ბიეთის ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიეთი (ტაძარი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბიეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაXIV საუკუნის II ნახევრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. ბიეთის ტაძარი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადის წინუბნის წყლის ხეობაში, სოფლების წინუბნისა და გურკელის გავლით და ამ უკანასკნელიდან დაახლოებით 2 კმ-ის მოშორებით. ტაძარი სრულიად განმარტოვებულ, დასახლებისაგან მოშორებულ ადგილზეა მდებარეობს. ბიეთი, ეკლესიის და მისი მიმდებარე ადგილის ტოპონიმია.

ბიეთი

ბიეთის ტაძარი, ხედი დასავლეთიდან

ბიეთის ტაძარი — საქართველო
ბიეთის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°44′35″ ჩ. გ. 43°06′20″ ა. გ. / 41.7432833° ჩ. გ. 43.1058167° ა. გ. / 41.7432833; 43.1058167
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება XIV საუკუნის II ნახევარი

ამჟამად ტაძრის გუმბათი, კამარები და კედლების დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი, რომელზედაც შუა სარკმლის ზემოთ გამოსახულია მაღალი მოჩუქურთმებული ჯვარი. გუმბათი დასავლეთის ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს ეყრდნობოდა. თლილი ქვით მოპირკეთებული ფასადების სარკმლები და შესასვლელი მოჩუქურთმებული ყოფილა, ხოლო ინტერიერი — მოხატული. ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს სამლოცველო, რომელიც, წარწერის თანახმად, 1493 წელს აუგია ზაალ თოხასძეს.

სამეცნიერო ლიტერატურაში პირველ ცნობას ბიეთის ტაძრის შესახებ დიმიტრი ბაქრაძესთან ვხვდებით. ინფორმაცია მას მღვდელ ივანე გვარამაძისაგან მიუღია. ბიეთს ექვთიმე თაყაიშვილი 1902 წლის ექსპედიციისას გაეცნო, მის დროს გუმბათი ჯერ კიდევ ედგა ტაძარს[2]. მკვლევარი ძეგლს წარწერის მიხედვით XII-XIII საუკუნეთა მიჯნით ათარიღებდა. ბიეთის ტაძარი 1932 წელს გიორგი ბოჭორიძეს უკვე ჩამოქცეული დახვდა. მისი ცნობით: „ბიეთის ეკლესიის გუმბათი დანგრეულია ორი წლის წინათ მეხის დაცემით“[3]. გიორგი ბოჭორიძე ექვთიმე თაყაიშვილის პუბლიკაციასაც იყენებს და ფერწერული წარწერების ჩასწორებულ ვარიანტს იძლევა. 1946 წელს ვახტანგ ბერიძემ შეისწავლა იმხანად ბიეთის უკვე გადახურვაჩაქცეული ტაძარი. ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა ტაძრის აგების თარიღი და ის XIV საუკუნის მეორე ნახევარს მიაკუთვნა[4].

ძეგლის აღწერა რედაქტირება

ტაძარი ნაგებია თლილი ქვით (გარე ზომებია 11,8X17,7 მ.). დღეს ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. ჩამოშლილია გუმბათი, ადგილზე გადახურვის არცერთი თაღი და კამარა აღარაა შემორჩენილი. აფსიდის ზედა ნაწილიც მორღვეულია. ტაძრის ინტერიერი სავსეა ჩამოშლილი გუმბათისა და გადახურვის ქვებით. ადგილზე გადარჩენილია მხოლოდ საკურთხევლის კონქი და პასტოფორიუმები.

ტაძარში ორი შესასვლელია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან (სამხრეთის კარის წინ კარიბჭე იყო მოწყობილი, დღეს მისი მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე კრონშტეინებია, მაგრამ კარიბჭის კვალი არ შეიმჩნევა). ტაძრის გეგმაზე მკვეთრად გამოიყოფა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი. ნახევარწრიული აფსიდი დაგრძელებულია ღრმა ბემით, რომელიც ცენტრისკენ განიერდება. გუმბათქვეშა სივრცეს ზომაზე დიდი ფართობი უკავია. გუმბათი ბემის მხრებსა და თავისუფლად მდგარ ჯვრული კვეთის ორ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ჯვრულ მკლავებს შორის დამატებით მასიური ლილვებია აყოლებული). შესამჩნევია, რომ ტაძრის არქიტექტურაში გუმბათის წამყვანი როლი გადაჭარბებითაც არის წინ წამოწეული. ის, გვერდითი მკლავების ხარჯზე, მთელი ტაძრის სივრცეზე გაბატონდა. გვერდითი მკლავების მნიშვნელობა მინიმუმამდეა შემცირებული (მკლავის სიგანე 1 მეტრს ოდნავ აჭარბებს). სამკვეთლოში და სადიაკვნეში შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლოს დამატებით მეორე კარი, უშუალოდ საკურთხევლიდან, ბემაშიცაა გაჭრილი. ორივე სათავსო აღმოსავლეთის აფსიდით მთავრდება.

ტაძრის გუმბათზე მსჯელობა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს გადაღებული ფოტოებით არის შესაძლებელი. თორმეტწახნაგიანი, უჩვეულოდ განიერი გუმბათის ყელი, ბატონობს მთელ ტაძარზე. მისი სიგანე სიმაღლეს აჭარბებს. თორმეტწახნაგა გუმბათზე ექვსი ნამდვილი და ამდენივე ცრუ სარკმელია. სარკმელთა თავზე ორნამენტით შემკული გირჩებია განლაგებული. სარკმლები შეწყვილლილვებიანი სადა საპირითაა. უჩვეულოა, მაგრამ გუმბათს გარედან გუმბათქვეშა კვადრატი არ ჰქონდა. გუმბათის ყელს თავზე ორლილვიანი სარტყელი უვლიდა გარს, რომელსაც თორმეტწახნაგა კონუსური სახურავი არულებდა.

