ბოლნისის ეპარქია
ბოლნისის ეპარქია — საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს საქართველოს უძველეს ქალაქს — ბოლნისსა და მის მუნიციპალიტეტს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, დასავლეთიდან — დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ჩრდილოეთიდან — მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა.
ისტორია
რედაქტირებაქვემო ქართლის უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის სიონის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. როგორც ჩანს ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V საუკუნში ჩამოყალიბდა.
1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ 80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული.
2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა - ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა. 2006 წლის 31 დეკემბრდან ბოლნისის სამწყსოს განაგებს მთავარეპისკოპოსი ეფრემი.