ბედიის ჭედური თასი
ბედიის ჭედური თასი ან ბედიის ოქროს ბარძიმი — ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, ოქროს ბარძიმი. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
აღწერილობა
რედაქტირებაბედიის ბარძიმი ბურთის მსგავსი უძირო თასია, გამოჭედილია ხალასი ოქროს (92%-იანი) ერთი მთლიანი მკვრივი ზოდისაგან (წონა — 752 გრ., სიმაღლე — 12,5 სმ, პირის დიამეტრი — 13.5-14 სმ, ძირი — 9.5-10 სმ); თასი ოდნავ მოდრეკილია. პირის კიდეებზე გარედან გამოყოფილია გლუვი ოლე (დაახლოებით 1 მმ სიგანის), სადაც მაცხოვრის გამოსახულების ოდნავ მარჯვნივ მთელ სიგანეზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: აფხაზეთის მეფე ბაგრატი და მისი დედა გურანდუხტი ბარძიმს სწირავენ მათ მიერვე ახლად აშენებულ ბედიის ეკლესიას.
მისი ზედაპირი სვეტებიანი თაღედით 12 არედაა დაყოფილი. თითოეული კამარის ქვეშ ანფასით განთავსებულია თითო ფიგურა. ორ კომპოზიციურ ჯგუფში არიან გაერთიანებული მჯდომარე და მდგომარე ფიგურები. ერთ მხარეს „საყდარსა ზედა მჯდომი“ ქრისტეა გამოსახული, მეორეზე კი — მჯდომარე ღვთისმშობელი ჩვილით. მათ შორის, მარჯვნივ და მარცხნივ, თაღედით შეკრულ წრეებში, ანფასში გამოსახული არიან ხუთ-ხუთი ფეხზე მდგომი მოციქულისა და მახარებლის ფიგურები. თითოეულ ფიგურას, ღვთისმშობლის გარდა, დართული აქვს მარცხნიდან მარჯვნივ გაყოლებული წარწერა. ყველა მდგომი ფიგურა კომპოზიციურად გაერთიანებულია მჯდომარე ფიგურასთან. ეს მიღწეულია თავების ოდნავი დახრილობით შუა ფიგურისკენ — ფეხთა ტერფების მიმართულებითა და ხელების მოძრაობით. ღვთისმშობლისგან მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახული არიან წმ. პეტრე და წმ. პავლე, ქრისტეს გვერდით კი — წმ. იოანე და წმ. იაკობი. გამოსახულებები მაღალ რელიეფშია გამოყვანილი. თავისა და პირისახის ნაკვთები ისეა გადმოცემული, როგორც თითქმის მრგვალ ქანდაკებაში. სწორედ ამიტომ ბედიის ბარძიმის ხანდაზმულობისა და მისი ხშირი ხმარების გამო ზოგან ნაკვთები გადახეხილია. მიუხედავად ამისა, მთლიანი ზოდიდან გამოჭრილი ბარძიმი არაჩვეულებრივი სიმკვრივისაა. გამორჩეული ოსტატობით არის შესრულებული მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ყრმა. უფალს, სამყაროს მეუფეს, მედიდური გამომეტყველება აქვს, ღვთისმშობელს კი — მწუხარე. დანარჩენი ფიგურები მოკლებული არიან ინდივიდუალობას.
ბედიის ბარძიმის რელიეფში აშკარად იგრძნობა მონუმენტის ძიებანი. ოსტატი დიდი მონდომებით და მხატვრულად გადმოსცემს ფიგურების სამოსს. ქრისტეს, ღვთისმშობლისა და ყრმის ჩაცმულობა გადმოცემულია მტკიცედ დადგენილი ხატწერით – მუდამ და უცვლელად გამეორებული ტრაფარეტით. სხვა შემთხვევაში ოქრომქანდაკებელი წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც მიჰყვება სამოსის ნაოჭების თავისუფალ დენას. ბარძიმის ზედაპირზე განთავსებული 12 ფიგურა (ოსტატმა არ გამოჭედა ორი მოციქული — ურწმუნო თომა და იუდა ისკარიოტელი) დეკორაციულად თაღედითაა გაერთიანებული. კამარები ეყრდნობა ორმაგ გრეხილ სვეტებს, ორივე მთავარი რგოლის კამარები კი – დამსხვილებულ ერთმაგ სვეტებს, რომლებიც ორნამენტირებულია ნაირნაირი სახეებით. ორნამენტული მორთულობა შესრულებულია ქანდაკებისებური და არა გრავირებული ან სევადით გამოყვანილი ნახატით. ასე რომ, ბედიის ბარძიმის შემსრულებლის ხელოვნებაში უკვე თავს იჩენს ოქრომქანდაკებლობის ახალი პრინციპები. ბედიის ბარძიმი X საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია ქართული ჭედური ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
ისტორია
რედაქტირებაბედიის ბარძიმი შესრულებულია 999 წელს. იგი ბედიის ტაძარს შესწირა აფხაზეთის მეფე ბაგრატმა და მისმა დედამ გურანდუხტმა.
