ბოლნისის საეპისკოპოსო

ბოლნისის საეპისკოპოსო — ისტორიული ქვემო ქართლის ერთ-ერთი უძველესი ეპარქია. ქართული წყაროები ბოლნისში პირველი ეკლესიის აშენებას სხვადასხვა მეფეს მიაწერენ, ხოლო ბოლნისის საეპისკოპოსოს კათედრის დამაარსებლად ჯუანშერი ვახტანგ გორგასალს ასახელებს. ბოლნისის სიონის ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ, რომელიც ბოლნელი ყოფილა სწორედ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს. იგივე დავითია დასახელებული „ეპისტოლეთა წიგნში“ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე დამსწრე ქართველ მამამთავრებს შორის. იქ ჩამოთვლილ 24 ეპისკოპოსს შორის დავით ბოლნელი მეხუთე ადგილზეა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ბოლნელის სამწყსო იყო ქართლის სომხითი (ამ ტერმინით XVIII საუკუნეში აღინიშნებოდა ტერიტორია მაშავერ-ბოლნისისწყალის წყალგამყოფიდან მდინარე დებედის აუზამდე).

ბოლნისის ეპისკოპოსთაგან X საუკუნეში ჩანს ელია ბოლნელი, სიონის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული, რომელსაც საყდარში ღამისთევა დაუწესებია. X-XI საუკუნეებში აქვე მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი, ცნობილი მქადაგებელი და მჭერმეტყველი, ვისი ქადაგებანიც ჩვენამდე შემორჩა. XIII საუკუნეში დარბაზობის წესის მიხედვით, ბოლნელ მამამთავარს 26-ე ადგილი ეჭირა ვალაშკერტელის შემდეგ.

XVIII საუკუნის დასაწყისიდან ბოლნისის საეპისკოპოსო თბილელის კათედრას შეუერთდა და ამის შემდეგ იხსენიებიან თბილელ-ბოლნელი ეპისკოპოსები. 1747 წელს კათედრა ისევ აღდგენილი ჩანს, ხოლო 1749 წელს ანტონ კათალიკოსმა ბოლნისის საეპისკოპოსო ქართლის მთავარეპისკპოსს უბოძა.

XVIII საუკუნის II ნახევრაში ბოლნისის საეპისკოპოსო დმანისისა და წალკის საეპისკოპოსოებთან ერთად მოშლილი იყო. ამავე საუკუნის 80-იანი წლების საბუთებიდან ჩანს, რომ ბოლნელის მამულებს იქაური ერისკაცები დაეპატრონენ და მათგან ღალას უკვე მანგლელი ეპისკოპოსი ითხოვს. საბოლოოდ 1805 წლის ერთ საბუთში იხსენიება თბილელ-მანგლელ-ბოლნელი მიტროპოლიტი.

ლიტერატურა

რედაქტირება