორობით დაწერილი სამი წიგნი:

  • Старовойтова, Г. Этническая группа в современном советском городе. — Л., Наука, 1987.
  • Старовойтова, Г. Десять лет без права передышки. СПб., 1999
  • Старовойтова, Г. Национальное самоопределение. СПб., 1999

ოჯახური მდგომარეობა

რედაქტირება

1969-89 წლებში გალინა სტაროვოიტოვა დაქორწინებული იყო ფილოსოფოს მიხაილ ბორშჩევსკიზე. წყვილს ერთი შვილი შეეძინა.

1996 წელს სტაროვოიტოვას მეორე მეუღლე მუსიკოსი ანდრეი ვოლკოვი გახდა.