ბოლო დრომდე თასი ინახებოდა ილორის სალოცავში, რადგან ბედიის ტაძარი ძლიერ იყო დაზიანებული. ამჟამად ბედიის ბარძიმისგან გადარჩენილია მხოლოდ ზედა ნაწილი (სადგარი აღარ აქვს, როგორც ჩანს, ბარძიმის პირვანდელი სადგარი დამოუკიდებლად ყოფილა დამუშავებული და მერე მიმაგრებული. გვიანდელი სადგარი XVI საუკუნეში მიუმატებიათ).
ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, არქეოლოგმა და ეთნოგრაფმა დიმიტრი ბაქრაძემ 1865 წელს, ილორის ეკლესიაში, ნახა ბედიის ბარძიმი და გამოაქვეყნა მისი აღწერილობა, მათ შორის ბარძიმის სადგარზე განთავსებული განმარტებითი წარწერა:
„ყ(ოვლა)დ წ(მიდა)ო დედოფალო, ვლაქერნისა ღმრთისმშობელო, შემიწყალე მე, ბედიელი მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე, რომელი ღისრს ვიქმენ კადრებად ფეხსა წ(მიდის)ა ამის ბარძიმისასა.“
|
თუმცა მეცნიერს არ გამოუქვეყნებია ბარძიმის სადგარის აღწერილობა. 1883 წელს დ. ბაქრაძე ხელმეორედ ესტუმრა ილორის ეკლესიას. ეკლესიის საგანძურის დათვალიერებისას მას ბედიის ბარძიმი ნაკლული სახით დახვედრია: „ჩემდა სამწუხაროდ, ამ ბარძიმს, როგორც 1883 წ. ადგილობრივ დავრწმუნდი, ახლა ფეხი მოკვეთილი აქვს და მის წარწერაც დაკარგულია“.
იმერეთის ეპიკოპოსი გაბრიელი, რომელიც ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 1868 წლის 27 (28) მაისს იმყოფებოდა, მეტად ღირებულ ცნობებს გვაწვდის ტაძარში დაცული საგანძურის შესახებ: „ნაშუადღევს დავათვალიერე ძველი ხატები, რომლებზეც ბევრი ისტორიული წარწერაა ქართულ ენაზე. პატარა, ვიწრო და ნესტიან ეკვდერში, ჩრდილოეთის მხრიდან, რკინით შემოჭედილ სკივრში დაცულია ვერცხლისა და ოქროს სრულიად სხვადასხვა სახისა და წარმოშობის უამრავი ნივთი და ქვა. აქ არის უიშვიათესი ფორმის წარწერებიანი უძველესი საეკლესიო ჭურჭელი, არის ძეწკვები, ბეჭდები, ადამიანებისა და ფრინველების ვერცხლის ფიგურები. ზოგიერთი ნივთი იმდენად ორიგინალურია, რომ არქეოლოგიური მიზნებისთვის ღირს მისთვის სურათის გადაღება და აღწერა“. ეპისკოპოსმა გაბრიელმა დეკანოზ დავით მაჭავარიანს ილორის საგანძურის ნუსხის შედგენა და ხატებსა თუ ძვირფას ნივთებზე არსებული წარწერების გადმოწერა დაავალა. უცნობია დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა დავალება შეასრულა თუ არა, რადგან მის მიერ შედგენილი ილორის სიწმინდეების ნუსხასა და გადმოწერილ წარწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია.
1876-1881 წლებში საქართველოს სტუმრობდა იტალიელი მოგზაური კარლა სერენა. კ. სერენამ 1882 წელს ფრანგულ ჟურნალ „Le Tour du monde“-ში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „Excursion au Samurzakan et en Abkhazie — მოგზაურობა სამურზაყანოსა და აფხაზეთში“, სადაც ვეცნობით მის შთაბეჭდილებებს ილორის ტაძარში სტუმრობის შესახებ: „1881 წლის ნოემბერში ილორის ეკლესიისთვის სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარებიათ. როდესაც მე იქ მივედი, მიწაზე მობნეული ეკლესიის საგანძური ვიხილე. მღვდელი ზოსიმე ხელაია დამეხმარა მათ აკრეფაში. რარიგ გაოცდა ის, როდესაც იხილა თუ როგორ ვალაგებდი ამ ძღვენს სამრეკლოს მომიჯნავე გალავნის კედლის თავზე და ვთხოვდი მას საგანძურთან ერთად ფოტოს გადაღებას. თქვენ აქ ხედავთ ამ ფოტოს რეპროდუქციას. როდესაც მე დავასრულე ფოტოგადაღება, მღვდელმა მისდამი რწმუნებული ეკლესიის საგანძური შეინახა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ოდეს იხილა თუ რარიგ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი საგანძურის აღბეჭდვას, რომელიც ჩემთვის უბრალოობისა და გულუბრყვილო ორიგინალობის ძვირფას ნიმუშს წარმოადგენდა“.
1888 წელს ილორში იმყოფებოდა ა. პავლინოვი, რომელსაც 1893 წლის „კავკასიის არქეოლოგიური მასალების“ III გამოცემაში მოჰყავს დ. ბაქრაძის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ოქროს ბარძიმსა და მასზე დატანილი წარწერების შესახებ. რაც შეეხება დანარჩენ წარწერებს, რომელიც იმერეთის სამეფოს XVI-XVII საუკუნეების ისტორიას შეეხება, სტატიის ავტორი არაფერს გვეუბნება, რადგან ვერ უპოვიათ. სტატიას ერთვის ფოტო, სადაც აღბეჭდილია ბედიის ნაკლული ბარძიმი, ილორის ბარძიმთან და სამირონე მტრედთან ერთად. ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ნაპოვნი ვერცხლის ბარძიმის ზედაპირი ისევე, როგორც ბედიის ოქროს ბარძიმისა, თაღედით რვა ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ თაღში მოთავსებულია ფიგურა. შუა თაღედში გამოსახულია აღსაყდრებული მაცხოვარი მაღლა აღმართული მაკურთხებელი მარჯვენით, მარცხენა ხელში სახარებით. გვერდით თაღედში გამოსახულია მაცხოვრისაკენ გადახრილი მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ბარძიმითა და ფეშხუმით. ილორის ბარძიმის თასის პირს მიუყვება ქართული ასომთავრული ერთსტრიქონიანი სავედრებელი წარწერა. ილორის ბარძიმი ბედიის ბარძიმის ანალოგიური იყო, მხოლოდ უფრო მცირე ზომის. დ. თუმანიშვილი: „იმდენად დიდია მსგავსება ამ ორ ნივთს შორის, რომ ეს მეორე ბარძიმიც აშკარად ბედიის ბარძიმის დროინდელია და ადვილი შესაძლებელია, ისიც იმავე ბედიის საყდრის საკუთრება იყოს. ეს ფოტოსურათი იმითაცაა საინტერესო, რომ ძეგლი აქ მთლიანი, სრული სახითაა აღბეჭდილი და საშუალება გვეძლევა დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ როგორი ფეხი უნდა ჰქონოდა ბაგრატ მეფის ოქროს ბარძიმს“. ილორის ბარძიმისა და სამირონე მტრედის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.
ეპისკოპოსი ამბროსი (ხელაია) ნაშრომში „ბედიის ტაძარი“, ბედიის ბარძიმის ისტორიისა და ბარძიმის სადგარზე დატანილი წარწერის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის: „ბაგრატის ბარძიმის ფეხის შემმკობი მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე ცხოვრობდა მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში და, თუ ის ბაგრატის ბარძიმის ფეხის გამკეთებელია და არა მხოლოდ შემმკობი, როგორც წარწერაში თვითონ გვეუბნება, მაშინ ბაგრატის ბარძიმის პირვანდელი ფეხი, უეჭველია, დაკარგული იქნება მიტროპოლიტი გერმანეს დრომდე“.
ბედიის ჭედური თასი ილორის ტაძარში ინახებოდა 1936 წლამდე, ვიდრე არ იქნა გადატანილი აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ქ. სოხუმში. იქ, 1936 წელს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილს მიეცა საშუალება გამოეკვლია და ფოტოები გადაეღო ხელოვნების ნიმუშისაათვის[1][2]. 1942 წელს დიდი სამამულო ომის დროს, მუზეუმში საიმედო სეიფის არქონის გამო, მუზეუმის დირექციამ ის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა, სადაც დღემდე ინახება.
ბედიის ბარძიმი XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს, კერძოდ, 1979 წელს გამოიფინა ჟენევაში, 1981 წელს ვენაში, იმავე წლის დეკემბერსა და 1982 წლის იანვარში ქ. ბელგრადში, 1982 წელსვე პარიზში, 1997 წელს კი ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შარია შ., „ბედიის სამონასტრო კომპლექსი“, თბილისი, 2021, გვ. 130-138
- ყენია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 266.
- ჩუბინაშვილი გ., „ბედის ოქროს ბარძიმი“, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“, 1940, ტ. 10 – B.
- გოცირიძე გ., „ბედიის ბარძიმი“, ხელოვნება, თბილისი, 1984
- Кация А., «Илори : Памятник ХI века», Сухуми, 1963