ბრეძის კომპლექსიეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის: ზღუდერის (დიდი), წმ. მარინეს (მცირე) ეკლესიები და გალავანი.

ზღუდერის ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით. XIX საუკუნეში შეუკეთებიათ: სამხრეთ შესასვლელი გაუფართოვებიათ, საპირეები მოყვითალო თლილი ქვით ამოუყვანიათ და კარისათვის ქვის ნახევარწრიული თაღი გაუკეთებიათ. წვრილი ქვით შეუკეთებიათ ფასადის ზედა ნაწილებიც, შენობისათვის შემოუყოლებიათ ლავგარდანი, გადაუხურავთ კრამიტით (ხის კოჭებზე) და ფასადები მთლიანად შეულესიათ.

ეკლესია დარბაზულია (14,7 X 8,5 მ), ნაგებია კარგად დამუშავებული მუქი შინდისფერი ბაზალტის კვადრებით. ეკლესიას სამხრეთით ფართო და მაღალი შესასვლელი აქვს; შიგნიდან ნახევარწრიული და გარედან არქიტრავული დასავლეთის შესასვლელი, აგრეთვე ჩრდილოეთის შესასვლელი, ამოშენებულია. ნახევარწრიული აფსიდი ამაღლებულია ერთი საფეხურით. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია; ერთი სარკმელი დასავლეთითაა, ორი - სამხრეთით. კონქი დარბაზს ორნაწილიანი სატრიუმფო თაღით უკავშირდება. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა დანაწევრებულია სამი წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით. ორსაფეხურიანი მასიური პილასტრები ღრმად იჭრება დარბაზის სივრცეში და საკმაოდ ღრმა უბეებს ქმნის.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის არქიტრავის ქვაზე, ცენტრში გამოსახულია განედლებული ჯვარი, რომლის ორივე მხარეს თითო ვარდულია ამოკვეთილი.

წმ. მარინეს ეკლესია დგას ზღუდერის ეკლესიის დასავლეთით, ოციოდე მეტრზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,2 X 4,75 მ), ნაგებია უხეშად დატეხილი, პირმოსწორებული მოზრდილი ქვებით, აქა-იქ ურევია რიყის ქვაც. ერთი მთლიანი ბრტყელი დამუშავებული ლოდით გადახურული ვიწრო შესასვლელი დასავლეთითაა. მცირე სიღრმის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი ვიწრო სარკმელი და პატარა ნიშებია. თითო სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. სარკმლების ქვედა ნაწილები ძლიერ დამრეცია. ნიში ჩრდილოეთ კედელშიცაა. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. პილასტრები და თაღები კედლების მსგავსად ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. პილასტრების კაპიტელებს მარტივი თაროსებრი კონსოლების სახე აქვს. კამარა და აფსიდის კონქი ნატეხი ქვისა და კირხსნარის დაბეტონებულ მასას წარმოადგენს. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში შეკეთებული ჩრდილოეთ კედელი დეფორმირებულია. კედლები და კამარა მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. გაირჩევა გამოსახულებათა კონტურები და თანმხლები წარწერების ფრაგმენტები. არის მლოცველთა მინაწერებიც.

ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის სარკმელია შემკული ქვაში ამოკვეთილი გაშლილმკლავებიანი თაღოვანი წარბით.

ზღუდერის ეკლესიის მახლობლად, თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზე, მდებარეობს ნასოფლარი, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. გამოვლენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგებ შენობათა საძირკვლის საფუძვლები.

კომპლექსს შემოვლებული ჰქონია გალავანი, რომლის ნანგრევები რამდენიმე ადგილას არის შემორჩენილი. გაირჩევა გალავნის კონტურები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება