ბრაზილიური ცვილის პალმა, კარნაუბის პალმა (ლათ. Copernicia prunifera) — ერთლებნიანი მცენარე პალმების ოჯახისა. ველურად მზარდი და კულტივირებული მცენარეა.[1] მისი სიმაღლე 10–12 მეტრს აღწევს.[2] აქვს 2 მეტრამდე დიამეტრის მარაოსებრი ფოთლები.[3] გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის,[1] ბილივიისა და პარაგვაის სავანებში. ფოთლები დაფარულია 0,5 სმ-მდე სისქის ცვილის ფენით, რომელიც ნორჩ ფოთლებს წყლის ზედმეტი დაკარგვისაგან იცავს.[2] ფოთლებს იყენებენ გადასახურად,[3] წნავენ ჭილოფებს, ქუდებს, კალათებს და სხვა ნაკეთობებს; მერქანი გამოიყენება სამშენებლო მასალად. მაღალი ხარისხის მცენარეული ცვილის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. 1 კგ ცვილის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 140 ფოთოლი.[1] ცვილს იყენებენ ყოფაცხოვრებასა და ტექნიკაში.[3] პალმის ნაყოფი, რომელიც ზომით ქლიავისოდენაა, საკვებად ვარგისია უმი და მოხარშული სახით.[1]