ფასადებიდან სხვებზე უკეთ აღმოსავლეთის ფასადია გადარჩენილი, რომლის ცენტრალური ნაწილი მთლიანად საკურთხევლის უჩვეულოდ მაღალი პროპორციების სწორკუთხა სარკმელს და სარკმლის დეკორაციულ საპირესთან დაკავშირებულ ასევე ორნამენტით შემკულ დიდ დეკორატიულ ჯვარს ეკავა (სავარაუდოდ ჯვრის ფრონტონის წვერს წვდებოდა. ამავე ფასადზე პასტოფორიუმების სიმეტრიულად განლაგებული თაღოვანი სარკმლებია, დეკორატიული საპირით. დასავლეთი ფასადი, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული გადაწყვეტითაა შესრულებული — შესასვლელი კარი, სიმეტრიულად განლაგებული სამი სარკმელი და სავარაუდოდ დეკორატიული ჯვარი.

დეკორატიულ ჯვარზე და სარკმელთა საპირეებზე განთავსებული ორნამენტის რეპერტუარი და შესრულების ხასიათი XIII-XIV საუკუნეებისათვის ჩვეულია. საპირე ლილვები კედლის სიღრმეშია „ჩაფლული“. დეკორის კვეთა XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ნიმუშებთან შედარებით დაბალია. ყველგან გამოყნებულია გეომეტრიული ორნამენტი.

 
ბიეთის ტაძრის წარწერა
 
ბიეთის ტაძრის წარწერა

ტაძარს ჩრდილოეთიდან მოგვიანებით სწორკუთხა ეგვტერი მიაშენეს. შესრულების ხარისხით და აგების პერიოდით ის ნამდვილად ჩამორჩება ბიეთის ტაძარს. ორ ქვაზე განლაგებული წარწერის მიხედვით მინაშენი 1493 წელს ზაალ თოხასძეს აუგია. 1902 წლის ექსპედიციის მასალებში ტაძრის წარწერებთან დაკავშირებით წერს შემდეგს: ბლოღოჩინმა დ. ხახუტოვმა მომახსენა რომ სამრეკოს ნანგრევებთან ნანახი ჰქონდა ორი ქვა ხუცური წარწერებით, რომლებიც ამჟამად ადგილზე აღარაა.

 
„ქ: მე თოჴასძემან ზაალ აღვაშენე წმიდა ესე ეკვტერი [ბოსაი სადრბლდ (შესავედრებელად?)] მშობელთა და შვილთა მიცვალებულთათვის, ქორონიკონსა რპა. ა~ნ“

აღმოსავლეთ ფასადის შუა სარკმლის ძირში იკითხებოდა წარწერა:

 
„ქ~ე შ~ე ხმთვდძე“

ბიეთის ტაძრის სამშენებლო წარწერა დაცულია სამკვეთლოდან საკურთხეველში გასასვლელი ღიობის ზემოთ. ეს ფაქტობრივად ორი ერთმანეთს მიყოლებული წარწერაა და ორივე იხსენიებს მშენებელს:

 
„ქ: ად~დე ხ~ში რ~ლ ესე საყდარი აღაშენა“

და

 
„ქ: წ~ო ღთის მშობელო მეოხ ეყავ ხ~შსა შვილითურთ ორთ~ვე შ~ნა ცხორებასა ა~ნ“


წარწერაში აგების თარიღი არ არის მითჲთებული, „ხ~ში“ ტაძრის მშენებელი თუ ქტიტორი უცნობია. ექვთიმე თაყაიშვილი მას ხვაშაქად კითხულობდა და მას თამარ მეფის თანამედროვე ხუაშაქი ცოქალთან (ქართლის ერისთავთ ერისთავის რატის დედა) აიგივებდა, თუმცა ტაძრის ხუროთმოძღვრება, დეკორატიული მორთულობა და წარწერის პალეოგრაფია აშკარად თამარის პერიოდზე გვიანდელია. გიორგი ბოჭორიძე სახელს კითხულობს როგორც ხოშა. გიორგი ბოჭორიძე ტაძრის დათარიღებისაგან თავს იკავებდა, ხოლო ვახტანგ ბერიძე კი მას XIV საუკუნის მეორე ნახევარს აკუთვნებდა.

ტაძრის სამხრეთით სამრეკლოც მდგარა. 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილს მისი მხოლოდ ნანგრევი უნახავს.

ექვთიმე თაყაიშვილს 1902 წლის ექსპედიციისას ბიეთის ტაძრის შესახებ ჰქონდა ძალზედ მწირი ცნობები. კერძოდ ხელთ ჰქონდა ბიეთის ტაძრის დიმიტრი ერმაკოვის ფოტო და ცნობები დიმიტრი ბაქრაძესი, რომელშიც ის ახსენებს დაძრიდან მღვდელ გვარამაძეს მიერ წამოღებულ წარწერიან ქვაზე, ქორინიკონით 215.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 362.
  • გ. მარსაგიშვილი, „ბიეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 648-651
  • ბერიძე ვ., „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, თბ.,1970

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17451

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  2. ე. თაყაიშვილი, МАК-XII, „Ахалцихский уезд, Биети“, მოსკოვი, 1909, გვ. 3-5
  3. გ. ბოჭორიძე, „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 35-38
  4. ბერიძე ვ., „სამცხის ხუროთმოძღვრება“, თბ., 1955 , გვ. 155-164