ბეორნი
ბეორნი — პერსონაჟი ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმიდან, ადამიანი მაქცია, დათვად გადაქცევის თვისებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა რასიდან იყო, ხოლმე გიგანტური შავი დათვის სახით დადიოდა.
გარეგნობა
რედაქტირება„ჰობიტში“ ბეორნი ასე არის აღწერილი:
„შორიახლოს ხელებდაკაპიწებული ადამიანი, შავი თმა-წვერით და დაკუნთული ფეხებით, უზარმაზარ ნაჯახს დაყრდნობოდა. კაცს შალის ტუნიკა ეცვა, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა“
| |
(„ჰობიტი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009)
|
განდალფი მას დიდ პიროვნებად თვლიდა. ხასიათი ბეორნს ფიცხი ჰქონდა, მაგრამ გულკეთილი იყო და მოგზაურებს კარგი მასპინძლობაც გაუწია.
წარმოშობა და ცხოვრება
რედაქტირებაბეორნის წარმოშობაზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილია. ვარაუდობენ, რომ იგი მომდინარეობდა პირველი ადამიანებისგან, რომლებიც შუახმელეთის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ. განდალფის ვარაუდით, იგი ადრე ნისლიან მთებშიც ცხოვრობდა.
ბეორნი კარგად იცნობდა მთაში გაყვანილ გვირაბებს და ეზიზღებოდა იქაური გობლინები (ორკები). დაფიცებულიც კი ჰქონდა, რომ ერთ დღეს ყველა ორკს გაანადგურებდა და სამუდამოდ გააქრობდა ნისლიანი მთებიდან.
ის ცხოვრობდა ბნელტევრსა და ანდუინს შორის, ქაროკის (ქარაფის) აღმოსავლეთით. მისი სახლი იდგა უძველესი გზის ჩრდილოეთით და აშენებული იყო მუხებისგან. ირგვლივ მაღალი მესერი ერტყმოდა. იქვე იყო მრავალი ბეღელი და თავლა, სადაც მისი ცხოველები ცხოვრობდნენ. თავად სახლი წარმოადგენდა გრძელ დარბაზს, ჰქონდა დამატებითი ოთახები და ვერანდა.
ბეორნის ეზოში ხარობდა მრავალი ყვავილი. ჰქონდა ფუთკრებით სავსე სკებიც. მასთან ცხოვრობდა მრავალი ცხოველი - ძროხები, ცხვრები, ცხენები, პონები და ძაღლები. ცხოველები ძალიან უყვარდა და მათ საკვების გამო არასოდეს კლავდა. თავად იკვებებოდა პურით, თაფლით, ნაღებით, ხილით და ფლობდა თაფლის კვერების საიდუმლო რეცეპტსაც.
ფაქტები
რედაქტირებაბეორნი შუახმელეთის სხვა მოსახლეებთან ნაცნობობას საიდუმლოდ მალავდა. მხოლოდ „ჰობიტიდან“ ხდება ცნობილი, რომ იგი კარგად იცნობდა ჯადოსან რადაგასტს.
მესამე ეპოქის 2941 წელს განდალფი ეწვია მას ბილბოსთან და 13 ჯუჯასთან ერთად. ორკებისა და ვარგების სახელის გაგონებაზე, როგორც კი სტუმრებმა დაიძინეს, ბეორნი იქცა დათვად, შეკრიბა სხვა დათვებიც და დაზვერა ახლომდებარე მიწები. მან გადაკვეთა ანდუინი, შეიპყრო ორკი და ვარგი, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ შეხვდნენ განდალფს. ისინი კვლავ ნადირობდნენ ჯუჯებზე. ბეორნმა სტუმრებს დროებით შესთავაზა პონები და სურსათ-სანოვაგითაც დატვირთა ისინი - ვინაიდან ნდობამ მათ მიმართ მასში უფრო იმატა. დილით სტუმრებს ორკის თავი მესერზე წამოცმული დახვდათ, ვარგის ბეწვიც იქვე ეკიდა.
თვეების შემდეგ ბეორნი დათვის სახით გამოჩნდა ხუთი ლაშქრის ბრძოლისას. იგი მოვიდა თორინის დასახმარებლად, რომელიც მძიმედ დაჭრეს და თავად გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. შემდეგ მან მოკლა ორკთა მეთაური ბოლგი. დანარჩენმა ორკებმა ველი შეშინებულებმა დატოვეს, მაგრამ ბეორნის გამოჩენით იმედმაც იმატა და ჯუჯების, ელფებისა და ადამიანთა ერთობლივმა ძალებმა მათ ერთად შეუტიეს და დაამარცხეს.
ბეორნი დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას, დაბრუნდა შინ განდალფისა და ბილბოს თანხლებით. ერთად დიდი ლხინი გამართეს, რომელსაც უამრავი ადამიანიც ესწრებოდა. შემდგომში ბეორნი დანიშნეს დიდ მეთაურად, მის ქვეშევრდომ ადამიანებს ბეორნინგები უწოდეს. მისი მიწები გადაიჭიმა დიდ მანძილზე. ამიერიდან ორკებს იქ მოხვედრის ეშინოდათ. იმ დროიდან, ბეორნინგები იცავდნენ დიდ უღელტეხილს და ანდუინის ფონის დიდ ნაწილს.
ცნობილია, რომ ბეორნი გარდაიცვალა ბეჭდის ომამდე. დარჩა ერთი შვილი - გრიმბეორნი. ვარაუდობდნენ, რომ შემდეგ თაობებში მისმა შთამომავლებმა შეინარჩუნეს დათვად გადაქცევის თვისება, მაგრამ ამის კონკრეტული მაგალითები არ არსებობს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაძველ ინგლისურში Beorn ნიშნავდა მამაკაცს, მეომარს. მაგრამ სულ თავდაპირველად მისი მნიშვნელობა იყო დათვი და მომდინარეობდა სიტყვისგან béo (bee, ფუთკარი).
სახელი ბეორნი აგრეთვე უკავშირდება ძველ ნორვეგიულ ენას და სიტყვას bjorn (დათვი). „ჰროლფ კრაკის საგაში“ ბიორნს (ან ბიარნს) უწოდებდნენ მამაკაცს, რომელიც დაწყევლილი იქნა და ამის გამო დღისით დათვის სახით დადიოდა, ხოლო ღამით კაცის გარეგნობა ჰქონდა. ბიორნის შვილ ბოთჰვარ ბიარკს შეეძლო ომში დათვის ფორმის არსების შეგზავნა. ბიარკი კი ნიშნავს პატარა დათვს.
ადაპტირებები
რედაქტირებაპიტერ ჯექსონის „ჰობიტში“ ბეორნის როლს ასრულებს შვედი მსახიობი მიკაელ პერსბრანდტი. 2003 წლის ვიდეო თამაშში ბეორნთან სტუმრობა არ ფიგურირებს, მაგრამ იგი ხუთი ლაშქრის ბრძოლისას ჩნდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბეორნი — საიტზე Tolkien Gateway