ბადრი კაკაბიძე (დ. 5 თებერვალი, 1959, წყალტუბო, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ბიზნესმენი.

ბადრი კაკაბიძე
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1959 (1959-02-05) (65 წლის)
წყალტუბო
საქმიანობა ბიზნესმენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1977 წელს დაამთავრა ხონის პირველი საშუალო სკოლა. 1979 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სამაცივრო მრეწველობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასწრებულ განყოფილებაზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბადრი კაკაბაძემ განაწილებით დაიწყო მუშაობა ლენინგრადის სამაცივრო კომბინატ „პეტროხოლოდში“ ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე. იგი ორიოდ წელში ტექნოლოგიური საამქროს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 1989 წელს კი მრავალათასიანმა კოლექტივმა კომბინატის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აირჩია. 1993 წელს ამავე საამქროს ბაზაზე შეიქმნა ღია სააქციო საზოგადოება, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკვები პროდუქტით ვაჭრობა და ნაყინის წარმოება-რეალიზაცია შეადგენდა. დღეისათვის ბადრი კაკაბაძის კუთვნილი „პეტროხოლოდი“ 200 სავაჭრო კომპანიასთან თანამშრომლობს, რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში კი ქართველი ბიზნესმენის სააქციო საზოგადოება ნაყინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

1990-იანების დასაწყისში ბადრი კაკაბაძე სანქტ-პეტერბურგში ქართული ასოციაციის „ივერიას“ თავმჯდომარედ აირჩიეს. 1992 წლიდან საზოგადოებას ეწოდება: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია სანქტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერია“. აღსანიშნავია, რომ სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო ერთ-ერთი უძველესია ქართულ დიასპორათა შორის. პირველი ქართული სათვისტომო „თერგდალეულთა სახელწოდებით, 1861 წელს ჩამოყალიბდა და მის პირველ ხელმძღვანელად ილია ჭავჭავაძე აირჩიეს. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია გახდა პირველი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, რომელმაც გააერთიანა ძველი ქართული ემიგრაციის შთამომავლობა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა. ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი დღეს წარმატებით აგრძელებს სახელოვანი წინაპრის მიერ დაწყებულ საქმეს. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სათვისტომოს წევრების ერთობლივი ძალისხმევით სანქტ-პეტერბურგში ჩამოყალიბდა ქართული ყოფიერების შემსწავლელი ისეთი ინსტიტუტები, რომლებმაც დიდი დახმარება გაუწიეს ლტოლვილებს დაეძლიათ ნოსტალგია და შეგუებოდნენ ემიგრაციაში ცხოვრების სიძნელეებს.

1993 წლის 5 მარტს სანქტ-პეტერბურგის შესტოკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია გადაეცა ქართულ სათვისტომოს. ამავე წლის ნოემბერში აღევლინა პირველი ღვთისმსახურება. ბადრი კაკაბაძე განსაკუთრებით ამაყობს, რომ სათვისტომოს დახმარებით შესაძლებელი გახდა ქართველ მრევლს ქართულ ეკლესიაში ელოცა. ეკლესიის შენობის აღდგენა სანქტ-პეტერბურგელი ქართველების უპირველესი საზრუნავი იყო. ერთ წელიწადში სარდაფ-სართულში სამლოცველო გამართეს. 1993 წლის მარტში ქართველების დაფინანსებით დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის ათი წელი გაგრძელდა. 2020 წლის 19 მაისს შედგა ტაძრის კურთხევა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოცკაციანი დელეგაცია ესწრებოდა. ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე. ქართული დიასპორა დღეს 35 000 კაცს ითვლის, მათ შორის დაახლოებით 10 000 აფხაზეთიდან დევნილია. სათვისტომოს კარი არსებობის პირველი წლებიდანვე ღია იყო აფხაზეთიდან დევნილთათვის. 1992-1994 წლებში 5000-მდე ლტოლვილმა გაიარა რეგისტრაცია საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. შეჭირვებულთა ერთ-ერთი საზრუნავი ბავშვთა სწავლა -განათლების საკითხიც იყო. აუცილებელი გახდა სკოლის გახსნა. ეს მოხდა 1995 წელს. სათვისტომოს გამგეობა ყველანაირად ცდილობდა პეტერბურგის ტელევიზიისა და პრესის საშუალებით სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ეუწყებინა საქართველოს შესახებ. ქართულმა სათვისტომომ დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგის უნივერსიტეტში არმენოლოგია-ქართველოლოგიის კათედრის აღდგენის, კაბინეტის მოწყობის, სტუდენტების სტაჟირების, წიგნებითა და სახელმძღვანელოებით მომარაგებაში.

ბადრი კაკაბაძემ დააფინანსა ხონის რაიონის სოფელ პატარა კუხის ეკლესიის მშენებლობა; ააშენა სამონასტრო კომპლექსი; აღადგინა და მოაწყო ხონის სპორტული სკოლის ფეხბურთის მოედანი; გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია ხონში ირაკლი აბაშიძიასა და პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმებსაც. კეთილმოაწყო მათი ეზო-გარემო და გაალამაზა მიმდებარე ტერიტორიები. დიდია მისი წვლილი თბილისში, ვაშლოვანის ქუჩაზე არსებული ექვთიმე თაყაიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის კეთილომოწყობაში. მამულიშვილური საქმეების განხორციელებაში ბადრი კაკაბაძეს მხარში უდგას მისი მეუღლე, ნატო ტურაბელიძე. იგი პროფესიით ექიმი-პედიატრია. გამოქვეყნებული აქვს მეცნიერული პუბლიკაციები. ქალბატონი ნატო პირადად კურირებდა ქართული საშუალო სკოლის საქმიანობას, პარალელურად ხელმძღვანელობდა განათლების სექტორს საერთაშორისო ასოციაციაში - „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“.

ბადრი კაკაბაძის უფროსმა ვაჟმა, დათომ, მომავალი საბანკო სფეროს დაუკავშირა, იგი სანქტ-პეტერბურგის საფინანსო-ეკონომიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ქალიშვილმა, ნათიამ, მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო აკადემია დაამთავრა და სწავლა ტურიზმის მიმართულებით ესპანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გააგრძელა. მართლმადიდებლური ქრისტიანობის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისათვის რუსეთის სინოდისა და რუსეთის პიროვნებათა პალატის გადაწყვეტილებით 1999 წელს ბადრი კაკაბაძე დაჯილდოვდა წმ. გიორგის I ხარისხის ორდენით და მიენიჭა თავადის წოდება. ამავე წელს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით პეტერბურგში ქართული სათვისტომოს ჩამოყალიბების ორგანიზაციაში და მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუხალაშვილი გ. ბადრი კაკაბაძე // კუხალაშვილი გენადი. ჩემი ცხოვრების ქარტეხილები. თბ., 2019 გვ. 375-382.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება