ბაიკალური დანაოჭება
ბაიკალური დანაოჭება (რუს. Байкальская складчатость) — დედამიწის ქერქის დანაოჭება კამბრიულისწინა დროის გვიანდელ მონაკვეთში. ტერმინი შემოიღო რუსმა გეოლოგმა ნიკოლოზ შატსკიმ 1932 წელს. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ ბაიკალური დანაოჭება მოიცავდა მხოლოდ ზედაპროტეროზოურ დროს, ამჟამად ბაიკალური დანაოჭების ხანგრძლივობად მიღებულია დროის გაცილებით უფრო დიდი მონაკვეთი (1500-1200 მლნ. წლიდან 500 მლნ. წლამდე), ე.ი. მთელი პროტეროზოური ერა და ქვედაკამბრიული. უფრო სწორი იქნება თუ ბაიკალიდებს (ბაიკალური დანაოჭებით გაჩენილ მთათა სისტემებს) მხოლოდ რიფეულ დროს ჩამოყალიბებულ ნაოჭა სისტემებს მივაკუთვნებთ და არ გავავრცელებთ მას ადრინდელ პროტეროზოურზე და ადრინდელ კამბრიულზე. ასეთი მოცულობით ბაიკალური დანაოჭება დასავლეთ ევროპაში გამოყოფილი ასინტური დანაოჭების შესატყვისი იქნება. ბაიკალიდების ტიპობრივი წარმომადგენელია ციმბირის ფარის სამხრეთ კიდეზე განვითარებული ნაოჭა კომპლექსი — საიან-ბაიკალის მთიანეთი და ირკუტსკის ამფითეატრი. მაგრამ მეტ-ნაკლებად რეგენერირებული და გადამუშავებული ბაიკალიდები მრავალი პალეოზოური და ალპური ნაოჭა სისტემის (ურალის, ყაზახეთის, ტიან-შანის, კავკასიონის, ირანის, თურქეთისა და სხვ.) სუბსტრატის აგებულებაში მონაწილეობს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ბაიკალურ დანაოჭებას სამხრეთ ნახევარსფეროს კონტინენტური ბაქნების ჩამოყალიბებაში. სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის ბაქნების საბოლოო ფორმირება სწორედ პროტეროზოური ერის მეორე ნახევარში (რიფეულში) გამოვლენილმა მოძრაობებმა განაპირობეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 156.
- Зайцев Н. С., особенности тектонического строения Саяно-Алтайской складчатой области, წგნ.: Складчатые области Евразии, М., 1964;
- Салоп Л. И., Геология Байкальской горной области, т. 2, М., 1967.