ბოცვერი[1] (ლათ. Oryctolagus cuniculus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 31–45 სმ-ია, კუდისა — 5–6 სმ, ყურებისა — 7 სმ; მასა 1–2 კგ. უკანა კიდურები წინებზე გრძელია. აქვს რბილი, ხშირი, ზურგზე ღია რუხი ან მოწითურო, მუცელზე კი ღია ფერის ბეწვი. კუდი ზემოდან მუქი ან ზურგის ფერისაა, ქვემოდან — თეთრი. გვხვდება რუხი, შავი ან ამლაყი ინდივიდები.[2]

ბოცვერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oryctolagus cuniculus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Lepus cuniculus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???
გავრცელება

  ბუნებრივი არეალი
  შეყვანილი

ბოცვრის სამშობლოდ ითვლება ცენტრალური და სამხრეთი ევროპა, ჩრდილოეთი აფრიკა. შუა საუკუნეებიდან დაწყებული ევროპის ბევრ ქვეყანაშია შეყვანილი, მოგვიანებით აკლიმატიზირებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს სხვადასხვა ლანდშაფტში (მ.შ. ანთროპოგენურში), უპირატესობას ანიჭებს ბუჩქნარებს. აქტიურები არიან ძირითადად ღამით. იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებით. დამახასიათებელია კოპროფაგია (საკუთარი ექსკრემენტების ჭამა), რაც ააქტიურებს ნაწლავის მიკროფლორას და ზრდის საჭმლის მონელების ინტენსივობას.[2]

უპირატესად კოლონიებად ცხოვრობენ, რომლებშიც არსებობს იერარქია ყველაზე ძლიერი მამრების დომინირებით. თხრიან სოროებს, როგორც უბრალოს (მოკლე, 1–3 გასასვლელით, სიღრმით 0,6 მეტრამდე), ისე რთულს (სიგრძეში 45 მეტრამდე, დატოტვილი, მრავალი გასასვლელით, სიღრმით 3 მეტრამდე). სორო შესაძლებელია გამოიყენოს რამდენიმე თაობამ, რის გამოც ზოგჯერ 1 ჰექტრამდე ფართობის ლაბირინთთა სისტემა იქმნება. ხშირ რაყებში ბოცვერი მიწისზედა ბუდეს აკეთებს. საკვების მოსაპოვებლად სოროდან შორს არ მიდის. დარბის არც ისე სწრაფად (დაახლოებით 25 კმ/სთ სიჩქარით) და მოკლე დისტანციაზე. ტერიტორიას ნიშნავს საზარდულის, ანალური და ნიკაპის ჯირკვლების სუნიანი სეკრეტით.[2]

ბოცვერი წელიწადში იძლევა 5-მდე თაობას. ერთ დაყრაზე შობს 2–12 (ძირითადად 6) ბაჭიას. მაკეობა 28–33 დღე გრძელდება; იბადებიან შიშვლები და ბრმები, დედა კვებავს 1 თვემდე. რიცხოვნობის მხრივ ახასიათებს მნიშვნელოვანი მერყეობა; მასიური გამრავლებისა და მტაცებლების არარსებობის პირობებში დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ტყის ნარგავებს, რასაც მოაქვს ბუნებრივი ბიოცენოზის დეგრადაცია. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბოცვრის რაოდენობის კონტროლი მოუგვარებელი აქტუალური ამოცანაა. ხორცისა და ტყავის გამო ნადირობის პოპულარული ობიექტია.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 80.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Щипанов Н. А., Балакирев Н. А. Кролики // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 90.